საფრანგეთის სამხრეთში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ქალაქ ნიმთან ახლოს, სენ-ჟილის ვენახში, ახალგაზრდა ქალის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი ცნობილი სოციალური მედიის ინფლუენსერი, სონია ბელინაა.
ცხედარი 12 აგვისტოს ერთ-ერთმა ფერმერმა ვაზის რიგებს შორის იპოვა. გვამის მდგომარეობის გამო, იდენტიფიცირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მხოლოდ ხანგრძლივი გამოძიებისა და დნმ-ის ანალიზის შემდეგ გახდა შესაძლებელი დადასტურება, რომ ის ნამდვილად 29 წლის სონია იყო.
ადგილობრივი პროკურორის, სესილ ჟენსაკის განცხადებით, საქმეზე უკვე დაკავებულია ორი მამაკაცი. მათ ბრალად ედებათ ინციდენტში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა.
სონია ბელინას TikTok-ზე 260 000-მდე გამომწერი ჰყავდა. ის სამხრეთ საფრანგეთში ოჯახის მოსანახულებლად, საკუთარი 30 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე ჩავიდა.
ოჯახის ადვოკატმა, მურად ბატიხმა, მომხდარს “იშვიათი სისასტიკის მკვლელობა“ უწოდა. მისი თქმით, გოგონას ცხედარი ვენახში უბრალოდ “მიატოვეს და თითქმის ნაგავივით გადააგდეს“.
სონიას და ჰყვება, რომ ტრაგედიის პარალელურად, ოჯახს სოციალურ ქსელებში წარმოუდგენელი შევიწროების ატანა უწევს. მისი თქმით, ინტერნეტში ვრცელდებოდა ჭორები და ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც კი წერდა, რომ ინფლუენსერმა “დაიმსახურა ის, რაც დაემართა“.
ოჯახის ადვოკატმა მკაცრად განაცხადა, რომ არცერთ მსგავს კომენტარს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და ყველა შეურაცხმყოფელ პოსტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. ამჟამად ოჯახი კონფიდენციალურობის დაცვას და გლოვის საშუალებას ითხოვს.