“დამჭრეს, მეგონა ჩემი და მოკლეს, მას მე არ ვეგონე ცოცხალი“

ციცინო ზივზივაძეს საქართველოში ყველა იცნობს. ის სვეტიცხოვლის გიდია. ციცინომ თავის ცხოვრებაზე ჟურნალ “თბილისელებში” ისაუბრა.

ციცინო 9 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილეა, სადაც შემთხვევით გადარჩა.

– ყოველდღე დავდიოდით რუსთაველზე. საავადმყოფოშიც მოვხვდი მაშინ, დამჭრეს. რუსი სამხედრო დუბინკებს მირტყამდა. მეგონა ჩემი და მოკლეს, მას მე არ ვეგონე ცოცხალი. ის რუსმა სამხედრომ გამოიყვანა ხროვიდან, სადაც ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი ნაცემი.

იქედან საავადმყოფოში წამიყვანეს. თავი მქონდა გადაჩეხილი. ჩემი და იმ მოვლენებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, იმ შხამს ვერ გაუძლო, რომლითაც რუსთაველზე მოიწამლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინოდა სიკვდილის საქართველოსთვის.