“პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, ჩემი მეუღლეა, მზიკა”

მსახიობი კახა კინწურაშვილი ანა ტყებუჩავას გადაცემას, „V ელემენტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარ შემოქმედებაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და ოჯახის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ნამუშევრის შეფასებისას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სწორედ მეუღლის აზრია.

“ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საზომი იმისა, პირობითად, გამომივიდა თუ არა ესა თუ ის გმირი და პერსონაჟი, ჩემი მეუღლეა. რადგან, როდესაც ის მოდის პრემიერაზე ან ნახულობს ფილმს, მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან და ასე ვერ ნახულობენ.

მაინტერესებს, ღირდა თუ არა ის პერიოდი, როდესაც სახლში არ ვიყავი. ამ მხრივ, ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდთან. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა ძალასაც მატებს და მუშაობის პროცესში უფრო კონცენტრირებულს ხდის.

ერთი მხრივ, გარკვეულ საქმეს ემსახურები და, პირობითად, ამის გამტარი ხარ. მეორე მხრივ კი, ამას შენი ცხოვრების ნაწილი მიაქვს – ეს ნაწილი კი მხოლოდ შენ არ გეკუთვნის, ის შენი ოჯახის საკუთრებაცაა. ეს შენი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, მზიკაა” – ამბობს კახა კინწურაშვილი.