ერთი წლის წინ, 2023 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მარიამმა რამდენიმე წლით ადრე, სიმსივნე დაამარცხა, გასულ წელს კი, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მარიამ სირბილაძე საკუთარ დიაგნოზზე, გამოცდილებასა და ბრძოლის გზებზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობდა და უამრავ ადამიანს მოტივაციას აძლევდა.
მარიამ სირბილაძის გარდაცვალების 1 წლისთავს, მისი მეგობარი მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და მეგობარს ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„19 დეკემბერია დღეს.. ნიკოლოზობა… ეს დღე ჩემთვის ჩემს სუპერგმირ მარუსთან ასოცირდება. რატომ? განსაკუთრებით უყვარდა წმინდა ნიკოლოზი და ეს დღე… გუშინ ძალიან ვეცადე რომ თითქოსდა „გადამეფარა“ ის ემოცია, რაც 2023 წლის 18 დეკემბრიდან მაქვს 18 დეკემბერთან დაკავშირებით.
1 წელი და 1 დღეა, რაც ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი ანათებს ცაზე და ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და კაშკაშაა. მარუს როგორც შეეფერება, ზუსტად ისეთი ნათელი და ბრდღვიალა. ახლა სად იდგებოდა მარო? ზუსტად იქ, სადაც მე და უამრავი ადამიანი ვართ.
აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად, მარიამ, შენთვის და ბევრი იმ ადამიანისთვის, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძოდით და ახლა ჩვენთან ვეღარ ხართ ფიზიკურად. გპირდები, რომ ვიბრძოლებ ისეთი ქვეყნისთვის, როგორი ქვეყანაც შენ შენი საოცარი ბიჭებისთვის გინდოდა. აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად შენ გაგიხარდება ეს იქ, სადაც ხარ“, – წერს მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.