“მე, ჩემი მეუღლე და ჩემი 8 წლის ქალიშვილის დედა, ჩემი ყოფილი მეუღლე, ვახერხებთ, გვქონდეს ცივილიზებული ურთიერთობა ისე რომ ბავშვები არ დაზარალდნენ”

უნიჭიერესი მსახიობი, ჯანო იზორია, სერიალში, კინოში, თეატრის სცენაზე – ყველგან ერთნაირად საინტერესოა. მას, როგორც მსახიობს, პროფესიის გამო რთული გზა აქვს გამოვლილი…

ჯანო იზორია:

ღვთის წყალობით, არგაჩერების გამო, რაღაცები დალაგდა ჩემ გარშემო, რაღაცები ითხოვს დალაგებას, სხვანაირად არც შეიძლება. სერიალი „ბოლო სეზონი“, კარგად მოგეხსენებათ, მაყურებელს ძალიან უყვარს. ვემზადებით მესამე სეზონისთვის. როცა ინტერვიუს მოვრჩებით, სოხუმის თეატრში სპექტაკლზე მივდივარ. გამოვჩნდი „უსაშველოებშიც“. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, სადაც ვმონაწილეობ, პოსტპროდაქშენშია, ერთ-ერთი ფესტივალისთვის ემზადება. 14-15 დეკემბერს, მივიღე მონაწილეობს „იუმორინაში“, ვეზიარე ესტრადასაც… თეატრალურში რომ ვაბარებდი, ცეკვასაც ითხოვდნენ და სიმღერასაც, დიდი ამბიციები ამ მხრივ არ მქონია, მაგრამ თეატრს ან კინოს რაც სჭირდება, თუ პროფესიონალებთან ვიმუშავებ, ესეც შემიძლია.

ისევ გიწევს სირბილი ფოთსა და თბილისს შორის?

როცა სპექტაკლები მაქვს ფოთში, ჩავდივარ, ეს სირბილი მე არასდროს მაღიზიანებდა, უბრალოდ, ფიზიკურობაზე აისახებოდა ზოგჯერ. საღამოს რომ არის სპექტაკლი ფოთში, წინა დღით მივდივარ ხოლმე, მაგრამ თბილისში ვცხოვრობთ, ოჯახი, მეუღლე – გვანცა, აქ არიან. ფოთი ჩემი ენერგიის წყაროა… აფხაზეთის გარეშე კი ჩემი სიტყვა და წინადადება არ არსებობს.

ოჯახი და შვილები ახსენე, გაქვს მათთვის დრო?

სამწუხაროდ, არა. ჩემი 3 წლის შვილი გამირბის ხოლმე, როცა ოჯახში ვარ, მაგრამ როცა ფოთში გახლავართ, სად არის მამიკო, მენატრებაო, ამბობს. ჩემი გოგონა პირველი ქორწინებიდან, ევა, რვა წლისაა… საერთოდ არ განიხილება, რომ ის ცალკეა, დედასთან ცხოვრობს, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, პატარას ენატრება ძალიან. ზღვაზე ერთად ვიყავით. რაც ასაკი ემატებათ, უფრო კომფორტული იქნება მათთან ურთიერთობა. ჩემი მეუღლე, გვანცა, ევას დედა, ნინო, მე, ვახერხებთ, რომ ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდეს და ბავშვები არ დაზარალდნენ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩემთვის ეს სატარებელი ტვირთია. განმარტოების დროს სულ ვფიქრობ ამ თემაზე…

შვილებისთვის მსახიობის რთული პროფესია გინდა?

ჩემს გოგონებს თუ აღმოაჩნდათ ნიჭი და სურვილი და ნიჭი ყოველთვის იწვევს სურვილს, ის არ გასვენებს, რატომაც არა. მათ დროს, დარწმუნებული ვარ, მსახიობებს არ ექნებათ ასეთი მატერიალური გაჭირვება. მშიერი მოკვდები, შვილო, პურის ფული არ გექნებაო, დღემდე ეუბნებიან ამას მსახიობობის მსურველებს. წარმომიდგენია, რომ მომავალში ასე აღარ იქნება. ვფიქრობ, როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, მათთვის გზა ხსნილი იქნება, რომ სწავლა გააგრძელონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში.

შენი გზა ძალიან რთული იყო…

სხვა დრო იყო. დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭირო დროს რომ საჭირო ადგილას უნდა იყო, ეს გამონათქვამიც მიყვარს. ჩემი ძმა, მოკრივეა, ნიკოლოზ იზორია, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაც მიუღია, დღეს მოკრივეებისთვისაც სხვა დროა, ხომ ხედავთ. იმ კარიერით და იმ წარმატებებით, რაც ჩემს ძმას ჰქონდა, სხვანაირი ცხოვრება ექნებოდა და უფრო დაუფასდებოდა მატერიალურად. მიუხედავად ყველაფრისა, პრიორიტეტად ფული არასდროს მქონია, ეს ყველა ჩემმა მეგობარმა კარგად იცის. ჰონორარზე რომ ყოფილა საუბარი, მითქვამს, შენი ჭირიმე, ჯერ დავიწყოთ, გავაკეთოთ და მერე ვისაუბროთ-მეთქი…

სანანებელი რა გაქვს?

როცა თუნდაც ინტერვიუს ვაძლევ, ბევრ რამეში ვიჭედები, ბევრ რამეში შეიძლება ჩამჭრან და ეს არის ჩემი სანანებელი… არ ვიმართლებ თავს, რა პერიოდშიც გავიზარდე. ვერ მოვახერხე ბევრი კითხვა. არ ვტრიპაჩობ… არასდროს არის გვიანიო, ამბობენ, მაგრამ ვფიქრობ, კითხვას თავიდანვე დიდი მნიშვნელობა აქვს. ინგლისური ენის სწავლას ვაპირებ, უკვე მეოთხე გაკვეთილზე ვიყავი ერთ ფანტასტიკურ ცენტრში…

რაზე ოცნებობ, რა არის შენი მთავარი მიზანი?

დედაჩემსა და მამაჩემს რომ ვუყურებ, რამდენი უშრომიათ და რკინის ფარდის უკან ცხოვრობდნენ, საბჭოთა კავშირში, მინდა, რომ, როგორც ტურისტებს, ხალხს, მამაჩემის ტოლებით დავიწყებდი, ჰქონდეს საშუალება, მოიარონ და მოასწრონ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ჩემი ოცნებაა, ასეთი ინტერვიუ ჩავწეროთ სოხუმში, სადაც შენ ჩამოხვალ და ჩემს სპექტაკლს დაესწრები. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ერთმანეთი უყვარდეს – მეეზოვით დაწყებული პრეზიდენტითა და პრემიერით დამთავრებული, ყველას ოცნება იყოს ქვეყნის კარგად ყოფნა… შენი ქვეყნის ბედნიერებით იწყება ყველაფერი…

წყარო: ფორტუნა