“მეშვიდე კლასში ვიყავი, კედელზე ხუთჯვრიანი დროშა ეკიდა და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს ნაცების დროშააო”

მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მოექცა, როდესაც გინესის რეკორდსმენთა სიაში შევიდა. დღეს იგი ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა საკუთარ ბავშვობასა და იდენტობაზე გოგი გვახარიას რუბრიკაში „შვილები“ გულწრფელად ისაუბრა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ სანდრა ტიპური ნიდერლანდელი ქალია, მაგრამ მე, რეალურად, არც ვიცი, როგორები არიან ისინი, რადგან მე მხოლოდ სანდრა ვიცი. ამ ქვეყანაში ბევრს არ ვიცნობ. ბავშვობის გამო მაქვს მშობლიური გრძნობები, ენაც ძალიან კარგად ვიცი – მე და ნიკუშა დღესაც ჰოლანდიურად ვსაუბრობთ ერთმანეთში. საქართველო ძალიან მიყვარს, ერთხელ მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო და მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ქართველი ვარ-მეთქი. ჰოლანდიურ პოლიტიკაში რა ხდება, აზრზე არ ვარ.

ბაღში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო ჩხარტიშვილის [ვანო ჩხარტიშვილი] შვილი. მიშას არ სიამოვნებდა, მაგრამ სანდრას პირიქით, ძალიან კმაყოფილიც იყო ამ ფაქტით. მიშასთვის, რადგანაც პოლიტიკაშია, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ამიტომ მისთვის უფრო რთულია, რატომ შეუძლია მის შვილს ეს გვერდზე გადადოს ან არც კი იფიქროს ამ საკითხზე.

უცნაური რაღაცები ხდებოდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, კედელზე ხუთჯვრიანი დროშა ეკიდა და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს ნაცების დროშააო. ამას ვიტანდი, ერთხელ ავტირდი კიდეც, მაგრამ არ შევედი კამათში“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.