“ჩემი მეორე დაბადების დღეა…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ანუკი ასათიანთან

„დღეს, ჩემი მეორე დაბადების დღეა“ – ამ სიტყვებით იწყებს 31 წლის ანუკი  ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს, სადაც წარმოუდგენელ შედეგზე საუბრობს, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მან წარსულს 83 კილოგრამი ჩააბარა და საზოგადოებას საკუთარი ტრანსფორმაციით უმტკიცებს, რომ ნებისყოფას საზღვრები არ აქვს.

– გახსოვთ, ის მომენტი, როცა მიხვდით, რომ ბარიატრიული ოპერაცია თქვენთვის ერთადერთი გამოსავალი იყო?
– 15 წლიდან სულ ვებრძოდი ზედმეტ  წონას  იმის მიუხედავად რომ ყველა მეთოდი ვცადე… ვარჯიში, სწორი კვება, დიეტები, შიმშილიც კი, სასურველ შედეგს ვერ ვიღებდი. ამ ყველაფრით კვებითი აშლილობაც დავიმართე და ბოლოს ძალიან გამექცა წონა. ბარიატრია ჩემთვის ბოლო ნაბიჯი იყო უკვე. იმდენად დაღლილი ვიყავი საკუთარ წონასთან ომით , რომ არანაირი შიში არ მქონია . პირიქით ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ოპერაციის დღე.

– ბევრი ფიქრობს, რომ ბარიატრია „მარტივი გზაა“. რას ეტყოდით მათ, ვისაც ჰგონია, რომ ოპერაცია ყველაფერს თავისით აკეთებს?
– ბარიატრია ბევრად უფრო რთული გზაა ვიდრე დიეტები და სწორი კვება. იზღუდები წყლის დალევაშიც კი,  ყლუპები უნდა ითვალო… ის რომ ოპერაცია გავიკეთე და მორჩა ყველაზე მცდარი წარმოდგენაა.  უნდა დაემშვიდობო  შენს კვებით ჩვევებს, აკონტროლო პორციები და რას მიირთმევ ისიც. ხშირად არის რომ ან ვერ იკლებენ, ან ისევ იმატებენ… ეს იმიტომ ხდება რომ ან გაუაზრებლად იკეთებენ ამ ოპერაციას ან  მხოლოდ  ქირურგის იმედზე არიან. რეალურად ამ ოპერაციის აზრი კვების კულტურის ჩამოყალიბება და შენარჩუნებაა.

– როგორი იყო პირველი შეგრძნება, როცა სარკეში „ახალი საკუთარი თავი“ დაინახეთ?
– ახალ მე – სთან შეგუება დღემდე მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მალევე მქონდა. ხანდახან ისევ ისეთი მგონია ჩემი თავი, როგორიც ადრე ვიყავი .

– როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა?
– შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში,  ბულინგისგან დავისვენე, რაც ჩემი ყოველდღიურობა იყო. სამწუხაროდ, ვიზუალი ბევრ რამეს წყვეტს ცხოვრებაში. შეიცვალა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ენერგია,  და რა თქმა უნდა, ცხოვრების ხალისიც უკეთესობისკენ შეიცვალა.

 რა არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ 83-კილოგრამიანმა გზამ გასწავლათ?- 83 კილოგრამი ამ ეტაპზე, ჩემთვის, მხოლოდ ციფრები არ არის. ბევრი შეტყობინება მომდის, რომ ვიღაცისთვის მოტივაცია ვიყავი და ვარ. ემოციურად  ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, რადგან ვიცი, ვისაც საკუთარი სხული არ მოსწონს რამდენად სტრესულია მისთვის ყოველდღიურობა და ჩემი შედეგი მოტივაციას აძლევს.  ყველა ადამიანი მეამაყება ვინც მიზანი დაისახა და  ბოლომდე იბრძვის მისთვის.