ეთერ ჭკადუამ თავის პირად ცხოვრებაზე, საჯაროდ, პირველად ისაუბრა. მხატვარმა ალექსი მეგრელიშვილს, იუთუბ-გადაცემისთვის, საკმაოდ თამამი ინტერვიუ მისცა. ნიუ იორკში, ქართველი მხატვრის სახლში ჩაწერილი ინტერვიუ, ალბათ, რეზონანსული იქნება, რადგან ეთერი საკმაოდ თავისუფალ ცხოვრების სტილზე, ღიად საუბრობს.
მოკლედ, მან გაიხსენა, როგორ გაიცნო ამერიკელი ქმარი, ქევინ ტუიტი, რომელიც მის ლიგვინსტ მამასთან საქართველოში ჩამოვიდა. ქევინი, ასევე ლინგვისტი და პოლიგლოტი, იმ ხანად 32 წლის იყო, ეთერი – 21 წლის.
ეთერ ჭკადუა: ამერიკელი პირველად ვნახე. ძველი პალტო ეცვა, ძველი ჩანთა ეჭირა. ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მივხვდი, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს რა აცვია, მთავარია, როგორი განათლებულია. ქართულად საუბრობდა, დაიწყო სვანურის და მეგრულის სწავლა. პოლიგლოტია. ვითომ მე ინგლისურს მასწავლიდა, ვისხედით და ვლაპარაკობდით.
როგორც კი დავინახე, სიყვარული მოვიდა. მამაჩემისნაირი ზრდილობიანი, ძალიან თავმდაბალი ადამიანი გავიცანი. სანამ ამერიკაში დაბრუნდებოდა, დაგვეტყო, რომ შეყვარებულები ვიყავით ერთმანეთზე. მამამაც შეგვატყო, რომ სხვა ენერგია იყო ჩვენს შორის. ქევინმა მამას უთხრა, თქვენი შვილი – ეთერი მიყვარსო. მერე წავიდა და მე ორი წელი ველოდი. შეიძლებოდა საბჭოთა კავშირში არ შემოეშვათ. და 1988 წელს ჩამოვიდა. მე აკადემია დავამთავრე, ხელი მოვაწერეთ და ვიქორწინეთ. ილია მეორემ მოგვცა ჯვრები.
ქევინი ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. იმ დროს ერთადერთი ამერიკელი იყო, რომელიც ჩამოვიდა და თან ქართულად ლაპარაკობდა. კაგებეც დაგვსდევდა. ყველას უყვარდა. გაზეთ “კომუნისტში” ჩვენი ხელმოწერის ფოტო გამოქვეყნდა, წარწერით – “ამერიკელმა ქართველი ქალი მოგვტაცა”.
ამგვარად, 1988 წელს, 23 წლის ასაკში, მოვხვდი ამერიკაში. იქ ვნახე პირველად შვილი რომ მშობელზე ცუდი კონტექსტით საუბრობდა. მაშინ დავფიქრდი, რომ მერჩივნა შვილი არ გამეჩინა, რადგან ცუდი დედა ვიქნებოდი. ხმას არ გამცემდა შვილი, რადგან სათანადოდ ვერ მივხედავდი. არ ვნანობ. იმდენად მჭირდება თავისუფლება, რომ ვერ მოვახერხებდი…
ჩემმა ქმარმა დაიცვა დისერტაცია და ჩიკაგოდან საცხოვრებლად ტოკიოში გადავედით. იქ მალე მომწყინდა, ინგლისურად არ საუბრობდნენ და მე დავბრუნდი ამერიკაში. გალერისტი გავიცანი, რომელსაც ჩემი გამოფენის გაკეთება უნდოდა. ჩიკაგოში მოეწყო ჩემი გამოფენა, მერე სანტა-ბარბარაში მიმიწვიეს. ცხოვრება ისე წავიდა, რომ ქმარს ვეღარ დავუბრუნდი.
საქართველოში ქმრის ღალატი არაფერია და ქალმა თუ უღალატა, სერიოზული ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს. ერთხელ ჩემს ქმარს გამოვუცხადე, ქევინ, მე მინდა ბოზი ვიყო-მეთქი, სხვანაირად ვერ ავხსენი. მისმა პასუხმა გამაოცა, შენ ხარ ხელოვანი, შენ გჭირდება თავისუფალებაო. მეგონა, ცუდს ვაკეთებდი, გავბედე და ქმარს ეს ვუთხარი და მან ამიხსნა, რომ მე არტისტს თავისუფლება მჭირდებოდა. ეს სიტყვები არასდროს მავიწყდება. რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ ურთიერთობას. მამა, მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის ყველაზე მაღალი სოფლიდან იყო, ჩემს თავისუფლებაზე არასდროს მეწინააღმდეგებოდა.
ახალგაზრდა ვიყავი, დავდიოდი ბარებში, ბევრი ბიჭი გავიცანი, რატომღაც ერთ ადამიანთან ვერ გავჩერდი. ჩემთვის სექსი გახდა ძალიან ნორმალური. სხვადასხვა შტატებში მომიწია გადასვლა და ამან ჩემს ნახატებზე იმოქმედა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ნამუშევრებში ჩანს.
ნიუ-იორკში რომ გადმოვედი, შემთხვევით ბარში გავიცანი შეინი. ძირითადად, შავკანიანების ღამის კლუბებში დავდიოდი, იქ ყველაზე მაგარი მუსიკაა. ღამის ორი საათია, ვცეკვავთ და საიდან ხარო? მკითხა. საქართველოდან-მეთქი და რას მეტყვი გამსახურდიაზეო მკითხა და უკვე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ჯერ უცხოელმა როგორ უნდა გამოთქვას ეს გვარი, მერე საქართველო არავინ იცოდა და შეინმა გამსახურდიაც კი იცოდა. მოკლედ, ის გახდა ჩემი ბოიფრენდი. ეგრევე გამომიცხადა, რომ ჰეროინზე შემჯდარი ნარკომანია. არ მითხრა, ან მე, ან ჰეროინიო. ჩემთვის პირველ რიგში მაინც ჰეროინი იქნებაო. ვიფიქრე, თავს დავანებებინებ-მეთქი. რომ მივხვდი, რომ არ აპირებდა დრაგებზე თავის დანებებას, მე დეპრესიაში ჩავვარდი. დილით რომ ვიღვიძებდი, ტირილი მინდოდა. ორჯერ ჩემს აბაზანაში ზედოზირება მოუვიდა, გაითიშა… ჩემს ნახატებში ეს ჩემი მდგომარეობა უნებურად ჩანს. შეინი ჩემი ინსპირაცია გახდა.
ჩემი ცნობილი ნახატი – ზებრაზე უკუღმა მჯდომი ქალი, მოღალატე ცოლი – ჩემი ავტოპორტეტია, მე ვიყავი მოღალატე ცოლი. ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მიყვარს და ამას ვერავინ შეცვლის. უნიკალური ადამიანია.
მივხვდი, რომ ქორწინება არ არის ჩემი…
რჩევას ვერავის მივცემ. მე გადავრჩი და ჩემმა ქმარმა ასეთი რამ მითხრა. ყველამ თავისი პირადი ურთიერთობა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. არავითარ შემთხვევაში მე არ უნდა მომბაძონ იმიტომ, რომ არ ვიცი, რა შეიძლება მოჰყვეს მაგას. მშვიდად უნდა დაშორდნენ, თუკი აღმოაჩენენ რომ არ აინტერესებთ ერთმანეთი.