ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც მეუღლესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუის დიაგნოზით ბოჭორიშვილში 20 დღე იმყოფებოდა, საავადმყოფოდან გაწერეს. გთავაზობთ პოსტს.
„და ეს დღეც დადგა. ბოლო პოსტი. მოვდივართ.
ერთმა მაჯახა ძალიან გულწრფელად: 20 დღეა მანდ ხარ და კი დაამარცხებდი ოდესმე ამ ვირუსს, ეგ რანაირი დამარცხება გამოვიდაო. კი, გრძელი და დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხებული ვირუსია ეს. თითქოს განზრახ შემეყარა ასე მწვავედ, ამ “გაუთავებლად მპოსტავ ქალს” რომ ეჩვენებინა სხვებისთვის თავისი ძალა, შესაძლებლობები, როგორი ვერაგია და როგორი არაპროგნოზირებადი. ლევანი? ამ წინასაარჩევნო ორომტრიალში აქ რომ აღმოჩნდა აქ, ეს ხომ უბრალოდ ირონიაა.
აბა ვირუსი როდისაა დროული? მაგრამ ჩემი იმუნიტეტითვის (რომელმაც ვერ მოასწრო გაძლიერება მშობიარობის შემდეგ) მთლად უდროო აღმოჩნდა. ეტყობა ამიტომაც შემარჩია. დიდებული პრეზენტაცია ქონდა:) უნდა ეჩვენებინა თუ როგორ შეუძლია დაარტყას დასუსტებულ იმუნიტეტს, მოაშოროს 4 ბავშვის დედა შვილებს 20 დღით; მერე გეგმები აუწეწოს ახალ სამსახურში; წამოახტუნოს ეთერიდან, განაცდევინოს თუ რა მწარეა სხვების ტესტის პასუხს რომ ელოდები (!), გამოატაროს უკიდეგანო უხერხულობა, გამოაცალოს სრულიად ენერგია და გახვიოს შემაწუხებელი ხველის, უჰაერობის, სიცხის, ანთების და სხვადასხვა სიმპტომების ალში; ბოლოსდაბოლოს, გამოკეტოს პატარა ოთახში, ამ პატარა პალატაში უსასრულოდ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წავიდეს:)
და რადგან მოგვადგა ჩვენც ხომ უნდა გვეჩვენებინა რა შეგვიძლია? ჰოდა, დავიწყეთ ჭიდაობა კორონასთან. მოვყევი მასთან ბრძოლის ამბავი. როგორი სიმპტომებია, მკურნალობა, შეგრძნებები, ფსიქოლოგიური ფაქტორები. რა არის მითი. და რა მართალი. როგორი წინააღმდეგობა უნდა, რა ძალა და რა ენერგია სჭირდება რომ მოერიო. ყველაფერი ვთქვი. ყველაფერი გაგიზიარეთ. ჰოდა, დავამარცხეთ. და განა ეს არ ნიშნავს, რომ დაამარცხებენ სხვებიც? ცხადია, მაგას ნიშნავს.
სიტყვებს აქვთ დიდი ძალა. ცრურწმენა არაა ეს. ჩვეულებრივი ამბავია. სიტყვას შეუძლია გადაგარჩინოს, ან მოგკლას. იმედი შეგმატოს, ან პირიქით სულ დაგიკრგოს ხალისი. ჰოდა, თქვენ რაც ჩვენ სიტყვებით “გვიმკურნალეთ”, როგორც თქვენ ჩვენ სული გვიბერეთ ამ დაზიანებულ ფილტვებზე ეს არსად დაიკარგება. და სულ იქნება ჩვენში ეს ჯადოსნური სიტყვები. და დაგვეხმარება ვაკეთოთ რაღაც საქმეები, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სადღაც მაინც მნიშვნელოვანი. დიახაც, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი სიტყვები გვეხმარება ადამიანებს ვიგრძნოთ თავი სასარგებლოდ. განა პატარა ამბავია ეს? ისევ ადამიანი თუ აგრძნობინებს მეორე ადამინს თუ როგორი საჭირო და განსაკუთრებულია. რომ ტყუილად არავინ იბადება, და ტყუილად არავის არაფერი შეემთხვევა და ტყუილად არაფერი არ ხდება. რომ ყველას რაღაც მისია აქვს:)
მოვიდა ახლა ლია ექიმი, ეპიდემიისგან უკვე ძალიან დაღლილი და დაქანცული, მაგრამ მაინც ჩვენი გულშემატკივრობის თავი რომ აქვს – ისეთი. შემოგვხედა, ამოისუნთქა და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში. მორჩა.
და ძალიან ტკბილი სიტყვები იყო ეს“, – წერს ვიკა ბუკია.