სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა ცხოვრება ვახტანგ ჭაბუკიანისთვის. მის წინააღმდეგ მიმართული ინტრიგები და გამუდმებული ბრძოლა ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, როდესაც მისი საყვარელი დისშვილი და შვილობილი, ბალერინა ეთერ ჭაბუკიანი მოკლეს. 1972 წელს, როგორც იცით, დაიწვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ამ ბოროტების დაკვეთაში კი მისი მეორე დისშვილი, თენგიზ რუხაძე დაადანაშაულეს. თუმცა მაშინვე გაჩნდა სხვა ეჭვმიტანილიც, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საქართველოში ცნობილი ტერაქტების ავტორმა, რეპრესირებული ოჯახის შვილმა, ვლადიმერ ჟვანიამ დაწვა…
ვისთვის იყო ვახტანგ ჭაბუკიანი არასასურველი, იყო თუ არა მისი თავიდან მოშორების მიზეზი პოლიტიკა, რომელზე საუბარიც, თურმე, მას ძალიან ჰყვარებია და რატომ მოკლეს რეალურად მისი შვილობილი, ჭაბუკიანის სიძე იხსენებს.
ეს ორი დიდი ხელოვანის, ბიძა-დისშვილის – ვახტანგ და ეთერ ჭაბუკიანების ცხოვრების მძიმე ეპიზოდებია, რომელიც აქ გავაერთიანე.
მშვენიერი ბალერინა ეთერ ჭაბუკიანი 1968 წლის 11 აპრილს, 37 წლის ასაკში, სრულიად გაურკვეელ ვითარებაში მოკლეს. საყვარელ მეუღლესთან, გურამ ჭიკაძესთან ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ ორი წლის გოგონა დარჩათ. 24 წლის შემდეგ, 6 აპრილს ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა.
იდუმალი სიკვდილი
… ჩვენ ექვსი წელი ვცხოვრობდით ერთად. მისი გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში შეურაცხყოფის მეტი არაფერი მიგვიღია. როგორ გააქრეს ეთერი, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. თან წაიღო თავის სიკვდილის საიდუმლო. ჯერ გავრცელდა ვერსია, რომ თავი მოიკლა. რა სჭირდა საამისო?! ადვილია, თქვა თავი მოიკლა. თუმცა, მგონია, რომ თავის სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა. ეთერი 1 აპრილს იყო დაბადებული, იაპონიიდან, სადაც ორი თვე იმყოფებოდა, ახალი დაბრუნებული იყო. 11 აპრილი, კვირა დღე იყო. იმ დღეს მე არ ვმუშაობდი, ეთერი, ორშაბათი დღის გარდა, ყოველდღე მუშაობდა. დილის 11 საათისათვის სახლიდან ერთად გავედით. ტროლეიბუსში მე თვითონ ჩავსვი და თეატრში წავიდა. მე და ბავშვი კი – ზოოპარკში წავედით. ეთერი მალევე, პირველი საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო სახლში, რადგან მერე ჩვენ ერთად უნდა წავსულიყავით სტადიონზე ფეხბურთის მატჩის საყურებლად. სახლში რომ მივედი, მითხრეს, თეატრიდან დარეკეს, ეთერი არ მოსულაო. ვარიანტი არ იყო, გაეცდინა. ეს წარმოუდგენელი იყო. ბოლო დღეებში კბილი აწუხებდა, ვიფიქრე, კბილი ისევ ასტკივდა და ხუთი წუთით ექიმთან თუ შეირბინა, დააგვიანდა და ამიტომ გააცდინა-მეთქი. სხვა რა უნდა მეფიქრა. მე, ვახტანგი და თენგიზ რუხაძე გავვარდით საძებნელად. შემოვიარეთ ქალაქის ყველა საავადმყოფო. ბოლოს, პროზექტურაშიც მივედით. იქ გვითხრეს, ახლახან მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, ცისფერი ქვედაბოლო აცვიაო. ტვინში დამარტყა. იმ დღეს ეთერს ზუსტად ცისფერი ქვედაბოლო ეცვა. იმწუთასვე ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. იქიდან რომ გამოვედით, ვახტანგი მანქანას ეცა და თავს ურტყამდა. ძალიან ცუდ დღეში იყო… არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო. თეატრში მიდიოდა და მეიდანზე როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. ჰესამდე, ხიდთან რესტორანი „კრწანისია“. იქვე დგას ხუთსართულიანი სახლი. ამ სახლთან დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც თვითმხილველებმა აღწერეს, ეთერი ვიღაც 40-45 წლის ასაკის მამაკაცს ესაუბრებოდა, ამ კაცს წინ ოქროს კბილი უჩანდა და თეთრი თმა ჰქონდაო. ყავისფერი პლაში სცმია. ალბათ, ნაცნობი იყო, თორემ უცნობს ხომ არ დაელაპარაებოდა. თურმე, კამათობდნენ კიდეც. წივილ-კივილი რომ ამტყდარა, ხალხი გაოცებულა – როგორ? ამწუთას აქ არ იდგა და კაცს არ ელაპარალებოდაო?.. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუ თავის მოკვლა უნდოდა, მეიდანზე რატომ წავიდოდა, ამ ლოგიკით, სახლშიც მოიკლავდა თავს. ამ სახლის მეოთხე სართულზე ასულა, ჯერ პლაში გაუხდია, დაუკეცავს, ზემოდან ჩანთა დაუდია, შემდეგ, მეხუთეზე ასულა და გადმომხტარა.
ვერსია – ნარკოტიკები
გავრცელდა ხმა, რომ ეთერ ჭაბუკიანს საზღვარგარეთიდან ნარკოტიკები შემოჰქონდა. ეთერ ჭაბუკიანს სამაგისო არაფერი სჭირდა, რომ ნარკოტიებთან ჰქონოდა საქმე, ეს მე არ მეცოდინებოდა? ანდა, სად იყო მაშინ ნარკოტიკი. ეთერი ისეთი გოგო იყო, ზედმეტად რამეს მოჰკიდებდა ხელს? მით უმეტეს, ნარკოტიკს, ეს ზღაპარია. წარმოუდგენელია. იმხელა სიყვარული და ურთიერთგაგება გვქონდა, ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო არ იყო. დაიწყო გამოძიება. ბევრი ვირბინე აქეთ-იქით. ბოლოს, აზრზე რომ მოვედი, ვიფიქრე, სად, ვისთან დავდივარ-მეთქი. კგბ-ს ვინც უნდა, მაინც იმას იჭერს-მეთქი. ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა. გადამეწურა ყველაფრის იმედი და აღარ ვეკარებოდი მათ. ეთერი ხელოვნების მუშაკთა სახლიდან გავასვენეთ. იცით, ვახტანგმა დასაფლავების დროს რუსულად რა მითხრა? „აი, გუშინ კიდევ ერთხელ დარეკეს და მითხრეს, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლიაო და ყურმილი დაკიდესო“. ვახტანგი, ცოტა არ იყოს შეშინდა. არადა, მას შეეძლო მოსკოვში ჩასულიყო მაშინ და რამე გაეკეთებინა, კაცი მსოფლიოს აზანზარებდა. არავინ არაფერს აკეთებდა და მეც გავჩერდი. ყველა გაჩერდა და მარტო მე რა უნდა მექნა, შვილი მყავდა გასაზრდელი. ერთი ძუძუ არ მიწოვებია მისთვის, თორემ სულ მე გავზარდე… ჩემი ქალიშვილი ინგლისური ენის სპეციალისტია. უნივერსიტეტში ასწავლის, მასაც უნდოდა ბალერინობა, დედამისის მსგავსად, მაგრამ, მე არ გავუშვი. ჩემი სიძე მისი კოლეგაა…
როგორც მარჯანიშვილი
არც ის ვიცი, ვახტანგს რატომ დაბრალდა ოპერის თეატრის დაწვა, ვითომ თავის დისშვილს, თენგიზ რუხაძეს გადაუხადა 50 000 მანეთი – ეს ფული გამნათებლებს დაურიგე და თეატრი დაწვითო. ჯერ ერთი, სად ჰქონდა ვახტანგს 50 000 მანეთი, მილიონერი ხომ არ იყო. შვიდი კაცი გაასამართლეს მაშინ და იცით, რა იკისრა იმ შვიდმა კაცმა? თენგიზმა მოგვცა ფულიო. სად არის ლოგიკა? ეთერი იქ მუშაობდა, თამარი იქ მუშაობდა, თვითონ ვახტანგიც იქ მუშაობდა და რატომ დაწვავდა თავის თეატრს?.. იცით, ვახტანგი როგორი კაცი იყო? რუსთაველზე, ლაღიძესთან რომ გაგევლო მასთან ერთად, ლაღიძის ხაჭაპურსა და წყალზე არ დაგპატიჟებდა, არამცთუ ამხელა ფული ვინმესთვის მიეცა, თანაც თეატრის დასაწვავად. თუ მართლა ვახტანგმა მისცა ფული, მაშინ რატომ ვახტანგიც არ დაიჭირეს, როგორც დამკვეთი? მაგრამ იმთავითვე ასე იყო. მარჯანიშვილიც ასე არ მოსპეს? – შეგვჭამა მარჯანოვმაო. მერე, რომ მოკვდა კაცი, მეტრო, თეატრი და მთელი მოედანი მარჯანიშვილის სახელობის გახადეს. სიცოცხლეში უნდა ადამიანს დაფასება. მერე რა აზრი აქვს რამეს… წყნეთის აგარაკს ვახტანგი რვა წელი აშენდებდა. ლენინური პრემიითა და ფილმის გადაღებებზე აღებული ფულით ააშენა სახლი. ვეუბნებოდი: მუშას ფული უნდა მისცე, აჭამო და ყოველდღე თითო ბოთლი ღვინოც უნდა დაუდგა-მეთქი. ვა, მე ვინ მაძლევს ზედმეტსო, მე რა, ფულს არ ვუხდი მათ? მე აქ ვიშიმშილო, თვითონ ჭამონ, სვან, მაყუთიც აიღონ, ეგრე სად არისო?.. ვახტანგმა ღალატი და ჩაშვება არ იცოდა. პატრიოტი ადამიანი იყო. ამერიკიდან რომ მოდიოდა 20-იან წლებში, მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდნენ, დარჩიო. ქალაქის ცენტრში უზარმაზარ შენობაზე ასეთი წარწერა გააკეთეს – „ვახტანგ ჭაბუკიანი პოკიდაეტ ამერიკუ!“
მას ჰყავდა ცოლი
მას ჰყავდა ცოლი ვინმე ტიხომიროვა. ლენინგარდში ყოფნის დროს მოიყვანა. ულამაზესი ქალი ყოფილა. როგორც ვიცი, მუცელი მოეშალა, მაგრამ ვახტანგისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ვახტანგმა რომ გაიგო, საშინლად გაბრაზდა და იმწუთასვე მიიღო გადაწყვეტილება, გაშორებოდა. ის ქალი მერე მოსკოვში ქართველმა ცნობილმა მომღერალმა კანდელაკმა ითხოვა… მისი საქმე ცეკვა იყო. სცენაზე, უბრალოდ, ისეც რომ გაევლო, მისი ეს ერთი გავლაც იცით, რად ღირდა?! სცენაზე მამაკაცურ თვისებებს აფრქვევდა. ბევრი არა, მაგრამ რამდენინე, ალბათ, ორი ან სამი მეგობარი ჰყავდა. მისი მეგობარი იყო ზურაბ კიკალიშვილი („ვერის უბნის მელოდებში“ ფოსტალიონის როლის შემსრულებელი). ზურაბ კიკალიშვილი ცნობილი მოცეკვავ გახლდათ. ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ბინძური საქმეა კაცზე რამის დაბრალება… სუფრასთან რომ დავჯდებოდით მალევე უნდა ავმდგარიყავით. თვითონ ერთ ლუკმას შეჭამდა და მერე ჩვენ გვეუბნებოდა: აბა, ჩქარა ალაგდით, გეყოფათო. ეთერმა მშობიარობაზე ცოტა მოიმატა 48 კილო უნდა ყოფილიყო და 50 გახდა. კინაღამ გაგიჟდა. ხელად ჩამოაყრევინა წონა. საწყალ დედაჩემს უხაროდა, ცოტა რომ მოსუქდა – სულ გაჩხიკინებული იყო და რა ლამაზი გოგო ყოფილაო.“