“მე ის გოგო ვარ, დაქორწინებიდან 5 წელიწადში, ქმარმა რომ უთხრა, სხვა მიყვარს და შენ როგორც ქალი აღარ მომწონხარ და ვეღარ მიზიდავო”

ინგა ანთია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მე ის გოგო ვარ, 20 წლის რომ გათხოვდა ბიჭზე, რომელსაც ეგონა სიგიჟემდე უყვარდა, ხელის გულზე ატარებდა და ყოფილ შეყვარებულს დაავიწყებდა, მაგრამ ჩემს ქმარს თურმე მოპოვების მუღამი ჰქონდა, ჩემი თავის სხვისთვის წართმევის, ჩემს მიმართ დიდი ლტოლვის და ვნების და ამ ყოველივეს მოპოვების შემდეგ კი უბრალოდ გადავუყვარდი…

მე ის გოგო ვარ, დაქორწინებიდან 5 წელიწადში, ქმარმა რომ უთხრა, სხვა მიყვარს და შენ როგორც ქალი აღარ მომწონხარ და ვეღარ მიზიდავო.
მე ის ქალი ვარ, საკუთარი თვითშეფასება რომ დაკარგა და სარკეში თავი მახინჯი ეგონა და ეშინოდა ჩახედვის, ლამის სარკის ფობიამ შეიპყრო!!
მე ის ქალი ვარ, პირველი შვილი რომ მეყოლა სამშობიაროდან გაწერის დღეს დედამთილი და ქმარი რომ მოვიდნენ, ლამაზი თაიგული მოჰქონდათ და ბავშვური მიამიტობით გავიფიქრე რომ მე მჩუქნიდნენ და ექთანთან ერთად რომ გამოვედი ხელი გავუწოდე და ” ჩემი თაიგული ” ექთანს აჩუქეს.
სამშობიაროდან გაწერის დღის ერთი სურათიც კი არ მაქვს, რადგანაც სასწრაფოდ ჩამსვეს ტაქსიში და სახლში წამიყვანეს.
მე ის დედა ვარ, შვილი რომ მეყოლა ერთი სტუმარიც კი არ მოსულა და ერთი ჭიქითაც კი არ დამილოცეს პირველი შვილი და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს მმალავდნენ, თითქოს სახლში ბავშვი კი არა კნუტი მოგვეყვანა.
მე ის ქალი ვარ ათასი დამცირება რომ გამოვიარე ოღონდ დედამთილს, მამამთილს და ქმრის სანათესაოს მოვწონებოდი და თავს ყველას ყველაფერზე ვუხრიდი!..
ქმარმა მოტყუებით განქორწინებაზე ხელი რომ მომაწერინა და მეორე შვილი რომ გვეყოლა ის ჩემს ქვეყანაში არც იმყოფებოდა და ჩემს გვარზე ჩავწერე და ორი შვილი, რომელიც ერთი და იგივე სისხლის და ხორცის და-ძმები არიან სხვადასხვა გვარზე მყავდა!
მე ის შვილი ვარ, დედის ვერაგი და სწრაფმავალი დაავადების შესახებ სამსახურში მძიმე სამუშაო დღეს მუშაობის პროცესში ექიმმა ტელეფონით რომ შემატყობინა და სახლში მოსვლამდე ვფიქრობდი როგორ მეთქვა დედისათვის ეს ამბავი… მე ის შვილი ვარ, ყოველ დღე ეკლესიაში რომ დავდიოდი, მუხლმოდრეკილი ფსალმუნებს ვკითხულობდი და სასწაულების მჯეროდა, მთელი გულით მჯეროდა რომ უფალი არ მიმატოვებდა და ერთადერთ იმედს გადამირჩენდა!..
მე ის შვილი ვარ დედას ოპერაცია რომ გაუკეთეს, მთელი 14 დღე და ღამე, გვერდიდან არ მოვშორებივარ, ყოველი ღებინებისას თითო იმედს ვკარგავდი და ყელში დიდი ბურთი მეჩხირებოდა, რომელსაც მონდომებით ვყლაპავდი, რომ არ გახეთქილიყო და დედას არ შეემჩნია ჩემი ტკივილი… მან ხომ არ იცოდა, რომ თუკი უკეთ არ გახდებოდა მეორე, დიდ ოპერაციას ვერ ჩაუტარებდნენ და სიმსივნეს ვერ ამოკვეთავდნენ…
მე ის შვილი ვარ, დედას რომ აიმედებდა ბოლო წუთამდე, რომ ეს რთული პერიოდი უნდა გადაელახა და მერე ფეხზე დადგებოდა, ისევ უწინდებურად გაივლიდა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა, მაგრამ…
მე ის შვილი ვარ, წუთითაც რომ არ დამიტოვებია დედის საწოლი და ბოლო ღამით როცა პირველი “მორფი” ჩემი ხელით შევუყვანე, შეიცვალა და ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ გადაიტანდა და გვერდით ვეჯექი, თავს ვიდანაშაულებდი და ხარბად ვუყურებდი მის სახეს, ისე ძალიან ვუყურებდი, მინდოდა თვალებიდან არ წამშლოდა სიცოცხლის ბოლომდე ეს სახე, ეს მომენტი, როცა ბოლოჯერ ვხედავდი და ცრემლებით ველოდებოდი ბოლო ამოსუნთქვას…
მე ის შვილი ვარ, ბოლო წუთას როცა დედა ზეცად ამაღლდა, ხატებთან მუხლებზე ბღავილი რომ მოვრთე და უაზროდ ვისროდი რაღაც სიტყვებს: ” რატომ?”, ” მე ხომ მჯეროდა?!” “შენ ხომ შემპირდი?” ” შენ არ არსებობ!” “შენი არ მჯერა!” …….
მე ის შვილიშვილი ვარ, გამზრდელი ბაბუა რომ დამეღუპა აფხაზეთში და თვალიც რომ ვერ შევავლე, ტელეფონით ვანუგეშებდი ბებიას და ერთად ვტიროდით… მე ის შვილიშვილი ვარ, ბაბუას შემდეგ გამზრდელი ბებია 15 დღეში რომ დამეღუპა, ჩემი უკანასკნელი იმედიც წამერთვა და ვერც ბებიას დავემშვიდობე და სოფელში გამჭორეს, როგორ უპატრონოდ მიატოვა ბებია-ბაბუაო!….
მე ის შვილი ვარ, მამაჩემთან რომ ვცხოვრობ ჩემი ორი შვილით და როცა ჩემს ტკივილებზე ხმამაღლა ვსაუბრობ და ვწერ, “ენაჭარტალა” ნათესავები მამაჩემს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებენ და ეუბნებიან რომ თურმე მე თავს ობლად ვგრძნობ და ცინიკური სიცილით ეკითხებიან სხვა სახლში ხომ არ ცხოვრობო?..
მე ის დედა ვარ ორ შვილს მარტო რომ ზრდის, ხანდახან პურის ფულიც რომ არ ჰქონია, მაგრამ არავინ შეუწუხებია, არავისთან ცუდ ხასიათზე არ ყოფილა და მხოლოდ ღამით, მარტო დარჩენილს ბევრჯერ ბალიშთან უტირია…
მე ის დედა ვარ, ორ შვილს მარტო რომ ზრდის და არასოდეს დაუწუწუნია, პირიქით, მათ გამო ძალა ეძლევა და ფეხზე დგას!..
მე ის ქალი ვარ, დიდხნიანი საკუთარი თავის მიუღებლობის შემდეგ, გადაწყვიტა, ჩაეხედა საერკეში, გაეღიმა და მოწესრიგებულიყო.
მე ის დედა ვარ, თავისი პირადი რომ მიატოვა და უკან მოუხედავად, დაუფიქრებლად დატოვა საქართველო და წავიდა უცხო ქვეყანაში, სადაც არც იცოდა რა ელოდა, მაგრამ შვილების მომავლისთვის იბრძოდა ბოლომდე…
მე ის ადამიანი ვარ, არასდროს არაფრის არ შემრცხვება, არც წარსულის, არც აწმყოსი და არც მომავლის, რადგანაც არასოდეს ვთამაშობ. ყოველთვის ვარ გულწრფელი და ნამდვილი. სათქმელს პირდაპირ ვამბობ და არ მეშინია ულტიმატუმების. მე ის ადამიანი ვარ, ვინც მანადგურებს, ღმერთი ასმაგად რომ უბრუნებს…
მე ის ქალი ვარ, ყველაფერი რომ გამოვიარე, მაგრამ არ დავეცი!! არ დაეცემი შენც!! არასოდეს არ შეგრცხვეს იმ საქციელის, იმ გადაწყვეტილების, რასაც გულწრფელად და მთელი გრძნობით აკეთებდი, შენ უბრალოდ ცდილობდი ბედნიერი ყოფილიყავი, წინასწარ ხომ არ იცოდი რა როგორ დალაგდებოდა… არასოდეს შეგეშინდეს ულტიმატუმების, მუქარის თუკი არავინ მოგიტყუებია, პირობა არ დაგირღვევია, არ გიღალატია, არ გიმრუშია, არ გიქურდია…… არასოდეს არაფრის შეგეშინდეს, გარდა ღმერთის და საკუთარი თავის!! იცხოვრე!! გიყვარდეს! გამოუტყდი! გამოთქვი! იცხოვრე, სანამ ხარ და იყავი თავისუფალი! აკეთე ის, რაც გსურს, შეიგრძენი შენი საკუთარი სიცოცხლის დრო!!! იყავი ბედნიერი!! მე გამომივიდა, შენც გამოგივა!
სიყვარულით, მუდამ თქვენი ინგა))”