27 თებერვალს, Villa Clerici-ის ბრწყინვალე გარემოში გამართულმა ღონისძიებამ, ალბათ, დამსწრეების გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მთელი მსოფლიოდან, მილანის მოდის კვირეულის პრესტიჟულ სცენაზე ოთხი დიზაინერის – LUXE LIVING FASHIONS BY LAVITIA DAVIS-ის, DEVORAH VIICTOR-ის, BY VEL-ის და STOLL-ის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ქართული საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან პოდიუმზე 11 წლის სოფია გიორგაძეც გამოჩნდა. ამ სფეროში გამოუცდელმა ქართველმა გოგონამ უკრაინელი დიზაინერი (BY VEL) წარადგინა და დაკისრებულ მისიას თავი შესანიშნავად გაართვა.
ბოლო წლებში, ქართველები საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში უფრო და უფრო მეტი აღიარებით სარგებლობენ და როგორც ჩანს, სოფიაც უკვე მათ რიგებს განეკუთვნება, რადგან ჩვენების შემდეგ, თანამშრომლობაზე ერთი შეთავაზება უკვე მიიღო.
გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონას მეგობრები სულ ეუბნებოდნენ, რომ მოდის სამყაროში ბედი უნდა ეცადა და ბოლო დროს, სოფიამ სამომავლო პროფესიაც აირჩია, სურდა მოდელი გამხდარიყო. თუმცა, ეს ყველაფერი დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა…