ხორავას ქუჩაზე მოკლულ ნიკოლოზ ღუნაშვილის სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
“ღუნა…
გუშინ მიწას მიგაბარეთ, მაგრამ გონება მაინც უარს ამბობს ამ სიმართლის მიღებაზე, რომ ვეღარ დაგინახავთ, ვეღარ დაგელაპარაკებით, ვეღარ დაგიძახებთ და პასუხს ვეღარ გაგვცემ. შენ უბრალოდ ძმაკაცი არ ყოფილხარ, შენ ჩვენი ადამიანი იყავი, ჩვენი ყოველდღიურობის, ჩვენი მოგონებების, ჩვენი სიხარულისა და ჩვენი ცხოვრების ნაწილი.
შენი წასვლით მარტო ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, ჩვენში რაღაცაც მოკვდა, რასაც ვეღარავინ დააბრუნებს. გუშინ შენთან ერთად მიწაში ჩვენი გულების ნაწილიც ჩავაყოლეთ. დარჩა სიცარიელე, რომელსაც ვერავინ შეავსებს, ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს და კითხვა, რომელსაც პასუხი აღარასდროს ექნება – რატომ შენ, ღუნა.
შენი სახე, შენი ხმა, შენი ხასიათი ,შენი კაცობა შენი ერთგულება და შენი სიცილი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ შენზე წარსულში გვიწევს ლაპარაკი.
მშვიდად განისვენე, ღუნა, შენ ჩვენგან წახვედი, მაგრამ ჩვენი გულებიდან ვერასდროს წახვალ, სანამ ჩვენ ვიქნებით, შენც იქნები ჩვენს სიტყვებში, ჩვენს ცრემლებში, ჩვენს მოგონებებში და იმ ტკივილში, რომელიც შენს ადგილს სამუდამოდ დაიტოვებს.
არასდროს დაგივიწყებთ, ძმაო”, – წერს ნიკოლოზ ღუნაშვილის მეგობარი.