თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ტრადიციული თხოვნით მიმართავს და ბინადრებისთვის ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს. შესაბამისი განცხადება ზოოპარკის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.
ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.