მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ქართველი ტოპ-მოდელის, მატილდა გვარლიანის ტრიუმფი შეუკავებლად გრძელდება. ამჯერად მატილდამ კიდევ ერთი უმსხვილესი და გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ყოველკვირეული პრესტიჟული ჟურნალის – HTSI (How To Spend It)-ის გარეკანი და მთავარი ფოტოსესია დაიპყრო.
„შთაგონებული ხართ იმ ამაღელვებელი ემოციებით, ადრენალინითა და უპირატესობით, რაც ამჟამად მსოფლიო სპორტულ არენებზე ტრიალებს? მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ @fthtsi-ის ყოველწლიურ, ჯანმრთელობისა და ფიტნესის სპეციალურ ნომერს, რომელიც ამ უქმეებზე გამოდის. ჩვენი სპორტული გადაღების ვარსკვლავი მეგა-მოდელი მატილდა გვარლიანია“, – წერს ჯო ელისონი თავის პოსტში.
გადაღება, რომელიც სპორტულ თემატიკას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მაღალ მოდას აერთიანებს, ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა შექმნეს. ფოტოებზე ცნობილმა ფოტოგრაფმა ლუკაშ პუკოვეცმა (Lukasz Pukowiec) იმუშავა, ხოლო სტილზე კლერ რიჩარდსონმა (Clare Richardson) იზრუნა. მატილდა ფოტოებში, სხვადასხვა სპორტულ აქსესუართან ერთად, Versace-ს ექსკლუზიურ სამოსსა და Keen-ის წყლის ფეხსაცმელებში პოზირებს.