“ყოველ საღამოს უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ მოუტანა ბავშვმა უფროსებს ვირუსი სახლში?”

კომუნიკაციების სპეციალისტი, ლექტორი ნატა ასათიანი სწავლის დაწყების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ნაჩქარევს უწოდებს. მის აზრს ძალიან ბევრი მშობელი იზიარებს და ემხრობა.

“ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები: ვაქცინაციამდე სკოლების რამდენიმე კვირით გახსნა და შემდეგ, ეპიდგარემოს გაუარესების გამო ისევ დაკეტვა, სწავლების ხარისხს ვერ აუმჯობესებს – შეგვიძლია დავეკითხოთ განათლების ფსიქოლოგებს.  
ახლა კი მთავარი – მასწავლებლები და მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. სკოლებშიც ვიცით, რომ ფუჭია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა ჯერზე იქნება უმკაცრესად 

დაცული უსაფრთხოების ზომები…
ჰოდა, პატივს ვცემ UNICEF-ის კვლევას და იმასაც ვცემ პატივს, რომ მშობლებს უნდათ მათმა შვილებმა საკლასო ოთახებში მიიღონ განათლება, მაგრამ რის ფასად?
საქართველოში ყოველ მეორე ოჯახში 3 თაობა ცხოვრობს ერთად. იმის საშუალება, რომ ბებიები და ბაბუები სხვაგან ვამყოფოთ ფიზიკურად, ან მათ ბინები ვუქირაოთ, ცოტას აქვს (ამაზე “პირველი ტალღის” დროს ხომ უკვე ვინერვიულეთ…)
ყოველ საღამოს უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ მოუტანა ბავშვმა უფროსებს ვირუსი სახლში? ან ხომ არ აჯობებს ბავშვი გამოვკეტოთ ოთახში, მაშინ როცა მისი მეგობრები სკოლაში დადიან? – არც ერთი ეს პერსპექტივა არ მხიბლავს…
ნაკლებად მჯერა, რომ რომელიმე სკოლას შესწევს რესურსი მშობლებს არჩევანის საშუალება მოგვცეს და უზრუნველყონ როგორც ფიზიკური, ისე დისტანციური ფორმატით გაკვეთილების
 

ხარისხიანად ჩატარება… ეს დაპირება არის, მაგრამ შეუსრულებადია და ასე ხარისხს ვერ შევინარჩუნებთ…
სწორედ, ამის ფონზე, რას ემსახურება სწავლის დაწყება და სკოლების გახსნა, მაინც ვერ გავიგე…
და კიდევ: დიდი იმედი მაქვს, უმაღლესებში არ დაიწყება სწავლა ვაქცინაციის მინიმუმ დაწყებამდე – სკოლებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში მთელი საქართველოდან მოუწევთ სტუდენტებს ჩამოსვლა, ამ შიდა მიგრაციის ფონზე კი, ისევ ეპიდემიოლოგებმა გვამეცადინეს, რომ აუცილებლად იქნება ე.წ. „მესამე ტალღა“, – წერს ნატა ასათიანი.