“მამაჩემს საკუთარი შვილები არ ჰყავს და სულ ვეუბნები, რომ სისხლით და ხორცით მისიანი ვარ”

Natia Talks – ამ სახელით სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, ზოგჯერ კი პირდაპირი და უხერხული კითხვებით ცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებში გოგონა გამოჩნდა, მალევე კი მან თავი საკუთარი გულწრფელობითა და უშუალობით დიდ აუდიტორიას გააცნო, უფრო მეტ ადამიანს კი თავიც შეაყვარა.

ნათია გვაზავა ინფლუენსერი და ჟურნალისტია, რომელიც, როგორც წესი, საკუთარ გადაცემაში კითხვებს თავად სვამს. ამჯერად კი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც განვლილ გზაზე, ამერიკულ თავგადასავალსა და ოჯახზე ისაუბრა:

“აფხაზეთიდან რომ წამოვედით, 2 თვის ვიყავი. ჩემი ძმის დაბადების დღეზე დაიწყო ომი. როგორღაც ჩავედით რუსეთში და აქედან ახალი ცხოვრება დაიწყო. კურსკში მოგვცეს ბინა, დედაჩემი რაღაცებს კერავდა და ასწავლიდა. ჩვენივე უბანს ხვეტდა, რომ ეს ბინა მოეცათ. დედამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ჩამოვედით საქართველოში და ახლიდან დავიწყეთ ყველაფერი. ქართული არ ვიცოდი და შეშინებული ვიყავი.

დედას თავის მშობლებთან უნდოდა ყოფნა. შემდეგ დაიწყო მუშაობა. ჩვენ 6-12 წლამდე დრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავატარეთ. ერთ ოთახში ძალიან ბევრნი ვიყავით. რამდენიმე ადამიანი დერეფანში ცხოვრობდა. კომენტარები იყო ჩვენზე, რომ სულ ერთი და იგივე გვეცვა. ყველა რომ საჭმელად გადიოდა, ჩვენ ვერ გავდიოდით.

დედაჩემს სულ ვთხოვდი, ლილოში წავიდეთ საყიდლებზე მეთქი. სულ მრცხვენოდა სკოლაში, რომ კარაქიანი პურები მომქონდა და ეს უნდა მეჭამა, სხვები კი კაფეტერიაში დადიოდნენ. მაგ დროს ვერ ვიაზრებდი, როგორ უჭირდა დედას.

ეს ყველაფერი დაბლოკილი მაქვს და ამ მოგონებებში არ შევდივარ. კი გესმის თითქოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ყალიბდები, როგორც მსხვერპლი. თითქოს გარშემო ყველა ისე გიყურებს, რომ რაღაც გჭირს, უნდა დაგეხმარონ. საშინელი დისოციაცია მაქვს, არის დღეები, როდესაც საწოლიდან ვერ ვდგები.

მამაჩემს საკუთარი შვილები არ ჰყავს და სულ ვეუბნები, რომ სისხლით და ხორცით მისიანი ვარ. არ იყო მარტივი იმ ქალზე დაქორწინება, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა, თან დევნილები. ყველა რაღაცნაირად უყურებდა მაშინ – მოჰყავდა ცოლი, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა.

ფიზიკას გვასწავლიდა, მათემატიკას გვასწავლიდა, მამაჩემმა რაც ჩვენთვის გააკეთა – დედაჩემმაც, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ, მამაჩემთან მაქვს უფრო ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან კეთილია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის ძალა, რაც ჩემში ჩადეს, უკან უნდა დავუბრუნო – მინდა, ჩემით იამაყოს და საკუთარი თავით იამაყოს. 

შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მალე მინდა შვილი რომ გავაჩინო, რომ მამაჩემმა გაზარდოს. ვეუბნები, რომ თავს გაუფრთხილდეს, იმიტომ, რომ ჩემს შვილს ქართულად საუბარი, მათემატიკა და ფიზიკა შენ უნდა ასწავლო-მეთქი.

საქართველოში პირველად ჩემს თავს მივეცი იმის საშუალება, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. სიცილი, ბავშვური საქციელები, ცოტა დეპრესიები კამერის წინ – ის, რაც სინამდვილეში ვარ. ასეთი ხალხი ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია მეგობრობაშიც და ურთიერთობაშიც. ყოველთვის ყველაზე ტრავმირებული ბიჭები მომწონს ან პირიქით, ძალიან მხიარულები ვინც არიან, ან ცოტა ჩაკეტილები – ჩემს თავს ვხედავ მათში. ყოველთვის მინდა, ასეთ ადამიანებს დავუთმო ჩემი ყურადღება, ვაგრძნობინო, რომ ჩემი თანასწორები კი არ არის, ჩემზე მაღლა დგანან და ყველაფერს იმსახურებენ”.