ხალისიანი, პოზიტიური და ნიჭიერი მსახიობი, მომღერალი, რადიო და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი, ახალ სატელევიზიო სეზონზე, ახალ არხზე გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „გული მღერის“ დახურვის შემდეგ, სადაც ლაშა, მომღერალ ნინო ჩხეიძესთან ერთად, წამყვანი გახლდათ, შემოთავაზებაზე, რომელიც „პოსტ ტვ-იდან“ მიიღო, სიამოვნებით დათანხმდა და შეუერთდა გუნდს, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.
ლაშა რამიშვილი: პროექტი „გული მღერის“ დამთავრდა და მაშინვე, მივიღე შემოთავაზება ტელეკომპანია „პოსტ ტვ-იდან“, გადმოვედი ამ არხზე და გადასარევი გუნდი დამხვდა. ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი პროდიუსერები მყავს, არაჩვეულებრივი წამყვანების გვერდით მიწევს მუშაობა, მათ შორის, ნატუკა გულისაშვილთან, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია. კარგი და პოზიტიურია მათ გვერდით მუშაობა. ერთ კვირას სამი დღე მიწევს მუშაობა პირდაპირ ეთერში, ერთ კვირას – ორი დღე. ზოგადად, გამოწვევები არ მაშინებს, მაგრამ მიყვარს სტაბილურობა. როცა ვაკეთებ ჩემს საქმეს და იმ საქმეს, რომელსაც მაბარებენ ან მასზე თავად მაქვს ინიციატივა აღებული, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ამიტომ, ჩემი იდეები, ჯერ არ განმიხორციელებია. ზუსტად ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მოვა ეტაპი, როცა მათი რეალიზება მოხდება.
– ამ იდეათაგან რომელია ისეთი, რისი გაკეთებაც ახლო მომავალში გინდა?
– დიდი ხანია, ჩემი სოლო კონცერტის გაკეთება მინდა. ერთი კი გავაკეთე რეგიონში და ძალიან კარგად ჩაიარა.
– ყველა გიცნობს, როგორც ნიჭიერ მსახიობს, მომღერალს, ტელე-რადიო წამყვანს. კიდევ რა ნიჭი გაქვს, რაც არ ვიცით, არის კიდევ ისეთი რამ, რაშიც საკუთარი ნიჭის რეალიზებას ახერხებ?
– სხვათა შორის, მეუბნებიან, არაჩვეულებრივ ღვინოს ვქმნიო და მეც ასე მგონია. ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული და ძალიან მოგვწონს ეს პროცესი. ასე რომ, გარდა წამყვანობისა, მომღერლობისა და მსახიობობისა, მეღვინეობაც შევითავსე. ეს ჩემი ჰობია, ძალიან შემიყვარდა, „მოვიწამლე“ და მინდა, საკუთარი ხელით, ჩემი პატარა მარანიც გავაკეთო. მოკლედ, მარნის გაკეთება იდეაში მაქვს და იმედია, ამასაც ავიხდენ.
– ამბობენ, ლაშა შემოქმედებითი კუთხით რომ არ წასულიყო და მამის სპორტულ პროფესიულ კვალს გაჰყოლოდა, საკმაოდ კარგი და წარმატებული ფეხბურთელი დადგებოდაო. თავად რას იტყვი?
– მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი და ამ სფეროში ვყოფილიყავი. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასოდეს არავის არ სჯეროდა, რომ მე აქამდე მივიდოდი და ამ სფეროში ფეხს მოვიკიდებდი. არ მიყურებდნენ სერიოზულად (იცინის). არასოდეს ჩემს ოჯახის წევრებს არ უნდოდათ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ არც ის ეგონათ, თუ მომღერალი ვიქნებოდი. სხვა პროფესიასაც არ განიხილავდნენ, მეუბნებოდნენ: შენგან არაფერი გამოვაო (იცინის). ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. დედა და მამა დღესაც ძალიან ძნელად ამბობენ ჩემზე კარგს. რომ ურეკავენ და მაქებენ, მაგალითად, რა მაგარი ბიჭია, რა კარგად გაუძღვა და ითამადა სუფრაზეო, პასუხობენ: კი, არის (იცინის). რაც შეეხება ფეხბურთელობას, მამაჩემმა პირველად რომ შემიყვანა სტადიონზე და ბურთი დამანახვა, იმდენად გახარებული ვიყავი, მამასთან ერთად რომ ვიდექი, სიცილით ვკვდებოდი და მამამ მითხრა: სასწრაფოდ გამოდი მოედნიდანო (იცინის). ასე რომ, არა მგონია, ჩემგან კარგი ფეხბურთელი დამდგარიყო.
– თამადობა ახსენე და, უცხო საზოგადოებაში, სადაც არავის იცნობდი, თუ შემოუთავაზებიათ თამადობა და გაძღოლიხარ სუფრას?
– მთელი ცხოვრება ასე არ არის? ფაქტობრივად, ამით ვარჩენ ოჯახს. ძალიან ბევრი სუფრის ხელმძღვანელობა მაქვს გამოვლილი და მათ შორის, უცხო საზოგადოებაში, საერთოდ არავის რომ არ ვიცნობდი. რთულია, როცა ადამიანებს არ იცნობ და იმ სუფრაზე თამადობ, მაგრამ ჩემთვის ესეც ხომ ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა.
– ვინც ახლოს გიცნობს, იცის, რომ არაჩვეულებრივი მამა ხარ, მზრუნველი, მოსიყვარულე და თანგადაყოლილი. რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რითიც მათთან დამოკიდებულებაში ხელმძღვანელობ?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მზრუნველი მამა ვარ, იმავდროულად, შვილების მიმართ – ძალიან კრიტიკულიც. თუმცა, ვცდილობ, ეს კრიტიკა ზომიერების ფარგლებში იყოს. ჩემი შვილების გულისთვის რაც ყველაზე ძვირფასი გამაჩნია – სიცოცხლეს გავწირავ. ფაქტობრივად, მე რომ სახლში არ ვარ, ჩემი უფროსი ვაჟის მხრებზეა მთელი სახლი, დედაჩემიც, მამაჩემიც, ჩემი მეუღლეც. 18 წლისაა, სტუდენტია, ეკონომიკურზე სწავლობს, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში. უზომოდ დიდი პატრიოტია და ფანტასტიკური აზროვნება გააჩნია. სასწაულად პასუხისმგებლობიანი კაცია და როცა მე არ ვარ სახლში, ფაქტობრივად, მას ემორჩილება მთელი ოჯახი. მართამ კი, რომელიც 14 წლის ხდება, მგონი, უკვე „გადამიჯოკრა“ სიმღერის კუთხით. ჯერ პატარაა, მაგრამ რაც ბოლოს სიმღერები თავის ინიციატივით ჩაწერა, ძალიან მომეწონა. მოკლედ, ძალიან კარგ რამეებს აკეთებს და ძალიან მიხარია. ვცდილობ, შვილები დამოუკიდებლები იყვნენ და ბოლომდე ასეთი ხასიათი გაჰყვეთ. მე ხომ სულ არ ვიქნები? მათაც ხომ უნდა გადაიბარონ, ოჯახის საქმეები, აქედან გამომდინარე ვაჩვევ დამოუკიდებლობას. პატარა ვაჟი 9 წლისაა და ძალიან დამოუკიდებელია, მითითებები არ სჭირდება.
– ლაშა, როგორ ფიქრობ, რამდენად იღბლიანი ხარ და ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ყველაზე მეტად მეუღლეში გამიმართლა. რომ არა ბელა, მე აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდი. ამ მხრივ, ბედნიერი კაცი ვარ. ზოგადად, წარმატებისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო – გვერდით გყავდეს ის ადამიანი, რომელიც აუცილებლად გეტყვის: მერე რა, ვიშრომებთ და ხვალ უფრო მაგრად ვიქნებითო. ზოგადად, რომ ამბობენ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა არის წარმატების გარანტიო, ასე არ არის. დღე და ღამ უნდა იშრომო და შრომით ყველაფერი გამოვა. ცოტა იღბალიც საჭიროა, მაგრამ თუ შრომობ მუხლჩაუხრელად, წარმატებაც მოდის. ასე რომ, შრომასთან ერთად, ჩემი მთავარი წარმატების ღერძი ბელაა, რომელიც აგერ უკვე მეოცე წელია, გვერდით მიდგას და ფეხდაფეხ მომყვება. თამამად შემიძლია, თქვა, არასოდეს დავრჩენილვარ მარტო ჩემს გადაწყვეტილებებთან, გვერდით ყოველთვის ბელა მყავდა და ასი წელი მეყოლება.