“ოცნებას” კი არა, ბიძინა ივანიშვილს ვიცავ: უმისოდ „ნაციონალურ” ჯოჯოხეთს ვერავინ დაამთავრებდა”

გაზეთ “თბილისის” ყოფილი რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩემკენ გამოიხედოს სააკაშვილმა და მისმა ყველა თანაგუნდელმა.
მათი უტიფარი მზერა ვერ შემაკრთობს.
***
ჩემკენ გამოიხედოს მარიკა ვერულაშვილმა და გაიხსენოს, როგორ დავურეკე და ვაცნობე, რომ უგულავამ გაზეთ „თბილისის” დახურვა გადაწყვიტა.
აი, მისი სიტყვები: „ბატონო სოსო, ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. ახლა გზაში ვარ. კახეთიდან მოვდივარ. პირდაპირ პრეზიდენტთან მივალ. უგულავა ამას ვერ გაბედავს.”
***
ცნობისათვის: მარიკა ვერულაშვილი ჩემი სტუდენტი იყო. იურიდიულის პარალელურად, მეორე პროფესიად ჟურნალისტიკა ჰქონდა არჩეული. მაშინ უნივერსიტეტში იყო ამის შესაძლებლობა და მეც ახალბედა ლექტორი ვიყავი.

მივიდა?
რა უთხრა?
რა უპასუხა?
არ ვიცი.
უგულავამ კი გაბედა.
ცხადია, „იმასთან” შეუთანხმებლად ვერ გაბედავდა.
***
არავის უფიქრია, რამდენი ღირსეული ჟურნალისტი დარჩა უმუშევარი, ისეთნი, პროფესიასა და დედაქალაქს ათეული წლები კეთილსინდისიერად რომ ემსახურენ.
***
მეც, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, ფაქტობრივად, უმუშევარი დავრჩი.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემიის „ოქროს ფრთის” ლაურეატი ვიყავი.
ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემი „ოქროს ფრთა” მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ლომბარდში დავაგირავე.
პროცენტის გადახდის ვადა აღდგომას დაემთხვა. ვიფიქრე, ამ დღესასწაულის გამო, რამდენიმე დღით დაგვიანებას მაპატიებდნენ.
აღდგომის შემდეგ რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ჩემი „ფრთა” საქართველოს ბანკმა აუქციონზე გაიტანა…
და დამრჩა „ოქროს ფრთის” მხოლოდ დიპლომი.
***
და მაინც, ეს სულ არაფერია „ნაციონალური ხელისუფლების” უმძიმეს დანაშაულთა ფონზე.
***
რამდენი მოკლეს, აწამეს, გააუპატიურეს, საკუთრება წაართვეს…
„ოქროს ფრთაზე” როგორ დავიჩივლო?!
სხვათა შორის, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო:
არავინ თქვას, რომ „ომეგას” დარბევასა და მიწასთან გასწორებას მსხვერპლი არ მოჰყოლია: ბრწყინვალე ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი სწორედ იმ ამბებს შეეწირა.
***
ახლა ჩემკენ „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიხედონ.
ბატონ მამუკა მდინარაძეს მინდა, ვკითხო:
შემთხვევით, ხომ არ გეცნობით?!

***
უამრავი მეკითხება: რას იცავ ამ „ოცნებას”, რამე გაგიკეთა?!
გაზეთი არ აღადგინეს;
თბილისის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, ისევ უვიცები პარპაშებენ;
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაც კი არ გაღირსეს.
და მაინც „ოცნებას” იცავ?!
***
ასეთების მოგერიება სულაც არ მიჭირს.
ჩემი პასუხი ყოველთვის და ყველასთან ეს არის:
პირადულიდან არასოდეს გამოვდივარ.
„ოცნებას” კი არა, ბიძინა ივანიშვილს ვიცავ: უმისოდ „ნაციონალურ” ჯოჯოხეთს ვერავინ დაამთავრებდა.
კი, ბატონო, მაგრამ კადრები?! – მეუბნებიან ჩემი კეთილი ოპონენტები.
***
ამ დროს გურამ პეტრიაშვილის ნაამბობი მახსენდება.
ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შევედიო.
ზვიადი მეუბნება, – ვიცი, რატომაც მოხვედი, – მეტყვი, ის კაცი იმ თანამდებობაზე რატომ დანიშნეო. მითხარი, ვინ უნდა დამენიშნა? მთვარიდან ხომ ვერავის ჩამოვიყვანდი?!
***
ზვიად გამსახურდიას ნამდვილად ჰქონდა მწვავე დეფიციტი – კვალიფიციური ხალხის უმეტესობა შევარდნაძეს ჰყავდა ნაყიდი.
„ოცნებას” ასე არ უჭირდა, თუმცა, ერთგული და უანგარო მუდამ ცოტაა.
***
რამდენიმე წლის წინათ მიამბეს:
ბიძინა ივანიშვილს ერთი ღამე გაუთენებია ჭიათურაში, საკუთარ დასთან. ძალიან სევდიანი და მოწყენილი ყოფილა. დას მიზეზი უკითხავს. პასუხად ეს მიუღია, – ვისაც ვენდე, ყველამ მიღალატაო.
ერთგულებიც ხომ გყავსო, – გაუმხნევებია ქალბატონ მაგულის.
კი, ერთი – ორიო…
***
ეს ამბავი მოგონილიც რომ იყოს, მაინც დავიჯერებდი..
***
აბა, რას წერდა კონსტანტინე გამსახურდია?!
„ერს რომ ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს.”
როგორ აუხდა საკუთარ შვილზე?!
***
ვაი, რომ მოღალატე დღესაც ბევრია.
მაინც უნდა გავიმარჯვოთ.
***
სამშობლოს სიყვარულის საუკეთესო მაგალითს ის კაცი გვაძლევს, ვინც გალაქტიკაში დაფრინავდა და სამშობლოს ბედის განცდა, თითქოს, არც მოეთხოვებოდა.
გამუდმებით გვახსოვდეს, რას გვეუბნება გალაკტიონი:
„სამშობლო არ დავივიწყოთ,
სამშობლო უმთავრესია!”
ოღონდ, ის მაინც ადამიანი იყო და, იმის მიუხედავად, რომ არაჩვენებურ სიზმრებს ხედავდა, ზამთარში ჩვენსავით ციოდა. და პალტოს ფულს რომ ითხოვდა(თანაც, სესხად?!), მინისტრი (სახ. კომისარი) ასეთ რეზოლუციას ადებდა: „უარი ეთქვას!”
***
გალაკტიონისკენ გაიხედოს „ქართულმა ოცნებამ.”
ნაცები უკვე ვეღარ გაიხედავენ…”