“იმავე გზას ნამდვილად არ გავივლიდი, ბევრ რამეს შევცვლიდი…”

მომღერალ თამთა ჭელიძის ოცნება, კინოინდუსტრიაში ფეხის შედგმა იყო, რაც ჯერ ვერ აისრულა. მართალია, სერიალებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, კინო სულ სხვა განზომილებაა. გარდა სასიმღერო კარიერისა, ტელესივრცეში საკმაოდ რეიტინგული გადაცემა აქვს, სახელწოდებით – „რა გვსურს ქალებს“, რომლის ავტორი და მთავარი პროდიუსერიც თავად გახლავთ. ერიდება სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ცდილობს, წინასწარ დაგეგმოს ყველაფერი. ოჯახის დანგრევის შემდეგ ახალი ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია. თუმცა, გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი და, რაც მთავარია, შვილი, რომელიც მისი მესაიდუმლე და ყველაზე ახლო მეგობარია.

– რაც დრო გავიდა და წლები მომემატა, მივხვდი, რომ ძალიან რომ განვიცდიდი და მეტად ვნერვიულობდი ისეთ საკითხებსა და მოვლენებზე, რომლებსაც შეიძლება, მარტივად შეხედო, აზრი არ ჰქონდა. თუმცა, ვერ შევიცვლები, სულ ვინერვიულებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა.

– ცხოვრებაში, წარმატებული და იღბლიანი დღეების მიღმა არის წარუმატებელი და უიღბლო პერიოდები. რომელი იყო შენთვის ასეთი, რომელიც მძიმედ გადაიტანე?

 

– ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა, როცა ლიზა ძალიან პატარა იყო. ოჯახი დამენგრა, ვიყავით მარტო და რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 6 წელი დამჭირდა, რა თქმა უნდა, იყო დეპრესიაც. ეს მხოლოდ ოჯახის დანგრევას არ უკავშირდებოდა, ორსულობის პერიოდიც რთული მქონდა. თითქმის შვიდი თვე ვიწექი, ყველაფრიდან ამოვვარდი – თეატრში სპექტაკლი ვერ ვითამაშე, სიმღერების ჩაწერაზე ზედმეტი იყო საუბარი, ანუ პროფესიულად ძალიან უკან დავიხიე, ამან შემარყია და დეპრესიაში აღმოვჩნდი. თუმცა, იმ რთულ პერიოდში გამოჩნდა მაიკო კაჭკაჭიშვილი და სამი კარგი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც გამოსვლისთანავე გაჰიტდა. ლევან ლაზარაშვილთან დუეტში ჩაწერილ სიმღერაზე კი ვიდეორგოლიც გადავიღე. მოკლედ, ის ექვსი წელი საკუთარი თავის ძებნაში ვიყავი, განვითარება მინდოდა და ამის საშუალება არ მქონდა, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავდა.

– ოჯახის შექმნა აღარ გიფიქრია?

 

– მყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც უკვე ექვსი წელია, ვცხოვრობ. ოფიციალურობა, დაკანონება და ხელის მოწერა სიყვარულს ნამდვილად არ სჭირდება. ამის გარეშეც ჯანსაღად და მშვიდად ვგრძნობ თავს. ასე რომ, როგორც ქალი ბედნიერი ვარ, როგორც დედა – უბედნიერესი, შემოქმედებითი კუთხით – აქტიური და იმავდროულად, მაქვს გადაცემა ტელევიზიაში. როგორ შეიძლება, რამეზე დავიწუწუნო და უმადური ვიყო? მიმაჩნია, რომ შემდგარი ქალი ვარ, თუმცა, მაინც მინდა, კიდევ ბევრი კარგი რამ გავაკეთო. ბუნებით ზარმაცი არ ვარ, შრომა არ მეზარება და იმედია, ყველაფერს შევძლებ.