“ერთმანეთის სიყვარულზე და გატანაზე მნიშვნელოვანი არაფერია, არავის მივცემ უფლებას რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს”

ჟურნალი Ok დეკემბრის ახალ ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს ნანიკო ხაზარაძესა და ნიკა ლომიძესთან, რომლებსაც, გარდა ტელეპარტნიორობისა, დიდი მეგობრობაც აკავშირებთ.

,,ერთმანეთის სიყვარულზე და გატანაზე მნიშვნელოვანი არაფერია… ახლა რაღაცები დგება მე და ნიკას შორის… არავის მივცემ უფლებას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს…“, აღნიშნავს ნანიკო.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ თქვენს ურთიერთობაში?

(ნიკა): მე ვფიქრობ, ასეთი გულწრფელი და ქვენა აზრების გარეშე ურთიერთობა ძალიან იშვიათია.

(ნანიკო): კეთილი ადამიანები გვაკეთილშობილებენ, ბოროტები გვაბოროტებენ – ეს ყველაფერი გადამდებია, მაგრამ ჩემსა და ნიკას მეგობრობაში არის რაღაც ისეთი, უთქმელი, რომელიც გვაძლიერებს. ეს რაღაც მოგვაქვს დღემდე და ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის, რადგან ჩვენს მეგობრობას ამყარებს.

(ნიკა): ბოლო პერიოდში შესაძლოა ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ურთიერთობას. სწორედ იქიდან ვაგრძელებთ ხოლმე, სადაც გავჩერდით.

2025 წლისთვის რას უსურვებთ ერთმანეთს და ზოგადად, საზოგადოებას?

(ნანიკო): ადამიანებს ვუსურვებ სილაღეს. ჩვენი ასაკი შესაძლოა ამ სილაღისა და ხუმრობის შესაძლებლობას არ გვაძლევდეს და არც ის ვითარება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ ეს სილაღე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. წრფელი სიყვარული და ერთმანეთის თავდაუზოგავი გატანა – ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

(ნიკა): მეგობრებმა არ უნდა დაკარგოთ ბავშვობა და ის წრფელი ურთიერთობა, რაც მაშინ გქონდათ.