ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ორი დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, დიზაინერს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი გუშინ საღამოს გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას. დათუნა სულიკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სულიკაშვილის დაკავების შემდეგ, ცნობილმა ტიკტოკერმა Itsmariamna-მ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის დიზაინერის „ბოლო დაზარალებულია“.
მისი თქმით, სულიკაშვილი მას „არარსებული ნივთების სანაცვლოდ“ სთხოვდა ფულს:
“ასობით ასეთი „ქეისი“ აქვს. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საჯარო გავხადე, მან ჩემს მიმართ მუქარა და შანტაჟი სცადა…. ისიც იცოდა, რომ ამ ეტაპზე ვარ ორსულად. თუმცა, არაფერმა შეუშალა ხელი ჯერ თაღლითობაში, ხოლო შემდეგ შანტაჟში და მუქარაში. მისი ქცევები ალბათ ნარკოდამოკიდებულებით აიხსნება. ცალსახად საშიშია მისი გარეთ ყოფნა საზოგადოებისთვის, ბოროტად იყენებს ყველას მის გარშემო და საკმაოდ ვრცელ კავშირებს, რომელიც მისი „აღმასვლის“ პერიოდში მოაგროვა!“