ბუდაპეშტში ბლოკბასტერი მწიფდება. “პუშკაშ არენაზე” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ და პრეტენდენტი ლონდონის “არსენალი” დაუპირისპირდებიან – შაბათს, ჩვენი დროით 20:00 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდი ცდილობს, პირველი ფრანგული გუნდი გახდეს, ჩემპიონთა ლიგას ორჯერ, ზედიზედ რომ მოიგებს, ლონდონელებს კი პრესტიჟულ თასზე მათი სახელის ამოტვიფრა პირველად სურთ – წარუმატებელი მცდელობიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ.
სუპერვარსკვლავების ნაცვლად გუნდური სული – ენრიკეს ფილოსოფია, რომელმაც გაამართლა. გვიხარია, რომ ამ ფილოსოფიისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გამოდგა. ესპანელ მწვრთნელს შეუძლია კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლას, ბობ ჰეისლისა და ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდეს, როგორც მეხუთე მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო.
პარიზელებმა 44 გოლი გაიტანეს, რაც “ბარსელონას” ყველა დროის რეკორდზე ერთით ნაკლებია. პლეი-ოფში “კვარა” უბრალოდ შეუჩერებელი იყო და მატჩის საუკეთესო ზედიზედ სამ მატჩში გახდა.
20 წლის წინ ლონდონელებმა “ბარსასთან” სწორედ პარიზში წააგეს. მიკელ არტეტას გუნდს ერთი მატჩი აშორებს, ისტორია დაწეროს და ინგლისის საუკეთესო გუნდობასთან ერთად (ასევე მონატრებულის) ჩემპიონთა ლიგის მოგებით “ლივერპულს”(ორჯერ), “მანჩესტერ იუნაიტედს”(ორჯერ) და “მანჩესტერ სიტის” შეუერთდნენ. მნიშვნელოვანია , რომ “არსენალს” ამ სეზონში არ წაუგია.
ლუის ენრიკეს ყველა მომჯობინებული ჰყავს, ეგაა, ჰაკიმი რამდენადაა ბოლომდე მზად. საჭიროების შემთხვევაში, მას ზაირ-ემერი შეცვლის. ისე კი, ამ უკანასკნელსა და ფაბიან რუისს შორის მწვრთნელს არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. “არსენალს” ასევე მარჯვენა მცველი, იურიენ ტიმბერი უბრუნდება, მაგრამ გარისკავენ, ის მაშინვე კვარაცხელიას მეურვედ განაწესონ?! ამასობაში, გამოცდილებამ აჩვენა, რომ არც ცენტრალურ მცველზე, ამ შემთხვევაში მოსკერაზე დაყრდნობაა გამოსავალი.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია;
არსენალი: რაია – მოსკერა, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი – ზუბიმენდი, რაისი – საკა, ეზე, ტროსარი – გიოკერეში.
მსაჯი: ზიბერტი(გერმანია).