“თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა არის თქვენში”

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ვიდეოს აქვეყნებს, სადა კრიტიკოსებს მიმართავს.

“რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია, ჩემი 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო, საერთოდ სხვანაირი მზერა რომ  მაქვს და საერთოდ სხვანაირად რომ გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს ქალბატონი ან ქალბატონები, რომლებსაც საკუთარ გვერდზე ქმარ-შვილთან გადაღებული ფოტოები და ხატების ფრესკები აქვთ, უნდა დამიწერონ, რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა. 

ქალბატონო, დედამიწის ზურგზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის სხვაობით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. ამ 10 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად როგორ აგიხსნათ, ზუსტად თქვენნაირი ქალები 10 წლის წინანდელ ფოტოზე მიწერდნენ – რას ჰგავხარ – ამიტომ თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა არის თქვენში.

პირველ რიგში, მიდით ფსიქოლოგთან, მეორე – კარგად ჩაიხედეთ სარკეში და დაჯექით დიეტაზე, მესამე – იმუშავეთ საკუთარ თავზე, თუ სამსახური არ გაქვთ, მეც არ მქონდა სამსახური, მაგრამ დავიწყე ახალი ცხოვრება და მოვიგონე ჩემი საქმე, ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფეხზე დგომა, ღიმილი და ცხოვრების ხალისი დამბრუნებოდა.

თუ თქვენი თავი არ მოგწონთ, იზრუნეთ და იმუშავეთ, რომ სარკეში ჩახედვის შემდეგ მოგეწონოთ. დანარჩენებს მინდა გთხოვოთ, არ მომწეროთ, რას უხსნი ან რატომ უხსნიo. თუ ამდენი კაციჭამიადან ერთი მაინც გაიგებს, ჩემი მისია შესრულებულია. მე ვარ 48 წლის შვილმკვდარი ქალი, რომელმაც 4 წლის წინ მისი ცხოვრების მთავარი საქმე დაკარგა. ყოველდღე ვვარჯიშობ, თავზე ვზრუნავ, ჩემი ცხოვრების ახალი საქმე დავიწყე და ძალიან მომწონს, როგორც გამოვიყურები” – ამბობს მაია ასათიანი.