ნინო ჯურხაძე წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი ინსულტის შესახებ იყო ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა.
მერაბ სეფაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეუღლის განსაკუთრებულ როლს მის ცხოვრებაში. წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი იხსენებდა:
“23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა გადამწყვეტი იყო – რომ არა ნინო, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, რომ შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ასეთი ურთიერთობა”.
“ადვილი არ არის, დიდხანს იავადმყოფა ძალიან ჩემმა მეუღლემ, ძალიან იწვალა. ბიჭები ძალიან განიცდიდნენ ამას. რაც შეეხება ჩვენი გაცნობის ისტორიას, სხვადასხვა სიტუაციებში ვხვდებოდით, მაშინ ათას ადამიანს ვიცნობდით. ჩემი ძმაკაცის კლასელი აღმოჩნდა, ქუჩაში დავინახე, რა მაგარი გოგოა-თქო და ასე გამაცნო ზაზამ. ვმეგობრობდით თავიდან, აქედან დაიწყო ურთიერთობა. 7-8 თვის შემდეგ სხვა რამეში გადაიზარდა მეგობრობა და მოხდა ჩვენი შეუღლება.
მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ, ბავშვები, ოჯახი. რთულია ყველაფერი, ჩემი წასვლა-წამოსვლა, 90-იანი წლები. მე ნახევარზე მეტი არ ვიყავი, გასტროლებზე ვიყავი ძირითადად. ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. სიმღერა “საღამომდე” ჩემს მეუღლეს მივუძღვენი. ეს იყო 1985-86 წელს. როცა კონცერტი მქონდა, სულ დარბაზში იჯდა, ვამბობდი ხმამაღლა, რომ ეს არის ჩემი მეუღლე და ეს სიმღერა მას ეძღვნება-თქო. რთულია მისი წასვლა ჩემთვის. გაქვს მარტოობის შეგრძნება, სახლში სიცარიელეა. სახლში შვილები გვყავს, შვილიშვილები, მაგრამ მაინც… ზიხარ ღამე და ათას რამეზე ფიქრობ, ბევრ რამეს იხსენებ, დარდი გაწვება” – ამბობს მერაბ სეფაშვილი.