რა არის პაატა შავაძის წარმატებული კარიერის საფუძველი და პრინციპები რასაც არასდროს ღალატობს

რა არის პაატა შავაძის წარმატებული კარიერის საფუძველი და პრინციპები რასაც არასდროს ღალატობს

ჩვენს ქვეყანაში კარგად ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე საკუთარ სამშობლოზე, პროფესიასა და ოჯახზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, წარმატებას დაუღალავი შრომითა და მტკიცე ხასიათით მიაღწია და მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, დღემდე აქტიურად აგრძელებს თვითგანვითარებას. ყოველწლიურად ასახელებენ ქვეყნის საუკეთესო ადვოკატებს შორის, მათ შორის ზედიზედ ხუთჯერ „წლის პერსონად“ თუ ქვეყნის „წარმატებულ სახედ“, მისი ბიოგრაფია არაერთ გამოცემაშია შეტანილი. პაატა სამართლის დოქტორი,პროფესორი და საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსია.

პაატა შავაძე: ჩემი მშობლები სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ჩემი აღზრდა ბებიამ, ბაბუამ და ბიძამ იტვირთეს, ქუთაისში, დედულეთში დავიბადე, მეამაყება რომ ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ექიმის, ქართული რენტგენოლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ამ სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ალექსანდრე შავაძის შვილი ვარ. ექიმების ოჯახში აღვიზარდე, ჩემი დედაც, ნანი ჭანჭალეიშვილი, დამსახურებული ექიმი და ჩვენში კარგად ცნობილი პედიატრია, მის ანგარიშზე უამრავი პატარის გადარჩენილი სიცოცხლეა, იგი დღესაც აგრძელებს ამ ღვთიურ მოღვაწეობას.მყავდა ძმა კახა, ასევე ჩემი კოლეგა,რომელიც წლების წინ დავკარგე…უკურნებელმა სენმა შეიწირა…

იურისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პროფესიულ არჩევანზე გავლენა ჩემმა ბიძამ,პროფესორმა რომან შენგელიამ იქონია, რომელიც წარმატებულ იურისტთა არაერთი თაობის აღმზრდელია. ვამაყობ იმ გზით რაც გავიარე და რასაც დღემდე გავდივარ. ქართული იურიდიული მეცნიერების პატრიარქის-გივი ინწკირველის მოწაფე და ხელდასმული ვარ..16 წელი ვიყავი ბათუმის იურიდიული აკადემიის რექტორი, რომელიც იყო სამხრეთ- დასავლეთ საქართველოში იურისტი კადრების აღზრდის უძლიერესი კერა, იურისტთა თაობები აღვზარდე და მათი უმრავლესობა დღეს წარმატებული მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები არიან, ვფიქრობ ის პერიოდი როცა უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელს ვხელმძღვანელობდი, საკმაოდ ნაყოფიერად განვვლე. არაერთი იურიდიული ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, ავტორი თუ თანაავტორი ვარ, იურიდიულ მეცნიერებას სრულიად ახალგაზრდამ, 25 წლისამ ვეზიარე, წარმატებით დავიცავი დისერტაცია თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად-საკმაოდ ურთულეს და საინტერესო პრობლემურ თემაზე, ბუმბერაზი მეცნიერების წინაშე წარვდექი. ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა და ბევრი გავაკეთე ამ დარგისთვის.

_როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?

_ტიტანური და დაუღალავი შრომით, თუ ეს შენს ხასიათში არ ზის, წარმატება არ მოვა, მით უმეტეს ჩვენს პროფესიაში. ადვოკატობა იგივე ხელოვნებაა, ძალიან სპეციფიური პროფესიაა, რაც დიდ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ძალიან ბევრ ყოფილ მოსამართლეს უჭირს ადვოკატობა. მე ფაქტობრივად გვერდზე გადავდე ჩემი ცხოვრება, იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს საქმეს, თუ წამით მაინც არ იქნები ტონუსში, უბრალოდ დაიკარგები. რასაკვირველია, ყოველთვის ისე არ მიდის საქმე, როგორც ჩვენ გვინდა და თუ დამიჯერებთ ასეთ მომენტებს კლიენტზე მეტადაც კი განვიცდი.

_რა ღირებულებებს ემსახურებით?

_ჩემთვის მთავარია უღალატობა და კეთილსინდისიერება, ტყუილი, ღალატი, თვალთმაქცობა, ზერელე დამოკიდებულება, სასტიკად მიუღებელია. თუ მე ადამიანი მენდობა, ბოლომდე მისი ერთგული ვრჩები.

_თქვენი ოჯახი გაგვაცანით

_მეუღლე– ნათია ბურჭულაია ჩემი კოლეგაა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოღვაწეობს, იუსტიციის კაპიტანია და მაიორობისთვის ემზადება. ძალიან ნიჭიერი გოგონაა. გვყავს ქალიშვილი–ტასო, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერია და მინდა რომ იურისტი გახდეს. ბიჭი ნიკუშა, ასევე უნიჭიერესია, რამდენიმე ენის ცოდნას ფლობს, ჭკვიანი ბიჭია, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით წავიდა, წარმატებით დაამთავრა მაგისტრატურაც. ახლა დოქტურანტურისათვის ემზადება, მიზანსწრაფულია ჩემსავით, სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ შვილებთან დროის გატარებას, რასაც ძალიან განვიცდით მეც და ისინიც. მყავს ერთი შვილიშვილიც, ორი წლის ხდება ახლა, უზომოდ საყვარელი მაშო.

_რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

_ოჯახი ჩემი სიმშვიდე, ღირსება მორალი და ჩემი სამლოცველოა, სადაც შესვლაც მომენტალურ სიმშვიდეს მგვრის, თუ ეს ატმოსფერო არ ტრიალებს ოჯახში, შეუძლებელია, გარეთ წარმატებას მიაღწიო. კაცს რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ოჯახს, ვერც მართლმადიდებელი იქნება, ვერ სამშობლოს შეიყვარებს და ვერც მეგობარს. ამიტომ ოჯახი ყველაფრის საწყისია, რომელზე წინაც ვერასდროს ვერაფერს დავაყენებ. მიმაჩნია რომ ბედნიერი კაცი ვარ იმ შენაძენით , რასაც ოჯახი ჰქვია, მშობლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შენი შვილები პატიოსნები და სამშობლოს მოყვარულები არიან, ამ მხრივ ჩემი მისია შევასრულე. კარგი შვილების მამა ვარ..

_საკმაოდ დიდი ავტორიტეტი გაქვთ ჩვენს ქვეყანაში, როგორც პიროვნებას და როგორც ცნობილ იურისტს, პოლიტიკაში წასვლის სურვილი არ გაგჩენიათ?

_ზოგადად პოლიტიკა არ მიყვარს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა გეტყვით რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და შესაბამისად, ის ეროვნული ფასეულობები, რასაც ეს პარტია ქმნის ჩემთვის ღირებულია და ამის გამო ხშირად ბულინგის მსხვერპლიც გავხდი. ის რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვდგავარ, ეს ერის ღალატად ჩამითვალეს, თუმცა ბულინგი ჩემზე არ მოქმედებს და ურყევად ვდგავარ ამ ადამიანის გვერდით, ვინც ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტია, არასდროს ვუღალატებ და უმადური უნდა ვიყო რომ მისი უდიდესი წვლილი ვერ დავინახო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

რაც შეეხება შემოთავაზებებს, არაერთხელ მქონია სხვადასხვა თანამდებობაზე შემოთავაზება, მათ შორის გენერალური პროკურორის მოადგილედ, აჭარის პროკურორად არაერთხელ, მაგრამ სახელმწიფო თანამდებობა არ არის ჩემი პირდაპირი სამიზნე, ამ ყველაფრის მიღმა უფრო ბედნიერი და თავისუფალი ვარ. მიაჩნია რომ ის რასაც ახლა ვემსახურები, უფრო მეტ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩემი მიზანია გავხდე მოსამართლე, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, ქართული ოცნება ჩემი მეორე ოჯახია, რომლისგანაც არასდროს ველი რაიმე სარგებელს.

ბოლო პერიოდში ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ფაქტობრივად მდევნიან, ბევრი შეურაცხმყოფელი და მუქარის ზარი შემოდის მაგრამ ეს ჩემზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მე მინდა ისეთი ევროპა, სადაც ჩვენს ქართულ, მართლმადიდებლურ, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს მიაგებენ პატივს.ღირსებით მხოლოდ ევროპისკენ!