“სტალონეს რომ მიგამსგავსებენ, გულნატკენი რატომ უნდა იყო?” – ქეთი გაბისიანი საბა საფარელს ეხმიანება

საბა საფარელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მუსიკალური პროექტის – “საქართველოს ხმა” – ჟიურის წევრებს ბულინგში ამხელს, რისთვისაც საჯარო ბოდიშს და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვს. მუსიკალური შოუს ჟიურიში სხედან – დათო ფორჩხიძე, ქეთი გაბისიანი, ნიკა ნიკვაშვილი, თიკა ბალანჩინი…

საბა საფარელმა “საქართველოს ხმის” ქასთინგზე სიმღერა “ჩემს ქუჩაზე” შეასრულა. მონაწილემ პროექტი დატოვა. ჟიურის წევრებმა ერთმანეთში მასზე კომენტარი გააკეთეს.

გასულ ვიდეოს დიდი განსჯა მოჰყვა, მათ შორის, შოუს ფეისბუქგვერდზე. მაყურებლები წერენ – ჟიურის წევრებმა კონკურსანტს დასცინეს, კომიკური ჟანრი უწოდეს, სტალონეს შეადარესო…

ინტერნეტ გამოცემა “ზმნა” ჟიურის ერთ-ერთ წევრს, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს დაუკავშირდა. კომპოზიტორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას სტალონესთან მსგავსება დამამცირებელი კონტექსტით არ უთქვამს.

ქეთი გაბისიანი: სტალონეს რომ მიგამსგავსებენ, გულნატკენი რატომ უნდა იყო? მითხარით, ეს რას ნიშნავს, ხალხო?

 ასე შეიძლება სტალონესაც ჰგავდე და შვარცნეგერსაც, მაგრამ როცა ამას ირონიული კონტექსტით გეუბნებიან?…

– საერთოდ ბუნებაში არ მაქვს ეგ თვისება და მით უმეტეს, კონკურსანტს როგორ შეიძლება მაგ კონტექსტით მიმართო?! ჩემი ბავშვობის მეგობარია ეგეთი თვალებით, დღემდე სტალონეს ვეძახი, ულამაზესი თვალები აქვს.

მე გაოცებული ვარ, სიმართლე გითხრათ. ჰოლივუდის ვარსკვლავის თვალებს რომ შეადარებ და ამას შეურაცხყოფად მიიღებ, ეს აღქმა ცოტა გაუგებარია.

 კომიკური ჟანრიაო, სტალონეს ჰგავსო…

 კომიკური ჟანრი – ნიკა ნიკვაშვილმა თქვა. რატომაც არა?! ჯიმ ქერია კომიკოსი და საბა რომ იყოს კომიკოსი, დაიქცა ქვეყანა? მითხარით, ხალხნო, რანაირი აღქმაა, რა ხდება ჩვენს თავს?

– ანუ ყველამ, ვინც ეს ნახა, არასწორად გაიგო?

 რასაკვირველია. როგორ შეიძლება კონკურსანტს ასეთი რამ უთხრა. თავში არ მომივა ასეთი რამ.

რატომ სულ ნეგატივი? ჰოლივუდის ვარსკვლავს რომ შეადარებ და ეს რომ შეუარცხყოფად მიგაჩნია, ნორმალური გგონიათ?

– ეკრანზე სხვანაირად ჩანს.

 როგორ გეკადრებათ. არც ეკრანზე ჩანდა ასე. ჩემს ირგვლივ ასე არავის აღუქვია.

ახლა კი ნახეთ, რას წერს საბა თავის ფეისბუქპოსტში, რომელიც შოუს ნახვის შემდეგ გამოაქვეყნა.

“მე მთელი პასუხისმგებლობით მივედი პროექტში “საქართველოს ხმა” , დავდიოდი ქუთაისიდან თბილისში და ზედმიწევნით ვასრულებდი პროექტის ყველა მოთხოვნას, იქნებოდა ეს გულშემატკივრების მიყვანა, თუ იქ საათობით დაყოვნება (8 საათის მანძილზე), როგორც ამას მოითხოვდა მათი სცენარი. ქასთინგის დღეს მეცვა ის, რაც მათ შეარჩიეს და შევასრულე ის, რაც მათ აირჩიეს!

დამატოვებინეს პროექტი, მაგრამ მაინც ლამაზად დავწერე პოსტ , მადლობა გადავუხადე ყველას სათითაოდ და საჯაროდ ჩემი პოსტით.

გადის ტელევიზიით ლაივი, ვუყურებ და უეცრად აღმოვაჩინე, რომ როგორც კი სცენიდან გავდივარ, იწყებენ ჩემს ბულინგს.

მე ეს არ მომწონს და არ დამიმსახურებია.

მოვითხოვ საჯარო ბოდიშს ჟიურის ოთხივე წევრისგან და ფულად კომპენსაციას მორალური ზიანის გამო თავად არხისგან!

არავის აქვს უფლება შეეხოს ჩემს გარეგნობას და განხილვის საგნად აქციოს!

დაუშვებელია ასე მოექცე ადამიანს, ვინც მადლობით მიიღო პროექტიდან გაშვება!

ეს არხი – “რუსთავი 2” , მეორედ მომექცა არასწორად. პირველი რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც გადაღებული ნომერი გადაცემისთვის – “გული მღერის” – ეთერში არ გაუშვა და მეორე რაზეც ზევით ვისაუბრე!” – წერს საფარელი სოციალურ ქსელში.

“ზმნა” საბა საფარელს დაუკავშირდა:

საბა საფარელი: მე ყველაფერი პოსტში მიწერია გარკვევით. გეტყვით, რატომ სურდათ ჩემი შოუში გამოყვანა.

ამ შოუში არ მიიღეს სხვა პროფესიონალი მომღერლები, რომლებმაც შეავსეს ანკეტა, მაგრამ მათთვის არ დაურეკავთ. ვიცნობ პირადად რამდენიმეს. მე მაშინვე დამირეკეს, ანკეტის შევსებიდან ათ წუთში. რატომ? იმიტომ, რომ მათ გამიზნული ჰქონდათ ჩემი შოუში გამოყენება. მე მრავალ ათასიანი გამომწერი მყავს. ამ პროექტის გვერდმა კი, ჩემი მონაწილეობის შემდეგ შეიძინა უამრავი გამომწერი. აი, ამიტომ უნდოდათ მათ ჩემი მონაწილეობა შოუში.

მერე ისეთი დაიჭირეს, თითქოს მე ვერ მიცნეს და პირველად მხედავდნენ. თითქოს არაფერი გამიკეთებია, ეს მაშინ, როცა უამრავ მონაწილეს შეხვდნენ ზარზეიმით. მე არ მშურს, მე ვგმობ მიკერძოებულ დამოკიდებულებას. თუ ხარ ჟიური და გრძნობ პასუხისმგებლობას, უნდა მოიქცე ღირსეულად და შეასრულო დაკისრებული მოვალეობა.

www.zmna.ge