“30 წლის ვარ და უკვე მინდა, ოჯახი შევქმნა”

როცა საქვეყნოდ განთქმული, სუპერმოცეკვავე დედა გყავს, ძალიან გამბედავი და მიზანდასახული უნდა იყო, რომ გადაწყვიტო, შენც მოცეკვავე გახდე. თეა დარჩიას ქალიშვილს, მარიამ მათიაშვილს, ბავშვობაში ცეკვა არ უყვარდა, რადგან სწორედ ცეკვის გამო დედა სახლში თითქმის არ იყო. წამოიზარდა და ნელ-ნელა თავადაც ის სენი შეეყარა, რითიც თეა დარჩია იყო ,,დაავადებული”. პირველი ნაბიჯები დედის ხელმძღვანელობით გადადგა, შემდეგ კი ,,სუხიშვილების” სტუდიაში ტატა გომელაური გახდა მისი პედაგოგი.

კარგა ხანს იყო თეა დარჩიას შვილი. თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მოიტანა და ახლა ანსამბლ ,,სუხიშვილების” გულშემატკივრები ისე იცნობენ, როგორც მარიამ მათიაშვილს. როგორია ახალგაზრდა, ლამაზი მოცეკვავის, ცხოვრება, ამას ჟურნალ ,,სარკის ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარიამ, როცა დედა წასული იყო, დაძმებს ვინ გივლიდათ?

 ბებიები. განსაკუთრებით დიდი ამაგი აქვს მამას. მას კარგად ესმოდა, რამდენად ღირებულ საქმეს აკეთებდა თეა თავის პროფესიაში და ყველანაირად უწყობდა ხელს. ჩვენ არაფერი გვაკლდა, მამის მზრუნველობა, სითბო და ყურადღება უხვად გვქონდა. მერე მეც ვეხმარებოდი.

გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ მამები. თქვენ რა თვისება გამოგყვათ მამისგან?

– მამასთან მართლაც გამორჩეული ურთიერთობა მაქვს. არა მარტო იმ ამაგის გამო, რაც მან შვილებზე გასწია, არამედ იმიტომ, რომ საუკეთესო ადამიანია, ერთგული, პატიოსანი. ვმეგობრობთ, ძალიან მიყვარს, გარეგნობითაც მამას ვგავარ, მაგრამ როცა სცენაზე ვდგები, თეას ვემსგავსები. საერთოდ, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, მათგან ვისწავლე ერთგულება, შრომის ფასი, დროის ფასი.

როდის იგრძენით, რომ იყავით დამოუკიდებელი მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი?

– პატარა ასაკში მწყინდა, რომ დედა უკეთ ცეკვავდა. მაკომპლექსებდა თეასთან შედარება, მინდოდა, რომ ადამიანებს უფრო კორექტულად გამოეთქვათ თავიანთი აზრი, რადგან ბავშვის გული სათუთია და ყველაფერს მტკივნეულად განიცდის. რაც დრო გავიდა, ამ ყველაფერმა გამაძლიერა. მაქსიმუმს მოვითხოვდი საკუთარი თავისგან, ბევრს ვშრომობდი, რომ დამემტკიცებინა, არა მხოლოდ თეას შვილი ვარ, არამედ შემიძლია წარმატებული მოცეკვავე გავხდე და მოვახერხე კიდეც.

დედათქვენი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა თქვენ გაჩნდით. თქვენ რას ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე, არ ჩქარობთ?

– თეა 19 წლის გათხოვდა, 20 წლის იყო, როცა გავჩნდი. მე 30 წლის ვარ, უკვე ვფიქრობ და მინდა, რომ ოჯახი შევქმნა. ალბათ ასეც იქნება, თუმცა ჯერ არ ვარ შეყვარებული.

ოჯახის საქმეები გეხერხებათ?

– როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ჩავერთე ჩემი და-ძმების მოვლაში. ძალიან კარგად ვაკეთებ საოჯახო საქმეებს, ყველაფერი გამომდის. კულინარიაც ვიცი, დალაგებაც და ბავშვის მოვლაც.

ანუ სანატრელი სარძლო ხართ მომავალი დედამთილისთვის.

– ასე გამოდის.

 

ასევე იხილეთ