საქართველოში ზაფხული და შემოდგომა განსაკუთრებული, ჯადოსნური და დაუვიწყარი ქორწილების სეზონია. ამ პერიოდში სოციალური ქსელები განსაკუთრებით ცოცხლდება – მომხმარებელთა უდიდეს ინტერესს იწვევს ულამაზესი პატარძლების გამორჩეული საქორწინო კაბები, დახვეწილი დეკორაციები, თემატური წვეულებები და ის უნიკალური ატმოსფერო, რომელსაც წყვილები თავიანთი ცხოვრების მთავარი დღისთვის ქმნიან. საქორწინო ფოტოები და ვიდეოები მალევე ხდება განხილვის მთავარი თემა, შთაგონების წყაროდ იქცევა ათასობით ადამიანისთვის და დიდხანს ინარჩუნებს პოპულარობას.
ამ სეზონზე ჩვენ უკვე ვნახეთ არაერთი გამორჩეული ქორწილი, რომელთა შესახებაც სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობდნენ – დიმიტრი დუმბაძე და მარიამ ბალიაშვილი, სალომე თარგამაძე და გიგა პაპუნაიშვილი, მარიამ ბერაძე და გიორგი ფეიქრიშვილი, ანა სუხიშვილი და გიორგი სებისკვერაძე, ნინი გელხაური და ლევან ახვლედიანი, თინა შალიკაშვილი და გიორგი სიგუა და სხვები.
ამჯერად კი გიყვებით ქორწილზე, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა – თეო კალანდაძისა და ჯიმი ჩხეიძის გრანდიოზულ დღესასწაულზე.
ქორწილი ორი დღის მანძილზე, კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს ლოკაციაზე – „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაიმართა. თეო კალანდაძე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია – განსაკუთრებით TikTok-ზე, სადაც საკუთარი გამორჩეული ნიშა აქვს და სახალისო ვიდეოებს ხშირად აზიარებს. ზუსტად ასეთივე მხიარული, ენერგიული და პოზიტიური აღმოჩნდა მისი ქორწილიც.
ტრადიციულ ხელისმოწერისა და ნიშნობის ცერემონიალს გრანდიოზული საღამოს წვეულება მოჰყვა. ქორწილი უფრო ნამდვილ შოუსა და დღესასწაულს ჰგავდა: წყვილმა ტრადიციულ ქართულ ცეკვასთან ერთად, უბადლოდ შეასრულა კინტაური. ანსამბლ „აფხაზეთთან“ ერთად წარდგენილმა ამ ნომერმა სტუმრების უდიდესი აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. გარდა ცეკვისა, თეომ და ჯიმიმ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სიმღერაც შეასრულეს, რამაც საღამოს კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
პატარძლის მთავარი, ზღაპრული კაბა მსოფლიოში აღიარებულ მაღალი ბრენდს ELIE SAAB-ს ეკუთვნის, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე საქორწინო სამოსი – ცნობილ ქართულ ბრენდს MATTERS. ეს დაუვიწყარი კადრები კი ფოტოგრაფმა ლაშა კვარაცხელიამ გადაიღო.
როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ფოტოკადრებში თეოსა და ჯიმის ჰარმონია თვალსაჩინოა. ეს არის კადრები, რომლებიც თითქოს ერთ ფრაზაში ერთიანდება – Jimy and Teo: The kind of love that feels like a dream – სიყვარული, რომელიც სიზმარს ჰგავს. ამ გრანდიოზულ დღესასწაულზე კი მთავარი სწორედ ეს აღმოჩნდა – ნამდვილი, გულწრფელი გრძნობა და ჯადოსნური ემოციები.