“ჩემი შეზღუდვა სამყაროში არაფერს შეუძლია”

ახლახან ხატია წერეთელმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სადაც ის „ნაშა ბიჭებზე“ მღერის. როგორც თავად ამბობს, ასეთი ბიჭები მის გარშემო საკმაოდ ბევრია და საზოგადოებაში ამ სიმღერით ახალი მუხტი შეიტანა. არც იმას მალავს, რომ შესაძლოა, მალე გათხოვდეს და ბედი დაუკავშიროს ასაკით უფროს მამაკაცს, რომელიც არ უყვარს.

ხატია წერეთელი: ვერც კი დავთვლი, რამდენჯერ დავეცი და წამოვდექი. ახლა ჩემს ცხოვრებაში იმ ეტაპზე ვარ, როცა ზეგანია ანუ არც აღმართი და არც დაღმართი. არსებობს ადამიანი, ვინც წლებია, მელოდება და შეიძლება, გადავწყვიტო მისი ცოლობა.

– თუმცა, 2007 წლიდან მოყოლებული, შენს ცხოვრებში სულ იყო საყვარელი მამაკაცი, სასიყვარულო თავგადასავლები, ფლირტები…. ეს ადამიანი, ამ დროს სად იყო?

– ეს ადამიანი, როგორც თაყვანისმცემელი, სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. რომ იცოდა, შეყვარებული მამაკაცი მყავდა გვერდით, ზღვარს არ გადმოდიოდა. უბრალოდ, მოწერით შემოიფარგლებოდა: ბედნიერი ხარ? ხომ არაფერი გინდა?.. იმედასთან დაშორების მერე კი ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა. ასაკით ჩემზე დიდია. ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ ასაკით ჩემზე პატარები მხიბლავს, ასე არაა. უცხოელია და არ არის საქართველოში. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, როცა უცხოეთში ვცხოვრობდი, ერთად ვმოგზაურობდით. ძალიან კარგად ვიცნობ. გემოვნებაში არ ვიჭრები და ესეც ქერა, ცისფერთვალება და სპორტსმენია და, ასევე, წარმატებული ადამიანი, მილიონერი არ არის, ჩვეულებრივი ბიზნესმენია. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში აქვს საკუთარი საცხოვრებელი. ჩვენ მოგზაურობის და სპორტის სიყვარულმა დაგვაახლოვა. ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ მე მეგობრობის წითელ ზღვარს არ ვაბიჯებდი, თუმცა, ახლა ვფიქრობ, დადგა დრო, სწორედ ეს ზღვარი გადავკვეთო და მას გავყვე ცოლად.

– ანუ, გაჰყვები კაცს ცოლად, ვინც არ გიყვარს? რას მოგიტანს ეს ქორწინება?

– სიყვარული მის მიმართ არ მაქვს. სიყვარულითა და გულის კარნახით არაფერი გამომივიდა და იქნებ ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება იყოს ჩემთვის გამართლებული. თუ დავთანხმდი მის ცოლობას და გავთხოვდი, ეს ურთიერთობა მომიტანს სტაბილურობასა და კომფორტს ურთიერთობაში. ბევრი საერთო გვაქვს, არ ვართ „გაჭედილი“ პიროვნებები, აზროვნების ერთნაირ საფეხურზე ვართ და ეს ბევრს ნიშნავს. თუმცა, იმდენად არ მინდა თავისუფლების შელევა, ვფიქრობ – გავთხოვდე თუ არა. თავისუფლების შეზღუდვაში არ ვგულისხმობ კარიერის დათმობას. პირიქით, ტაშს დამიკრავს ყველა სიგიჟეში, რადგან თავადაც „ევასება“ სიგიჟეები. მას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ასეთი გიჟი ვარ (იცინის). სხვათა შორის, საჩუქრებითაც მანებივრებს. მე არ ვარ ის ტიპი, რომ საჩუქარი აუცილებლად ძვირად ღირებული უნდა იყოს. მთავარია, სწორად და გულით შერჩეული. იცის, რომ თეთრი ფერი მიყვარს და ჩემს დაბადების დღეზე ასი ცალი თეთრი ვარდი გამომიგზავნა. ერთხელ დეპრესია მქონდა. მომწერა: ახლა სად გინდა წასვლაო? მივწერე – სტამბოლში-მეთქი. უცებ მომდის, „შოპინგ ქარდი“ და წასვლა-წამოსვლის ბილეთები. ერთხელ კი ცუდ ხასიათზე ვიყავი, ბიზნესში მქონდა პრობლემა და საგზური მაჩუქა. ასეთი სიურპრიზები ბევრჯერ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ის იმ მომენტში ჩემ გვერდით ვერ იქნებოდა.

– ყოველთვის ვულგარულად და გამომწვევად რომ გაცვია, ამაზე არ აქვს პრეტენზია?

– მე არ ვფიქრობ, რომ ვულგარულად მაცვია. თუ მიჩანს ფეხი, არ ვაჩენ მკერდს. მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილს ვაჩენს და ეს ვულგარულად არ ითვლება. სულ გადარბენაზე ვარ, რაც მეტად მინიმალისტურად მაცვია, მით მეტად კომფორტულად ვგრძნობ თავს. ასე რომ, თაყვანისმცემელს, ვისზეც დაოჯახებას ვგეგმავ, ჩემს ჩაცმულობაზე პრეტენზია არ აქვს, მხოლოდ ერთი გართულება აქვს – არ შემცივდეს (იცინის). გათხოვების მერეც არ მექნება ჩაცმულობაში შეზღუდვა. ხატიას ვინც შეზღუდავს, იმას გვერდით არ გაიჩერებს. ჩემი შეზღუდვა სამყაროში არაფერს შეუძლია.

– ახლახან სიმღერა დაწერე, „ნაშა ბიჭებზე“. ასეთი „ნაშა ბიჭები“ ბევრი ყოფილა შენს ცხოვრებაში? რა ისწავლე მათთან ურთიერთობაში?

– ასეთი „ნაშა ბიჭები“ ჩემს ცხოვრებაში ბევრი არა, მაგრამ ორი იყო, თუმცა, ჩემს გარშემო უამრავია. მათთან ურთიერთობაში ვისწვლე ის, რომ მათგან კარგი სერვისის მიღება შეგვიძლია. სხვა მცნებაა, როცა ასეთ ბიჭთან ურთიერთობას თანხმდები და ერთობი და სხვა მცნებაა, როცა ის გიყვარდება. პირველ შემთხვევაში, ტკივილი და განცდა არ ყოფილა, რადგან არ მიყვარდა, რასაც მეორე შემთხვევაზე ვერ ვიტყვი. იმედა, მხოლოდ „ნაშა ბიჭი“ არ იყო ჩემთვის, ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული. ასე რომ, ვინც თვლის, რომ „ნაშა ბიჭია“, ჩემი სიმღერა ყველას ეძღვნება

– ცნობილია, რომ სიმღერებს ნასვამ მდგომარეობაში წერ. ამ სიმღერის დაწერას რამდენი ჭიქა სასმელი დასჭირდა?

– დიახ, სიმღერებს ნასვამი ვწერ და „ნაშა ბიჭები“ სამი ჭიქა წითელი ღვინის შედეგია (იცინის). როცა ვსვამ, გონება იხსნება, ემოცია და მელოდია მეტი მოდის. არასდროს დამილევია არაყი, მხოლოდ ღვინო ან ლუდი. სამი ჭიქა წითელი ღვინო და სიტყვები, მელოდია და მუზები კი არ მოდის, თავისით მოფრინავს. თუმცა, მუზები უფრო ხშირად მოდის, ვიდრე ვსვამ, უბრალოდ, დალევით ვაჩქარებ (იცინის). ნასვამ მდგომარეობაში სამოცი სიმღერა მაქვს დაწერილი და ნელ-ნელა, დროდადრო გამომაქვს დღის შუქზე. ანუ, ბაზარზე საჭირო დროს გამომაქვს. მარკეტინგულად რომ შევხედოთ, „ნაშა ბიჭები“ იმ დროს დავდე, როცა საჭირო იყო ამის დადება და საზოგადოებაში განსხვავებული მუხტი შევიტანე. ბევრმა მოუსმინა და არ დარჩა არცერთი „ტიკ ტოკელი“, ვინც ეს სიმღერა არ იმღერა.

– ბევრი, მეტყველებას გიწუნებს, კერძოდ, შერბილებულ „ლ“-ს. ამაზე რას მეტყვი?

– ვინც ჩემს შერბილებულ „ლ“-ს აკრიტიკებს, მათ მინდა, ვუთხრა: ქართული ენა ტკბილხმოვანია და რბილად სალაპარაკო, არასდროს ყოფილა „ტკეპნითი“ ჟღერადობის. ეს გვაიძულა რუსული, ხისტი ენის შემოღებამ. არ ვფიქრობ, რომ ქართული რბილი „ლ“ უნდა დაიკარგოს. ეს იგივეა, ფრანგს დააკარგინო „ჟ“ და „ღ“. შეეგუონ იმას, რომ ჩემს ქართულ „ლ“-ს არ ვღალატობ და ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, ნუ გადამირუსდებიან.

https://tbiliselebi.ge/