“როდესაც მაკრიტიკებენ მლანძღავენ და მაბრალებენ, ეს უფრო კარგად მოქმედებს”

გიორგი ოვაშვილის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის გიორგი ოვაშვილი?

გიორგი ოვაშვილი: მე ჯერ კარგად არ ვიცი, ვინ არის გიორგი ოვაშვილი. მუდმივ კონტაქტში ვარ და ვცდილობ, უკეთ გავიცნო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიგე, რა უნდა ან რატომ მოვიდა ამ სამყაროში – რა მისია აქვს. მასთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უმეტესობაზე პასუხი ჯერ არ მიმიღია.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ისეთი, როგორითაც ვცხოვრობ. ოცნებები ბავშვობის მერე არ მქონია. მხოლოდ მიზნები მაქვს, ამიტომ ოცნება რა არის, არ ვიცი. დღევანდელი რეალობა ისეთია, როგორიც მინდა, იყოს. ხშირად ვეკითხები გიორგი ოვაშვილს, რისი შეცვლა გინდა? ამაზე პასუხი არ აქვს. არა მგონია, რამის შეცვლა უნდოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ცვლილებები ნამდვილად არ მინდა. მგონია, რომ გზა სწორად ავირჩიე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, მაგრამ თავიდან რომ მიწევდეს არჩევნის გაკეთება, მაინც ამ გზით წავიდოდი.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, შეიძლება, გძულდათ კიდეც?

– კი, ასეთი რამეების კეთება გვიწევს ცხოვრებაში, მაგრამ იმ მომენტში ხვდები, რომ სურვილით კი არ უნდა აკეთო, არამედ საჭიროებისთვის. ვფიქრობ, ასეთი მომენტი ყველას გამოუცდია. მაგალითად, სტუდენტობის დროს მეგობრებთან ერთად ხშირად ვმუშაობდი ისეთ ადგილებში, სადაც მუშაობა საერთოდ არ მოგვწონდა, მაგრამ გვინდოდა, ფული შეგვეგროვებინა იმისთვის, რომ ზაფხულში დასასვენებლად წავსულიყავით. ეს იყო ჩვენი გამართლება და ძალიან მძიმე სამუშაოზეც გვიმუშავია, რომ მერე დრო გაგვეტარებინა.

– რამდენად გულჩვილი ხართ?

– არ ვიცი. გულჩვილობის განსაზღვრა მიჭირს. თანაგრძნობა, მგრძნობიარობა, სხვისი წუხილის გაზიარება – ეს არის გულჩვილობის დამახასიათებელი? თუ ასეა, მაშინ, ალბათ, ვარ. თუ გულჩვილობა ისაა, რომ ისეთი რამეების გამო ხდება შენში ემოციური ცვლილებები, როგორიც მულტფილმის ყურებაა – კი, ზოგიერთ მომენტში შეიძლება, ამეტიროს კიდეც. შეიძლება, ადამიანის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოვუსმინო, რამაც ძალიან იმოქმედოს ჩემზე. მგონი, ყველა ადამიანი ასეთია, არაფერი განსაკუთრებული.

– მამაკაცი და ცრემლი – ბევრი მალავს, არ უყვარს ემოციების საჯაროდ გამოვლენა. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– მგონი, სტერეოტიპია, რომ მამაკაცმა არ უნდა იტიროს. ბავშვობაშიც ხშირად მეუბნებოდნენ: როგორ შეიძლება ტირილი, ბიჭები არ ტირიანო. არასდროს მესმოდა, რატომ არ ტიროდნენ ბიჭები, რა განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდათ ან ვინ დააწესა ასე?! არასდროს მესმოდა, რატომ უნდა იტირონ ქალებმა და არ უნდა იტირონ კაცებმა. არ ვიცი, მე როცა მეტირება, ვტირი. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი სქესის გამო ცრემლი უნდა შევიკავო.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ალბათ, რამდენიმე პროექტს განვახორციელებდი, რაც ძალიან მინდა, თუმცა, ძალიან დიდი ფინანსები და დრო სჭირდება. თუ მილიონებს მოვიგებდი, საქმეს გავიმარტივებდი.

– გინდათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– არა მგონია ასეთ სურვილებს რამე მოჰქონდეს ადამიანისთვის. თუ მიზანი გაქვს, ამისთვის რაღაც უნდა გააკეთო. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. შედეგი მხოლოდ სურვილის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ცხოვრებაში ყველაფრის მიღება შეგვიძლია, უბრალოდ, ხშირად ამის არ გვჯერა და მხოლოდ ამის გამოა, რომ ადამიანს არაფერი გამოსდის.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რომელსაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ყველა ნაბიჯი, რაც გადავდგი, მიუხედავად შედეგისა, გამართლებისა და არგამართლებისა, ვფიქრობ, რომ იმ ცხოვრების ლოგიკის ნაწილი იყო, რომლითაც ვცხოვრობ. საბოლოო ჯამში, არ მიმაჩნია, რომ ადამიანები რაღაცას არასწორად აკეთებენ. ყველა ნაბიჯს, რომელსაც ვდგამთ, თავისი მიზეზები აქვს, შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი რაღაც საჭიროებით და აუცილებლობით იყო განპირობებული. ამიტომ, რომ ვინანოთ, არა მგონია, სწორი იყოს.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– არა, არ მახსენდება ასეთი რამ, ბავშვობიდანაც კი. ალბათ, ვერც ვერასდროს მოვიპარავდი, იმიტომ, რომ ძალიან მკაცრად იყო ეს საკითხი ჩემთან დასმული. თავიდანვე მესმოდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი საქციელია.

– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ პაემანზე?

– ერთი დამახასიათებელი მომენტი ის იყო, რომ პაემანზე ყოველთვის მე ვაგვიანდები, ადრე არასდროს მივსულვარ. ეს ნამდვილად არ მიხაროდა, მაგრამ სულ ასე მემართებოდა. ამის გამო ვიღაცები დამიკარგავს კიდეც – ამაყი გოგონები, რომელთათვისაც ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ და თუ ახერხებთ მის გარეშე ცხოვრებას?

– ტყუილი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მოვლენაა ჩემთვის, რომელიც ალბათ, არ შემიძლია, ვინმეს ვაპატიო. სხვა ყველაფრის პატიება შემიძლია. თუ ადამიანი გატყუებს, მის კამპანიას უნდა გაეცალო. ყოველთვის ამ პრინციპს მივყვებოდი და სხვისი მოტყუებაც აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. მხედველობაში არ მაქვს, ხუმრობა, ამბის მოგონება მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთო ან სხვები გაართო, ეს უფრო ხუმრობაა, ვიდრე ტყუილი, მაგრამ ტყუილი, რომელიც ვინმეს აზარალებს, ერთ-ერთი ყველაზე რთულად საპატიებელია ჩემთვის.

– მიმნდობი ხართ?

– კი, მიმნდობი ვარ და იმედგაცრუებაც ძალიან ხშირად გამომიცდია.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი არ ვიცი, მაგრამ მუშაობის პროცესში ძალიან მომთხოვნი ვარ სხვების მიმართ. შეიძლება, ზედმეტადაც. ხშირად წონასწორობასაც კი ვკარგავ, თუ ადამიანი გულით არ ასრულებს თავის სამუშაოს, რომელიც უშუალოდ ჩემს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. გადასაღებ მოედანზე ზოგჯერ ცოტა უხეშიც ვყოფილვარ და ცოტა არასამართლიანიც. შეიძლება, ადამიანს ამდენი არ უნდა მოსთხოვო.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაზე დიდ გამართლებად თუ გამარჯვებად ჩემი შვილები მიმაჩნია. ეს არის ყველაზე დიდი, რისი შექმნაც ადამიანს შეუძლია, ანუ, ცხოვრების გაგრძელება.

ყველაზე დიდი მარცხი… არ ვიცი, არ მაქვს ეგ განცდა. მარცხი ბევრი მქონია, მაგრამ ისეთი, რომ დიდი და მტკივნეული ყოფილიყო, ისეთი, რომელსაც დიდი გავლენა მოუხდენია ჩემს ცხოვრებაზე, არ მახსენდება. ჩვენ ვიზრდებით, ვიცვლებით, ვიბრძვით და ვივიწყებთ იმას, რამაც ოდესმე ხელი შეგვიშალა. არ მომწონს, როცა ცუდ მომენტებს ვიმახსოვრებთ და მერე ხელს გვიშლის. ჩემი პრინციპი მუდმივი მოძრაობაა და სულ რომ ვიარო, რაც იყო, ის უნდა დავივიწყო.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე, კარგიც და ცუდიც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?

– ბევრი უსამართლო ლანძღვა და ბრალდებები მომისმენია ჩემ შესახებ. თავიდან სენსიტიური ვიყავი ამ მხრივ, მერე მივხვდი, რომ ეს ყოველთვის იქნება თუ შენ ცდილობ, რამე გააკეთო. თუ რამეს აკეთებ, მისი შეფასების სურვილიც აუცილებლად ექნება ვინმეს და ამაზე უკვე არ ვრეაგირებ. ხშირად ყოფილა მუქარა სიცოცხლის მოსპობით, იმის გამო, რომ „რაღაცას არასწორად ვაკეთებ“, რომ „ვიღაცის დავალებებს ვასრულებ“ და კიდევ ბევრი სისულელე, მაგრამ უკვე აღარ ვრეაგირებ. ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მსუბუქად უნდა მიიღო.

კარგისთვის კი არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ქება ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს და ჩემზე პოზიტიურად არ მოქმედებს, უფრო დისკომოფრტს მიქმნის, ვიდრე კომფორტს. სიმართლე გითხრათ, ჩემზე არც ქება მოქმედებს და არც ძაგება. გარკვეულწილად ნეიტრალური ვარ გარე სამყაროს მიმართ. პირიქით, როდესაც მაკრიტიკებენ, მლანძღავენ და მაბრალებენ, ეს უფრო კარგად მოქმედებს, ეს ბოლო პერიოდში ძალიან მახალისებს, ესე იგი, ადამიანები წუხან, ფიქრობენ, განსჯიან და ეს ძალიან საინტერესოა.

– პროფესიის მიღმა, ყოველდღიური საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ?

– ძალიან მიყვარს მიწასთან ურთიერთობა. ხშირად მოვდივარ სოფელში, ძეგვში. აქ მაქვს მშობლების ბაღი და სახლი. ისინი აღარ არიან, მაგრამ მე მოვდივარ, რომ აქაურობას სიცოცხლე შევუნარჩუნო. აქაურობა მომწონს და მეხმარება არსებობაში. რომ არა ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი, ალბათ, აქამდე დავიღუპებოდი. იმდენად მიყვარს ბუნებასთან კომუნიკაცია, შემიძლია, დაუსრულებლად ვიარო მთასა თუ ტყეში. არ მიყვარს ქალაქის გაუთავებელი საცობები, ქალაქის მძიმე რიტმი. ქალაქში მანქანით შეხვედრაზე გასვლა ჩემთვის უკვე წარმოუდგენლად რთულია და ვცდილობ, თავი ავარიდო.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე მეტად ჩემი შვილებით ვამაყობ.