“ომია, ომი და ეს პატარა გოგო-ბიჭებია თოფის ლულაში მიცემული”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ზურაბ ვენეცკი საკუთარი სტუდენტების შესახებ, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე არიან, ემოციურ ამბავს ჰყვება:

მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსი მყავს დისტანციურად. დღეს ერთი ბიჭი ჩამერთო – ოთო, ახლა მოვდივარ მორიგეობიდანო. ერთი კვირა ყოფილა კოვიდრეანიმაციაში. დღეში 4-5 საათი ძილი, ერთხელ მსუბუქად ჭამა და დანარჩენი დრო მომაკვდავი ადამიანების გადარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა.

გუშინ ოთხი გარდაიცვალაო. მეორეს, ერეკლეს მორიგეობიდან „აჰყვა“ კოვიდი და ახლა სიცხეებით და სხვა სიმპტომებით სახლში მკურნალობს. გესმით თქვენ, რასთან გვაქვს საქმე? გესმით, რომ ომია, ომი და ეს პატარა გოგო-ბიჭებია თოფის ლულაში მიცემული – ჩემი და თქვენი შვილები და შვილიშვილები. მერე ჩვენ რას ვაკეთებთ, შავი პარასკევის რიგებში ვდგავართ არა მთელი „შეგნებული“ მოსახლეობა? და რა ჰქვია ამას?“, – წერს პროფესორი სოცქსელში.