2025 წლის 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი აქამდე არ დასახელებულა.
დღეს სალომე ახალ ეტაპს იწყებს. ის „რუსთავი 2“-ის გუნდს შეუერთდა და პირველი ემოციური ინტერვიუ ეკა სესიკაშვილის რუბრიკაში, „დაუვიწყარი ემოცია“, მისცა. ეს იყო გულახდილი საუბარი ტკივილზე, გადარჩენაზე, შვილსა და იმ უდიდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას მარტო დარჩენის შემდეგ დაეკისრა.
„ჩემი ფიქრები იქითკენ იყო მიმართული, რომ სანტისთან ერთად ყოფნისას ახლა რაღაც არ დამმართნოდა… უნდა გამეშვა სახლიდან და მერე ეთქვათ ყველაფერი; მერე გავუსწორებდი თვალს მომხდარს და მოხდებოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო…
ალბათ, ერთხელ და უკანასკნელად შევეხები ამ თემას, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ამის გახსენება ძალიან მძიმეა…
იმ მომენტშიც კი, როცა ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა, მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი. ლაშას დედაც იქვე იყო, ერთად ვიყავით… ვხედავდი, ისიც ისე ცუდად იყო, რომ ამ ყველაფერს ვერ… უფრო სწორად, დიდხანს ვერ იჯერებდა, ალბათ, ვერც მე ვიჯერებდი. გარშემომყოფებიც ხედავდნენ ამას და რაც უნდა ეთქვათ, ვერ გვეუბნებოდნენ. თან ცდილობდნენ, ილუზიაში არ დავეტოვებინეთ, მაგრამ საშინელი სიტუაცია იყო…
ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ამ გარემოში იყო სანტიც – ჩემი შვილი. ჩემი ფიქრები იმ წამს იქით იყო მიმართული, რომ როგორმე ბავშვი სახლიდან გამეშვა და ასეც მოვიქეცი. ვჩქარობდი, სანტი წასულიყო, რომ მერე, რაც უნდა დამმართოდა – იქნებოდა ეს ბოლომდე გაგიჟება, ისტერიკა თუ სხვა რამ – მომხდარიყო მერე და არა იმ წამს. შევეცადე, საკუთარი თავი მეკონტროლებინა და ეს ყველაფერი იმ დროისთვის გადამედო, როცა სანტი ოთახში აღარ იქნებოდა.
ზუსტად არ ვიცი, ბოლომდე მაქვს თუ არა ეს ყველაფერი გააზრებული, მაგრამ ვცდილობ, რეალობას თვალი გავუსწორო. ყოველ შემთხვევაში, გონება პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე, იმიტომ, რომ კონკრეტული გეგმები და მიზნები მაქვს, რომლებსაც უნდა მივყვე.
ბევრად დიდი მოვალეობები და პასუხისმგებლობები გამიჩნდა. ზოგადად, არ ვარ „პრინცესა გოგო“, რომელსაც მთელი ცხოვრება ყველაფერი მორთმეული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში ეს მოვალეობები რაღაცნაირად უმტკივნეულოდ გადაიბარა ლაშამ… ბევრი რამ აიღო თავის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მიდგას ლაშას უამრავი მეგობარი, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრებზე აღარც ვსაუბრობ… მაინც არის რაღაცები, რაც მხოლოდ შენია. მე ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწორო და მივყვე არსებულ მოცემულობას, სხვა გზა არ მაქვს.
როცა მივხვდი, რომ ეს იმ ემოციების კრებულია, როცა გინდა, ყოველ წამს ამ ადამიანთან ერთად იყო, როცა ყველა ფიქრი და გეგმა მას უკავშირდება – აი, მაშინ მივხვდი, რა ყოფილა სიყვარული. ჩემში ამ დიდი ემოციების ამოხეთქვა ცრემლთან იყო დაკავშირებული,“ – ამბობს სალომე ბაკურაძე.