მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს:
“16 ის ვიყავი, ეკლესია სააღდგომოდ ემზადებოდა.
არც მახსოვს, ის პერიოდი რომელ ნათესავს ვაფარებდი თავს. უმეტესად, საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ყველაფერს ვკითხულობდი.
წიგნთან ურთიერთობა იყო ჩემი სამსახური.
აღდგომის ღამე ახლოვდებოდა. ტაძარი უნდა ამერჩია, სადაც სადღესასწაულო წირვას დავესწრებოდი.
გული მუდამ მთაწმინდისკენ მიმიწევდა.
მამადავითის ეკლესია მფარველად მყავდა მთელი ბავშვობა.
იმ დროს, აწ გარდაცვლილი მამა თომა მსახურებდა მთაწმინდაზე.
ვიდექი წირვაზე, ტკივილსა და სიხარულს ერთად ვგრძნობდი… ზიარებამდე საკურთხევლიდან გამობრძანდა მამა თომა და ტაძარში მყოფ მლოცველებს მიმართა: ვინც მარხულობდით, მაგრამ ვერც აღსარება თქვით, ვერც შვიდგზის ზეთი იცხეთ, თუ გულზე ჯვარი გიკეთიათ, ჩემს თავზე ვიღებ და ყველას გაზიარებთო.
ვერც წარმომედგინა, თუ აღდგომის ღამეს ვეზიარებოდი.
ცრემლები და ქრისტეს სისხლი ერთად ჩავყლაპე.
გარეთ ვიღაც წითელ კვერცხს არიგებდა, მეც შემხვდა ერთი…
არც მიფიქრია, პირდაპირ გალაკტიონის საფლავს მივადექი.
,,ქრისტე აღდგა, გალა”!..
ჩავძახე საფლავში და წითელი კვერცხი შავ მარმარილოს ჩამოვარტყი…
ის იყო ჩემი ნამდვილი აღდგომა!..”