როგორ დაამარცხა ვეკო ბუჩუკურმა ლეიკემია და როგორია მისი ცხოვრება დღეს საფრანგეთში

მსახიობმა ვეკო ბუჩუკურმა მრავაწლიანი ბრძოლა მოიგო. მან ლეიკემიაზე გაიმარჯვა. დიდი და რთული გზა გაიარა, რაც მთავარია, არ დანებდა და შედეგსაც მიაღწია.

– ვეკო, ჩვენი წინა ინტერვიუდან 5 წელზე მეტია გასული, მაინტერესებს როგორ ხარ ახლა, როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– საბედნიეროდ, კარგად ვარ და როგორც ჩემი ექიმი ამბობს – მე გავიმარჯვე! ტრანსპლანტაციიდან მეშვიდე წელია და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გავიმარჯვე. ახლა უკვე ისე ხშირი კონტროლი აღარ მიწევს, როგორც ადრე, რადგან ყველაფერი წესრიგშია. თუმცა რადგან ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნოდეფიციტური გავხდი, ანუ, იმუნიტეტი აღარ მაქვს, მაინც სულ რაღაც პრობლემებში ვარ. მაგალითად, ვირუსი თუ შემხვდა, ორი სამი კვირა ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. გასაკვირიც არ არის, რადგან ტრანსპლანტაცია მარტივი ამბავი არაა. ძალიან რთული დღეები, თვეები და წლები გავიარე. რომ მეგონა, ძვლის ტვინს გადავინერგავდი და სახლში წამოვიდოდი, ასე არ მოხდა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს ცოცხალი ვარ და გვერდით მოვლენებს როგორღაც ვუმკლავდები.

– მთავარი შეძელი – ლეიკემია დაამარცხე. ტრანსპლანტაციის შემდეგი წლები როგორი იყო?

– სხვათა შორის, ამ თემაზე ჩემს ბლოგში ხშირად ვსაუბრობ, არაფერს ვმალავ, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ვინც ახლა ებრძვის ამ დაავადებას, ჩემს გამოცდილებას პირდაპირ საკუთარ თავთან ნუ გააიგივებენ, რადგან ყველას ორგანიზიმი ინდივიდუალურია და შესაბამისად, ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს მასზე. მე რომ რეაბილიტაციისთვის 4 წელი დამჭირდა, შეიძლება, სხვას რამდენიმე თვე დასჭირდეს. ჩემს შემთხვევაში ტრანსპლანტაციას ბევრი გართულება მოყვა და ამიტომ გაიწელა დროში. თუმცა, მე ვიცი ადამიანი, რომელმაც ძვლის ტვინი გადაინერგა და ერთ წელიწადში ჩვეულებრივად გრძნობდა თავს. მე 6-7 თვე ეტლში ვიჯექი და ეს პერიოდი ძალიან რთულად გავიარე. ვიზუალურად იმდენად შეცვლილი ვიყავი, მეგობრები რომ მიყურებდნენ, ფიქრობდნენ, რომ ბოლო დღეები მქონდა, რაც მოგვიანებით გამიმხილეს. მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი განწყობაა, გულწრფელად რომ ვთქვა, ერთხელაც არ დამიშვია, რომ ჩემი მკურნალობა ფატალურად დასრულდებოდა.

– როგორ პოულობდი საჭირო ძალას?

– ძალას რწმენა მაძლევდა. თუ შენ გწამს იმის, რომ კარგად გახდები და თუ გწამს საკუთარი თავის, ასეც იქნება. უარყოფითი ფიქრი არ მომდიოდა. შეიძლება, რაღაც მომენტში გამეფიქრა ცუდზე, მაგრამ არც მაგის მეშინოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს პროცესი ცუდად არ დასრულდებოდა. რწმენა, ლოცვა და განწყობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე, 6 თვის განმავლობაში მორფს ვიღებდი და ალბათ, ესეც დამეხმარა. იმას ვგულისხმობ, რომ ბოლომდე საღ გონებაზე არ ვიყავი და მოვლენებს მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამდი. ჩვეულებრივ რიტმს რომ დავუბრუნდი, მთავარი, რამაც ძალა მომცა განწყობის თეორია იყო. ჩემს თავს იმას კი არ ვეუბნები, რომ მომავალში გავხდებოდი კარგად, ახლაც კარგად ვარ და მომავალშიც კარგად ვიქნებ-მეთქი – ამას ვუმეორებდი, თან, რაც შეიძლება ხშირად.

ჩემი ექიმის სიტყვები ჩამრჩა გონებაში. მან მითხრა, თუ საკუთარ თავს არ გაამხნევებ და ძალას არ მისცემ, ეს ქიმია წყალივით წავა შენს ორგანიზმშიო. დღემდე ეს სიტყვები მახსოვს და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ დადებით შედეგზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს.

გარდა ამისა, ჩემი შვილი იყო მთავარი ძალა – მას დედა უნდა ჰყოლოდა!

ძალიან გამზარდა ამ დაავადებამ, უფრო მეტიც, მსოფლმხედველობაც კი შემეცვალა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ განსაცდელისგან. პირველ რიგში, სიცოცხლე დავაფასე. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესში არც კი მიტირია. მხოლოდ ჩემი შვილის მონატრებისგან შეიძლება, მეტირა, სანამ ჩემთან ჩამოვიყვანდი, მაგრამ არა არსებული მდგომარეობის გამო.

– როგორ გახსენდება ის წამები, როცა ექიმმა გითხრა, რომ შენ გაიმარჯვე?

– სხვათა შორის, ეს ახლახან იყო. მაშინ ნამდვილად ვიტირე, სიხარულის ცრემლები მომდიოდა. ამ დაავადებას აღვიქვამ, როგორც ჩემი ცხოვრების უდიდეს გამოწვევას. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. თუ არ დანებდები და შენ გონებას დააჯერებ, რომ გამოგივა, ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ უცხო ქვეყანაში გადმოვიდოდი სამკურნალოდ. იქ, სადაც არავის ვიცნობდი, არც მათი ცხოვრების წესისა თუ კულტურის შესახებ ვიცოდი და ენასაც არ ვფლობდი.

საკუთარ თავს თვითონ ვაძლევდი მოტივაციას. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიაც მქონდა, პანიკური შეტევებიც და დღემდე ვებრძვი პრობლემებს, ამ პროცესს რთულად არ აღვიქვამ – ცხოვრებაა.

– როგორ მოახერხე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და შენი პროფესიით, ანუ, როგორც მსახიობს, თუ გქონდა მცდელობები?

– საფრანგეთში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, როცა ენა არ იცი. რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ ფრანგულის გრამატიკა რთული აღმოჩნდა ჩემთვის. თუკი რამე ენის კურსი არსებობს, ყველა გავიარე.

ჩემმა შვილმა აქ დაიწყო სწავლა და მის დავალებებსაც ვაკეთებდი, რომ წინსვლა მქონოდა. „იუთუბზე“ ახლაც ვუსმენ ფრანგულ ვიდეოებს. პროფესიის შეცვლა მინდოდა და რაღაცები ვისწავლე. საფრანგეთი გაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ ასაკში შეიცვალო პროფესია და დღემდე ვსწავლობ. ყოველმხრივ კარგი ქვეყანაა და მასზე ცუდს ნამდვილად ვერასდროს ვიტყვი. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ კარგი გამიკეთა. რაც შეეხება მსახიობობას, ვცადე ამ მიმართულებით აქტიურობა, სამჯერ მქონდა გადაღება, მაგრამ მე ისეთ ქალაქში (ბრესტი) ვარ, აქ ნაკლებად არის ამ პროფესიით რეალიზების შანსი. ახლა ვცდილობ, პარიზში ან მასთან მდებარე ახლო ქალაქში გადავიდე საცხოვრებლად. ძალიან მინდა, ჩემი პროფესიით განვვითარდე. რთულია როცა ხელოვნება გიყვარს და სხვა განხრით გიწევს მუშაობა, თორემ ესეც ვცადე.

– სოციალურ ქსელში აქტიურობა შენი ცხოვრების ნაწილი გახდა, როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– კოვიდის პერიოდში დავიწყე „ტიკ-ტოკზე“ აქტიურობა. მერე აღარ გავაგრძელე და შევცდი, რომ ასე მოვიქეცი. ძალიან მაკლია ხალხთან და სცენასთან ურთიერთობა და ამ ბლოგით ვივსებ დანაკლისს. მერე, როცა ისევ დავიწყე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდნენ რომ გაუხარდათ ჩემი გამოჩენა. ხანდახან ვფიქრობ, რა გავაკეთე სამყაროში ისეთი, რომ ასე მიფასდება და რა მაგარია, რომ ადამიანებს არ ეზარებათ სითბოს გამოხატვა. მგონი, მეც კარგად გამომდის ამ მხრივ აქტიურობა და აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან მინდა, რომ მათ, ვინც ახლა იბრძვიან და რთული პერიოდი აქვთ, ჩემი სახით, ჰყავდეთ ისეთი ადამიანის მაგალითი, ვინც ეს ყველაფერი გაიარა და დღეს კარგადაა. მინდა, მათ მოტივაცია მივცე, რადგან ვიცი, რომ ამ გზაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ვლოგის დევიზიც ზუსტად ესაა – სანამ ცოცხალი ხარ არ გაბედო სიკვდილი! უნდა იბრძოლო ბოლომდე, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

და ბოლოს ვიტყვი, არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი. როცა გგონიათ გამოუვალი მდგომარეობაა, ზუსტად მაშინ გამოჩნდება გამოსავალი!