იტალიელი ექიმი კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიის ქალაქ მონტიკიარის (Montichiari, ბრეშიის პროვინცია, ლომბარდია) გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმი კარლო მოსკა ეჭვმიტანილია კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში, სავარაუდოდ, საწოლების გათავისუფლებისა და ექიმების დატვირთვის შემცირების მიზნით, – ამის შესახებ Brescia Today იტყობინება.

გამოძიების ვერსიით, ექიმს წინასწარგანზრახვით შეყავდა კოვიდპაციენტების ორგანიზმში პრეპარატი, რომელიც სუნთქვის ფუნქციას აქვეითებდა. მისი ქმედებების შედეგად, სულ მცირე, 2 პაციენტი დაიღუპა.

Brescia Today-ს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცრებული პაციენტების მკვლელობის ზუსტი მოტივები ჯერჯერობით დაუდგენელია. მოსკა ბრალს არ აღიარებს. ექიმზე ეჭვი, როგორც გამოცემა წერს, იმავე საავადმყოფოს მედდებმა მიიტანეს.

გამოძიების ვერსიით, მედპერსონალის მიმოწერისას გაირკვა, რომ მედდების ნაწილი უარს ამბობდა პაციენტებისთვის პრეპარატის სასიკვდილო დოზა გაეკეთებინა, თუმცა ცნობილია, რომ მოსკა მოითხოვდა, დაავადებულებთან მარტო დაეტოვებინათ.

აღნიშნული ფაქტები გასული წლის მარტში მოხდა, როდესაც საავადმყოფო კოვიდპაციენტების დიდ ნაკადს ძლივს უმკლავდებოდა.

2 თვის შემდეგ, შესული შეტყობინების საფუძველზე, კარაბინერებმა სახელმწიფო პროკურატურასთან შეთანხმებით გამოძიება დაიწყეს.

გამომძიებლებმა გააანალიზეს ამ პერიოდში გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო ჩანაწერები და ზოგიერთ შემთხვევაში აღმოაჩინეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების და გარდაცვალების ძნელად ასახსნელი ფაქტები.

მოხდა 3 გარდაცვლილის ცხედრის ექსჰუმაცია აუტოპსიისა და ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის მიზნით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი მათგანის ორგანოებსა და ქსოვილებში ფიქსირდებოდა ნერვულ–კუნთოვანი ბლოკატორების კვალი, რომელიც პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდა დოზის გადაჭარბების გამო. გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებში კი ამ პრეპარატების შეყვანა არ არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, გამოძიება თვლის, რომ ეჭვმიტანილი, აგრეთვე, პასუხისმგებელია საჯარო დოკუმენტის გაყალბებაში.

ამ დროისთვის კარლო მოსკა, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ბრეშიის გამომძიებელი მოსამართლის მიერ მიღებული დადგენილებით, შინაპატიმრობაში იმყოფება. მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

www.nostal.ge