“ბევრი თაობით თბილისელები ვართ და სულ იყო პრობლემა ზაფხულში დასვენება“

რამდენად ადვილია თბილისური ცხოვრების მიტოვება და სოფელში გადასვლა? მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ბავშვობის დიდი ხნის ოცნება აიხდინა და კახეთში, სოფელ ართანაში დაიდო ბინა.

გელა პეტრიაშვილის გადაცემა „პირისპირ“-ში სტუმრობისას მან გულახდილად ისაუბრა თავის ახალ ცხოვრებაზე. მსახიობმა გაიხსენა, როგორ იყიდა სახლი სრულიად შემთხვევით, როგორ გაუჭირდა თავიდან სოფლის სიჩუმესთან შეგუება და როგორ შეიყვარა ბოსტანში ფუსფუსი და სოფლის ყოველდღიურობა.

– სულ მინდოდა სახლი სადმე სოფელში, რადგან ჩვენ არაფერი არ გვქონდა. ბევრი თაობით თბილისელები ვართ და სულ იყო პრობლემა დედაჩემისთვის ზაფხულში დასვენება – სად წავიდოდით, სად ვიქირავებდით; შემდეგ უკვე – მე და ჩემი შვილები. ძალიან მინდოდა სახლი და ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ოცნება. მინდოდა კახეთი, რადგან იყო ახლოს, თან ძალიან მიყვარდა და აქ ჩამოსვლა არასდროს არ მეზარებოდა. ბავშვობაში ფესტივალზე დავდიოდი, არაჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა და დღესაც იმართება.

რაც შეეხება ართანას, ამ ადგილის არსებობა გავიგე ჩემი თბილისელი მეგობრებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ სახლი, და სულ მესმოდა, რომ ძალიან კარგი და ლამაზი სოფელი იყო. მართლაც, ერთხელ სრულიად შემთხვევით მოვხვდი, როდესაც ალავერდზე ნათლობაში ვიყავი, და გადავწყვიტე, რომ მენახა ეს ადგილი. ჩემი მეგობრები დამხვდნენ, იმ დღესვე ვიპოვე ეს სახლი, რომელიც შევიძინე. ალბათ ბედიც იყო, რადგან ეს სახლი მანამდე დაკეტილი იყო და მეპატრონე იმ დღეს ჩამოვიდა, სახლს ამზადებდა გასაყიდად და ასე სრულიად შემთხვევით დავამთხვიეთ. ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე.

საბედნიეროდ, აქაურ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო თბილისურ ცხოვრებასთან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სიჩუმესთან, სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გამიჭირდა. 2016 წელს ვიყიდე და წელს მივხვდი, რომ 10 წელი გავიდა. რემონტი საკმაოდ გვიან, პანდემიის დროს დავიწყე. პირველად როცა დავრჩი, არ იყო გარემონტებული, მატრასი იყო და იქ მეძინა – ძილიც არ ერქვა, კოშმარში გავატარე, რადგან საშინელი სიჩუმე იყო. ყურში ჩემი სისხლის მიმოქცევის ხმა მესმოდა და ამან არ დამაძინა. ახლა უკვე მივეჩვიე, ძალიან მომწონს და მიყვარს. ჩემთვის ეს არის სამოთხე, რადგან დილა, შუადღე, საღამო, ძროხა, ბაყაყი, მამალი, ყველაფერი მიყვარს. საქმეც ყოველთვისაა, როგორც ადრე გადმოცემით ვიცოდი: „სოფელში საქმეს რა გამოლევს“, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ სოფელში საქმე ნამდვილად არ ილევა.

მაქვს ბოსტანი, ველოდები, პომიდორი როდის დამწიფდება. დანარჩენი: კიტრი, ყაბაყი, ტყემალი გავაკეთე, მსხალი დავკრიფე. დიდი მოსავალი არ არის, რადგან ცუდი ამინდები იყო. ახლა ყურძენს დავცქერით ყველა.

სოფლის ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა და ბევრსაც ვსწავლობ. განსაკუთრებით ღვინოსთან დამოკიდებულება შეიცვალა. ჩემს ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, სტუმრად რომ მოდიოდა ვინმე, ვაგემოვნებდი ღვინოს და მომწონდა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს სხვა ღვინო იყო. ჩემ გარშემო ვინც კი ღვინოს ასხამს, ყველას ღვინო ნატურალურია და ეს აბსოლუტურად სხვა რამეა.