“ივერია” ჩემი მეორე ოჯახია და გია ბაღაშვილის გადაცემაში გაჟღერდა ეს ამბავი პირველად”

თამუნა ამონაშვილი და რეზი არჩვაძე დღეს უამრავ მილოცვას იღებენ. თუმცა იონას და მელანიას მშობლები პირველ სექტემბერს გახდნენ. ეს უდიდესი ბედნიერება, აქამდე, საჯარო გახმაურების გარეშე მოიტანეს.

22 წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.

როგორც თამუნა “ზმნასთან”ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.

მისი ხმა რომ მოისმინოთ, სასწაულების მაშინვე დაიჯერებთ. თამუნა ბედნიერებას ასხივებს, ტელეფონში საუბრის დროსაც კი… და მე წარმომიდგენია, როგორ უბრწყინავს თვალები, როდესაც უკვე შვილებზე გესაუბრება. უამრავჯერ ჩამიწერია და მისგან ძალზე დადებითი ენერგეტიკა მოდის, მაგრამ ახლა რომ მან საუბრისას დამმუხტა, ასეთი ენერგია იშვიათად მიმიღია. ეს ჭეშმარიტი ბედნიერების გამოსხივების შეგრძნებაა…

თამუნა ამონაშვილი: სასწაული მოხდა. არ ვიცი, რა ვთქვა. ემოციებში ვარ, ვერ ვმშვიდდები. ეს არის გრძნობა, რომელიც არაფერს არ ჰგავს. ვერ აკონკრეტებ შეგრძნებებს.

დედობა საოცრებაა.

პირველ სექტემბერს დაიბადნენ, ნაადრევად, რვა თვიანები გაჩნდნენ. 23 დღე ინკუბატორში გაატარეს.

ყველანაირად რომ შევიგრძნოთ ბავშვები, ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ მე და რეზი, ყოველგვარი ძიძისა და მომვლელის გარეშე.

 თამუნა როგორ მოახერხეთ აქამდე დაგემალათ ამხელა სიხარული?

 საჯაროდ არ გაგვიმხელია, თორემ ისე არ დაგვიმალავს. ჩვენს გარშემო ყველამ იცოდა, ვინ არ მირეკავდა. “ივერია” ჩემი მეორე ოჯახია და გია ბაღაშვილის გადაცემაში გაჟღერდა ეს ამბავი პირველად და ექსკლუზიურად.

ხომ იცით ზოგადად, რამხელა ნეგატივი ტრიალებს სამყაროში, ჩვენს გარშემო. ვის ვეპრანჭები და რად მინდოდა ხმამაღლა ამის აფიშირება? მთავარია ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელად, მშვიდობა და სიწყნარე მქონდეს ოჯახში. და პირადი ცხოვრების აფიშირება პრეროგატივა არ არის. ზოგი ოთახიდან ოთახში როგორ გადის, იმას წერს სოციალურ ქსელში. ეს მე მაღიზიანებს, მიუღებელია. იმდენი რამ ხდება, იმის ერთ პროცენტს თუ დავწერ ჩემს კედელზე.

– ეს რთულია. როგორ ახერხებ?

 მირჩევნია მშვიდად ვიცხოვრო. საზოგადოებიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მაგრამ სადღაც, ვიღაც ყოველთვის არის, ვისაც სხვისი ბედნიერება არ სიამოვებს, შურს, მასზე ცუდად მოქმედებს… ჩემს მეუღლესთან ერთად ფოტოებს არ ვდებ, კაფეებში ჩვენც დავდივართ და დროსტარება ყველას გვაქვს, მაგრამ მე ამის აფშირებას არ ვახდენ. არ შემიძლია. ძალიან იშვიათად ვდებ ფოტოს, ისიც იმიტომ, რომ მე თვითონ არ დამავიწყდეს ჩემი თავი (იცინის)

რომ არ ვჩანდით, მილიონი ჭორი დადიოდა, რომ თითქოს მე და რეზი ერთად აღარ ვართ. ათი წელია საქართველოში ვარ, რეზი ხუთი წლის წინ ჩამოვიდა.

რეზის მოსკოვში ყოფნა იმ დროს საჭირო იყო, ჩვენ რომ იმის შესაძლებლობა გვქონოდა, რომ შვილების კუთხით გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩემი ოჯახის პრობლემაზე საჯაროდ რატომ უნდა ვისაუბრო? ამ ჭორებს არც ვაქცევდი ყურადღებას, არც მე ვდებდი არაფერს და ნელ-ნელა მიიჩქმალა…

– რომ არ ჩანხარ, დიდი ინტერესიც ამიტომ არის შენს მიმართ. ამგვარი სიახლით გამოჩენა კი ნამდვილად ჩაგეთვალა…

 მე მირჩევნია ხალხს მოვენატრო, ვიდრე თავი მოვაბეზრო. თვითონ მბეზრდება, როცა ვუყურებ სხვების ამდენ უაზრო პოსტს და ფოტოს და მე რატომ მოვაბეზრო სხვას თავი?

– მოდი, ტყუპებზე მომიყევი.

 კარგი ზნის ბავშვები არიან. საოცრებები… ალბათ, ნათლისღებისთვის მოვნათლავთ. ჯერ მომძლავრდნენ, ცოტა მოსაფერებლები გახდნენ და მერე.

ძალიან მაძლიერებს ბავშვების ენერგია. ხუთი წუთი რომ დავჯდე, მიღწევაა. სულ ვტრიალებ და რუტინაში ვარ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. მერე ვხვდები, რომ ეს უფლის მონიჭებული დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვწვებოდი, ადრე ვდგებოდი, იყო მომენტი დაღლილს მეღვიძებოდა. ახლა ენერგიული ვარ. ენერგიებზე მუშაობა მიყვარს. სწორად ვანაწილებ. სიმღერით ვიღვიძებ, საჭმელს სიმღერით ვამზადებ და ისეთი გემრიელი გამოდის, საუცხოო. მოკლედ, ბავშვებმა საოცარი ენერგია შემოგვიტანეს.

– ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპებთან შესახვედრად როგორ მოემზადე?

– ნინო მუსერიძემ უდიდესი დამხარება გაგვიწია. საოცრება გააკეთა ჩემი ფსქიოლოგიურად მომზადებიდან დაწყებული ამ საქმის ბოლომდე დაგვირგვინებით. რამხელა ფსიქოლოგიური გზა უნდა გაიარო – შენი შვილები უნდა გაჩნდნენ!

რეზიკო ისევეა ჩართული ბავშვების აღზრდაში, როგორ მე. ჩვეულებრივ დავდივარ ჩაწერებზე, გადაცემებში. ამ დროს რეზიკოა ბავშვებთან. ერთ დონეზე ვუვლით ორივე. საოცარი მშობლური ფლუიდები გაგვეხსნა…

 დედობა გვიანი არასდროს ყოფილა. საოცარია შენი მოსმენა…

– არასდროს. მოსკოვში ვმკურნალობდი. ჩვენი მასალა გავყინეთ კიდეც. დიდ თანხებზე იყო საუბარი… უფრო ადრე ეს ვერ შევძელით. მაგრამ ყველაფერი ერთიანად მომწიფდა – ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, ყველანაირად. ეს ყველაფერი ისე წავიდა, რომ დავრწმუნდით – უფლის ნების გარეშე ადამიანს მართლა არ ჩამოგივარდება თმა. ღმერთს მადლობა, დიდებულს. სიტყვა უფალი და მისი თანადგომა ჩემი ცხოვრების ყველა წამშია. ამის გარეშე არაფერი არსებობს.

დედობის შეგრძენა ზე ამაღლებულია. მთავარია, გამოსცადო. თუ გაქვს იმის ენერგია, შინაგანი მდგომარეობა, რომ გაზარდო შვილი, ამის იქით არაფერია უფრო მნიშვნელოვანი.

ხშირად მიფიქრია, რა მისია მაქვს ცხოვრებაში-მეთქი. რა თქმა უნდა, ისიც მისიაა, რასაც ვაკეთებ. ვარ მომღერალი, თითოეული სიმღერა ადამიანების გულში და ფსიქოლოგიაში გადატრიალებას ახდენს. უთქვამთ, რომ თქვენს სიმღერაზე შეგვიყვარდა ერთმანეთი, შევუღლდით, თქვენს სიმღერაზე შევრიგდითო და ასე შემდეგ. და იმ დროს, როცა შვილის ყოლას ვერ ვახერხებდი, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მომღერლობა იყო ჩემი მისია. დედობა რომ არ გამომდიოდა, ფარხმალი არ დამიყრია. და ეს მოხდა მაშინ, როცა ყველაფერი კომპლექსურად მომწიფდა.

მადლობას ვწირავ უფალს და მთელ სამყაროს ამ უდიდესი საჩუქრისთვის. უფლისგან საჩუქრებით ყოველდღიურად ვართ განებივრებული. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, რომ ეს საჩუქარია. განა ყოველი დილა საჩუქარი არის? ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვიღებთ. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი. ყველა დღე უფლის ნაჩუქარი დიდი დღესასწაულია. თუნდაც ჩვენი მოვლინება ამქვეყნად.

ასე დაგვირგვინდა ჩვენთვის უდიდესი საჩუქარი უფლისგან.

მადლობა, მადლობა, მადლობა უფალს, ჩვენს განგებას. მე მარტო ამას ვერ შევძლებდი. მე მარტო არ მაქვს ამის ძალა და უნარი. ეს უფლის ნებაა…

ახლა მე ზღაპარში ვიმყოფები. მთელი გულით და სულით, უფალს სიხარულის ცრემლებით ვუხდი მადლობას.

https://www.zmna.ge