თეონა ცირამუა და მისი მეუღლე ულამაზესი და უსაყვარლესი ტყუპი გოგონების მშობლები გახდნენ. როგორც თავად თეონა ამბობს, მათმა დაბადებამ ბედნიერებასთან ერთად, სამყარო ამოატრიალა, ცოლ-ქმრის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათ სახლში ორმაგი ბედნიერება შეიტანა.
თეონა ცირამუა: ტყუპები 26 მარტს უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ ცოტა ადრე, 4 მარტს დაიბადნენ. მათმა დაბადებამ სამყარო და ჩემი ცხოვრება ამოატრიალა. ახლა ყოველი დილა ბედნიერებითა და მათი სუნთქვით იწყება. ამ ბედნიერებასთან ერთად, საფიქრალიც მომემატა.
– რომ გაიგე, ტყუპი გოგონების დედა ხდებოდი, რა განცდა იყო?
– თქვი, განსხვავებულები არიანო და რაში გამოიხატება ახალდაბადებული ტყუპების განსხვავებულობა?
– თუთა უფრო რბილი და თბილია, კირა კი – მეტად მაკვარანცხი და კაპარჩხანა (იცინის). კილო-ნახევრიანმა ბავშვმა გადაგვდგა, ექვსი ღამე არ გვიძინია მე და ჩემს ქმარს, სულ წრუპუნებს და რაღაცას ითხოვს. თუთა კი, იცით, როგორია? თუ დაელაპარაკები, თითქოს ესმის. ჩაის დალევა მინდოდა, ვთხოვე: თუთა, დამაცადე ჩაის დალევა და ხუთ წუთში მოგხედავ-მეთქი. არ დაიჯერებთ და ტირილი შეწყვიტა და ხუთ წუთში ჩაეძინა, გეგონება, მართლა დამიჯერა და გაითვალისწინა ჩემი საუბარი. კირა კი, თუ მას არ უნდა, არაფერს გაითვალისწინებს (იცინის). მაღალ ხმაზე ყვირის და ტირის და გოჩას ვეუბნებოდი: ამას, მგონი, ჩემს გუნდში წინა პლანზე უნდა დადგომა, ისეთ მაღალ ნოტზეა მომართული-მეთქი (იცინის). უკვე მამზადებს, მაგრამ მეც ვეუბნები: კირა, მერე რა, რომ ჩემი შვილი ხარ და დედაშენი ვარ, თუ არ მომეწონე, გუნდში არ აგიყვან-მეთქი (იცინის). შეიძლება, გიჟი დედა ვარ, მაგრამ ცოტა მკაცრი ვიქნები. სიმკაცრეში ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ, ისე უნდა დაიჭირო ტონი, რომ ბავშვი მიხვდეს, როდის დააშავა, რას არ აკეთებს სწორად და დაგიჯეროს. დამაჯერებელი ტონი უნდა გქონდეს, რომ შვილმა დაგიჯეროს. ვეცდები, ისე ავუხსნა ბავშვებს, მეორედ ახსნა აღარ დასჭირდეთ. სიმკაცრეს მე დისციპლინას ვეძახი.
– ვიცით, როგორი მეუღლეა შენთვის გოჩა, მაგრამ როგორი მამაა ტყუპი გოგონებისთვის, იღებს მათ მოვლაში მონაწილეობას?
– მე კი ვარ დეკრეტულ შვებულებაში და პატარებიც ბუნებრივ კვებაზე მყავს, მაგრამ კონცერტები მაინც მიწევს, ამიტომ, როცა სახლში არ ვარ, გოჩას უწევს პატარების მოვლა. მე და გოჩამ გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გავზარდოთ ბავშვები და ერთად ვუვლით. შეიძლება, ძალიან კარგი ძიძა შეურჩიო ბავშვებს, მაგრამ მე მირჩევნია, ექვს თვემდე ჩემს ხელში გაიზარდონ. ამაში გოჩა ძალიან მეხმარება. როცა გავდივარ, გოჩა ორივეს მარტო იტოვებს და გადასარევად უვლის. ყველაფერს უკეთებს – პამპერსსაც უცვლის, აჭმევს, აძინებს. ამას წინათ მითხრა: დაბანაც უნდა ვცადოო (იცინის). ასე რომ, დამხმარეს გარეშეც მშვენივრად ვუვლით ორივეს.
– პატარებს სახელები როგორ შეურჩიეთ და როდის გეგმავთ მათ ნათლობას?
– რომ მითხრეს, იდენტური ტყუპები არ არიან, სხვადასხვა კვერცხუჯრედებში არიანო, სახელებიც არ მინდოდა, იდენტური ყოფილიყო. არ მიყვარს გრძელი სახლები და მინდოდა, მოკლე და კონკრეტული, ორმარცვლიანი შემერჩია. გოგონების სახელებში რომ შევედი, თუთა დავინახე და გადამეკეტა და ჩავიციკლე. კირაზე კი იყო მეორე ვარიანტი – მართა. თუმცა, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრების აზრიც გავითვალისწინე და კირა დავარქვით. კირა რომ წონანაკლული დაიბადა და პატარა ჯანმრთელობის პრობლემაც იყო, ჩვენ უფრო შეგვეშინდა, ვიდრე რა სურათიც რეალურად იყო. მოკლედ, ამ შიშის გამო ჩემმა ბიძაშვილმა გააკეთა ორგანიზება, მივიყვანეთ მღვდელი და ნათლიები და დაბადებიდან მესამე დღეს ინკუბატორში მოვნათლეთ. თუთა კი ჯერ მოუნათლავი გვყავს და ყველას უკვირს, რომ იგენებ, ერთი მონათლული რომაა და მეორე – მოსანათლი (იცინის). თუთა რომ სახლში მოვიყვანეთ, თვე-ნახევრის შემდეგ მოვიყვანეთ კირა და გოჩას ვეუბნებოდი: სანამ კირას არ გამოვიყვანთ სამშობიაროდან, მანამდე თუთას ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებ, მეცოდება ის რომ სახლში არ არის და ინკუბატორშია-მეთქი. ახლა კი ორივე სახლშია და თამამად დავდებ ორივეს ფოტოს. ორსულობის ბოლო თვემდე აქტიური ვიყავი და არანაირი შიში არ მქონდა. არც ფიგურა დამიკარგავს, კარგა ხანი არც მუცელი მეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში ბევრი ხელის შეშლა მქონდა და ფეხის დადებები, მაინც გამიმართლა. პირადში ხომ, უბედნიერესი ქალი ვარ და როგორ შემიძლია, არ ვაღიარო, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე და იღბალიც ჩემს მხარესაა.