“ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე და ახალგაზრდულად დავბერდე” – თამუნა ამონაშვილის 18-წლიანი ქორწინება და სილამაზის ფორმულა

თამუნა ამონაშვილის ცხოვრებაში, იყო დიდი წარმატებაც და იყო განსაცდელებიც. თუმცა, ამ უკანასკნელმა ის უფრო გააძლიერა და სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. მიაჩნია, რომ ის გზა, რომელიც მან გაიარა, მისი გასავლელი იყო და არაფერს შეცვლიდა. და, დარწმუნებულია იმაში, რომ მის მიერ გაკეთებული სიკეთეები, აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება და უბრუნდება კიდეც.

– რა იყო ის დიდი განსაცდელი, რომელმაც შენი პიროვნული თვისებები მეტად განავითარა?

– ასე არ მახსენდება, მაგრამ ადამიანისთვის ხომ მთავარი მისი კარიერული და პირადი ცხოვრებაა. მე შემოქმედი ადამიანი ვარ და ზოგადად, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის არ არის გზა ია-ვარდით მოფენილი. არადა, გარედან ისე ჩანს, თითქოს ეს გზა მართლა ია-ვარდითაა მოფენილი. შემოქმედის გზა არ არის ადვილი. იმ ია-ვარდის მოსაკრეფად ურთულესი გზის გავლა გვიწევს.

როცა ადამიანმა ზუსტად იცი, ყველაფერი კარგად გამოვა, იქ უნდა ელოდო ჩასაფრებას. თუმცა, შენში უნდა განავითარო ბრძოლისუნარიანობა, გარემოებებმა არ უნდა გაგაბოროტოს და სხვისთვის ცუდის გაკეთების სურვილი არ უნდა გამოძრავებდეს. პირიქით, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე გაუგზავნეთ სხვას, რომ იგივე დაგიბრუნდეთ. ესაა ჩემი კრედო ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, ის კარგიც თუ ცუდიც, რასაც ჩავიდენ, ასი ათასად დაბრუნდება უკან, ამიტომ ვცდილობ, ვაკეთო კარგი, რომ ის კარგი გამიასმაგდეს და დამიბრუნდეს უკან.

– როგორ ფიქრობ, რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?

– მეგონა, სუსტი ვიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, ძალიან ძლიერი ადამიანი ვყოფილვარ. იმდენი რამ შევქმენი და გავაკეთე მარტომ, ღამეების თენებითა და შრომით, შეუძლებელია, სუსტი რომ ვყოფილიყავი, ეს შემძლებოდა. ჩემთვის უფლის რწმენას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს, ამის გარეშე ადამიანად ვერ ჩამოვყალიბდებოდი და ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველდღე, დღეში ასჯერ. ჯიუტი ვარ და ცოტა ზარმაცი, მაგრამ თუ საქმე დავიწყე, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ძალიან მიზანდასახული ადამიანიც ვარ.

– შენც განიცდი წლების მატებას და ფიზიკურ ცვლილებებს?

– შეიძლება არ ვფიქრობ, მაგრამ ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე და ახალგაზრდულად დავბერდე. ზოგადად, გარკვეული წლების მერე სტრესული ცხოვრება იწყება, ბევრი საზრუნავი და საფიქრალი ჩნდება. თუმცა, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ამ გადასახედიდან ხშირად მიფიქრია: ახლა ოცი წლით პატარა ვიყო და ეს ტვინი მქონდეს-მეთქი. მშვენიერი, გადასარევი, დაღვინებული ცხოვრების ეტაპზე ვარ ახლა, ცხოვრება რომ მიხარია. ყველა წამისთვის და დღისთვის მადლობელი ვარ უფლის, მივყვები ცხოვრებას და ვცდილობ, სწორი ნაბიჯები გადავდგა სხვებთან მიმართებაში, რომ ადამიანები გავაბედნიერო. ეს ჩემთვის დიდი აღმაფრენაა, როცა პატარა რამით, თუნდაც სიტყვით, ყურადღებითა თუ საჩუქრით ვახარებ ადამიანს. ყველა ნაბიჯში ვგრძნობ გაათმაგებულ სიკეთეს უფლისგან. უამრავი რამ ხდება ცხოვრების განმავლობაში, დღეს ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა, ყველა მდგომარეობამ აგანერვიულოს, მაგრამ ადამიანი არ უნდა გაბოროტდე.