“არასდროს დავრჩები ფულის გარეშე და მშიერი არ მოვკვდები, ჩემი თავის იმედი მაქვს”

ფულის გარეშე რომ ცხოვრება წარმოუდგენელია, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით, თუმცა ვიღაცას მეტად გამოსდის მისი გამომუშავება, სხვას – ნაკლებად. ადამიანების ნაწილი მარტივად ფანტავს ფულს, ვიღაც კი ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად უდგება.

კრისტი ყიფშიძე: ფული ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი რამ არის. ის ადამიანის შრომის დასაფასებლად არსებობს და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. რამეს რომ გააკეთებ, შესაბამისი ანაზღაურება აუცილებლად უნდა მიიღო. მე ამაზე ძალიან გვიან დავფიქრდი. როგორც მოდელს, 27-წლიანი კარიერა მაქვს და შემიძლია, ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ჩემი საქმე ქველმოქმედებისთვის გამიკეთებია – მეგობრულად და სხვის დასახმარებლად. არ შემეძლო იმის თქმა, რომ ამაში ჩემთვის შესაბამისი ჰონორარი უნდა გადაეხადათ. ზოგი აფასებდა ჩემს შრომას და სხვადასხვა საჩუქრით ცდილობდა მადლიერების გამოხატვას, ზოგი მადლიერიც არ იყო. სამწუხაროდ, ყველაფერი დაბადებიდანვე არ ვიცით და ნელ-ნელა ვსწავლობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. თუმცა, დღესაც,მე 44 წლის ასაკშიც კი მიჭირს, ჩემი გაწეული სამუშაოსთვის ვინმეს ანაზღაურება მოვითხოვო. მოთხოვნები მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს. ჩემს საქმეს ძალიან პროფესიონალურად ვუდგები და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა დაფასდეს. ყველაფერი ფული არ არის და ყველაფერი მისით არ იზომება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ ანაზღაურება შენი შრომის შესაბამისად უნდა გადაგიხადონ, თორემ თითქოს, ის საქმეც კი, რომელსაც შენ აკეთებ ქრება და ფასს კარგავს. მე იმას, რაც აქამდე გამიკეთებია, საქველმოქმედოს დავარქმევ, ხომ მაქვს უფლება, ეს გავაკეთო, იმიტომ კი არა, რომ მერე ვიყვირო, იმიტომ, რომ მე მსიამოვნებს ადამიანების დახმარება და ის მადლიერი არის თუ არა, ჩემთვის სულერთია. მე ვიცი, რომ ცხოვრება ბუმერანგია და რასაც გასცემ, ორმაგად გიბრუნდება.

– პრაგმატული ხართ, როცა საქმე ფულის ხარჯვას ეხება?

– საერთოდ, ფულთან ძალიან ფრთხილი ვარ. ფულს არ უყვარს, როცა მას ზედმეტად აფეტიშებენ. არც ის უყვარს, როცა ხელიდან ვერ უშვებ და არც ის, როცა უაზროდ ფლანგავ. ფულს სწორად განაწილება უყვარს. თუ შეგიძლია, კაზინოში წახვიდე და უამრავი ფული დახარჯო, ანუ, თუ ამდენის საშუალება გაქვს, მოდი, ადამიანებს დაეხმარე ამ ფულით. არ იფიქროთ, რომ ვინმეს განვსჯი, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთ ადამიანებთან ფული არ მოდის ან არ ჩერდება. მე ფული მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ კომფორტულად ვიცხოვრო. მინიმალური კომფორტი მაქვს მხედველობაში და არა რაღაც საოცრებები. ერთმა მდიდარმა ადამიანმა მითხრა, ფული იმიტომ მინდა, რომ დაზღვეული და მშვიდი ცხოვრება მქონდესო. ბევრ ფულთან ერთად ცხოვრება მარტივი არ არის, ისევე როგორც მისი შოვნა და სწორად დაბანდება.

– ვალს იღებთ ხოლმე?

– ვალის აღება ძალიან არ მიყვარს. სესხის აღებაც კი არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე. მახსოვს, ერთხელ, შემეძლო, ტელევიზორი მეყიდა, მაგრამ მირჩიეს, განვადებით გამომეტანა და მისი ღირებულება ავტომატურად დაიფარებოდა ბარათიდან. ორ თვეში საერთოდ დაიხურა ის სამსახური, სადაც ვმუშაობდი და რომლიდანაც იმ ბარათზე მერიცხებოდა თანხა. მხოლოდ ამ სამსახურზე არ ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან არ მესიამოვნა და მივხვდი, რომ სისულელე გავაკეთე. როცა ვალს იღებ, ძალიან მყარი გარანტიები უნდა გქონდეს. მე არ ვარ რისკიანი და არანაირი ვალი არ მინდა. მხოლოდ ფინანსური კი არა, ვინმესთან რამით ვალში ყოფნაც არ მინდა. თუ, მაინცდამაინც, უცებ ფული დამჭირდა და იმწუთას არ მაქვს, მხოლოდ ოჯახის წევრებს, სხვას ვერავის ვერაფერს გამოვართმევ, გამორიცხულია. ასეთი ხასიათი მაქვს.

– ქალებთან ფულის ფლანგვა ასოცირდება, როცა საქმე ტანსაცმელსა და თავის მოვლის საშუალებებს ეხება, ბევრს უჭირს თავის კონტროლი.

– მე არ მივეკუთვნები ქალების მაგ კატეგორიას. საერთოდ არ მჩვევია ფულის უაზროდ ხარჯვა. ტანსაცმელს მხოლოდ კონკრეტული საჭიროების მიხედვით ვყიდულობ და არა შემთხვევით. შეიძლება, რაღაც მოულოდნელადაც მომეწონოს და ვიყიდო, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. არც ტანსაცმელების თვალიერება მიყვარს, მაღაზიებში, ძირითადად, მაშინ მივდივარ, როცა რაღაც კონკრეტული მჭირდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გარდერობში დიზაინერებისგან ნაჩუქარი ბევრი სამოსი მაქვს და პროფესიიდან გამომდინარე, იმდენად ხშირად ვარ გაპრანჭული, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემი ყველაზე საყვარელი სამოსი ხალათი და სახლის ტანსაცმელი უფროა. თუმცა, კოვიდმა და სულ სახლში ყოფნამ მიმახვედრა, რომ ეგეც მომბეზრდა, მაგრამ სამოსზე უაზროდ ნამდვილად არ დავხარჯავ ფულს. რადგან „ინფლუენსერად“ ვმუშაობ, ძალიან ბევრ თავის მოვლის საშუალებას საჩუქრად მიგზავნიან, იმდენს, რომ შემიძლია, ოჯახის წევრებსაც მივცე. რაღაც, რაც მოგწონს და გჭირდება, რომ დაგიმთავდება, მერე უნდა იყიდო და ამაში ნამდვილად იხარჯება თანხა. ეს საკუთარი თავისთვის არ უნდა დაინანო, თუმცა, ყველანაირი ხარჯი შენი შემოსავლის შესაბამისად უნდა გაიღო. მირჩევნია, ფული მოგზაურობისთვის გამოვიყენო. დასვენება, სიამოვნების მიღება, გემრიელობების დაგემოვნება, იქაური სუვენირების შეძენა – ეს ჩემი ტრადიციაა. ხომ ამბობენ, ინვესტიცია მომავალში უნდა ჩადო და მის უზრუნველსაყოფად სახლები, ანუ უძრავი ქონება უნდა დააგროვოო. მე მგონია, რომ სამ რამეში არ უნდა დაგენანოს ფული: პირველ რიგში – ეს არის განათლება. შემდეგ – ძვირფასეულობა: ოქრო და ბრილიანტი, როგორც ბებიები გვასწავლიან, კარგი დაბანდებაა. ბევრი და უაზროდ არ არის საჭირო, ცოტა კარგი და ხარისხიანი სჯობს. ჩემთვის მესამე და ძალიან საჭირო ინვესტიცია მოგზაურობაა. ამ დროს იზრდები, სწავლობ, ვითარდები, ენერგიით ივსები და უკან სულ სხვა ადამიანი ბრუნდები. სახლის ყიდვა და მისი შემოსავლად ქცევა თუ შეგიძლია, ეგეც კარგია, მაგრამ მე არ ვარ ეგ ტიპი. „ბიზნესვუმენობა“ არ გამომდის, ცოტა სხვანაირი ტვინი მაქვს. მე ვიცი, რომ არასდროს დავრჩები ფულის გარეშე და მშიერი არ მოვკვდები, ჩემი თავის იმედი მაქვს და სხვისი არავისი, მაგრამ „ჩალიჩა ქალი“ არ ვარ (იცინის). დიდი ფული აუცილებლად სწორი გზით უნდა იყოს მოპოვებული. გადამიხადონ ჩემს ნიჭში, ჩემს შესაძლებლობებში. ზუსტად ვიცი, რომ ამისთვის რაღაც ბიზნესს ვერ მოვიფიქრებ, როგორც პოლიტიკის არ გამეგება, ასევე ბიზნესის – მე ასე ვფიქრობ. ცხოვრება აღმართი და დაღმართია.

– გახსოვთ პირველი ანაზღაურება?

– ეს იყო ჩემს მეორე ჩვენებაზე. პირველზე არაფერი არ გადაუხდიათ, სამაგიეროდ, მეორე ჩვენებაზე ავიღე ასი დოლარი. ეს იყო 1995 წელს და მაშინ ეს დიდი თანხა გახლდათ, მე კი 17 წლის ვიყავი. წავედი და კარგად ვიშოპინგე (იცინის). ძალიან მსიამოვნებდა ჩემი პირველი ჰონორარით რომ ვიძენდი იმას, რაც მომწონდა. ეს დღემდე ასეა. რა თქმა უნდა, მიხარია საჩუქრის მიღება, მაგრამ ჩემი გამომუშავებული ფულით რომ ვყიდულობ რამეს, იმ ნივთის მიმართ სულ სხვა სიყვარული მაქვს.

– ცდილობთ, საკუთარი გამოცდილებით, შვილს ფულისადმი სწორი მიდგომა გამოუმუშაოთ?

– ბავშვობიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ჩემი ხელფასი ავიღე, მშობლებისთვის ფული აღარ მითხოვია. ნატალიამ ახლა დაიწყო მუშაობა. მანამდე ჯიბის ფულს მე ვაძლევდი და სულ ვინტერესდებოდი, რა რისთვის სჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ ბავშვი უნდა აკონტროლო, უნდა იცოდე, რაში ხარჯავს ის ფულს. ახლა, როცა თავისი ხელფასი აქვს, უკვე იცის, როგორ გაანაწილოს. რაღაცას ინახავს, რომ მერე წავიდეს და დაისვენოს, იმოგზაუროს. მომწონს, რომ ასე უდგება, მაგრამ აქამდე, ჩემთან შედარებით, ცოტა უაზროდ მფლანგველი იყო, რადგან ეს არ იყო მისი გამომუშავებული თანხა. ძალიან მაინტერესებს, ახლა როგორ მიუდგება საკუთარ შემოსავალს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორად გაანაწილებს. როგორც ამბობენ, რაც უფრო სწორად და კარგად დახარჯავ, მით უფრო მეტი შემოგივა. საერთოდ, კი მგონია, რომ რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი მოვა. ფული იქნება თუ სიყვარული – ეს ყველაფერს ეხება. მადლიერების განცდა უნდა გქონდეს იმის გამო, რაც გაქვს. შეცდომებისა და წყენების გამოც მადლიერი უნდა იყო. მაგრამ ცარიელი სიტყვებით არა, მართლა უნდა განიცდიდე მადლიერებას და როცა სულიერ სიმშვიდეს იპოვი, მერე ბუნებრივად გამოსცემ კარგ ენერგიას და გარშემო ყველა კარგად გექცევა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, მათხოვარს ფული არ უნდა მისცე. ჯობს, წახვიდე, საკვები უყიდო და ამით დაეხმარო. ფულის რომ აძლევ, ამით კიდევ უფრო უფუჭებ კარმას ადამიანს, რომელიც ისედაც ყველაზე ცუდ სტადიაში იმყოფება. საკვების მიცემა უფრო დიდი სიკეთეა, ვიდრე ფულის. რამდენიმეჯერ მქონია შემთხვევა, მაღაზიაში ბებო დამინახავს და მოკრძალებულად მიკითხავს, შეიძლება მე დაგპატიჟოთ-მეთქი? ორჯერ გამიმართლა – ძალიან გაუხარდათ და უამრავი მადლობა გადამიხადეს, მაგრამ ერთხელ ერთი ბებოს უკან ვიდექი და ვთქვი, მინდა ბებოს დავეხმარო და მის ნაცვლად გადავიხდი-მეთქი. იმ ქალმა ისე გამომლანძღა, რომ მას შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ. მივხვდი, რომ ყველას არ უნდა გაუკეთო, შენი აზრით, სიკეთე. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო – თუ გთხოვენ, გააკეთე, საკუთარი ინიციატივით – არა. სოციალურ ქსელში ბევრი მწერს ფულთან დაკავშირებული თხოვნით, ყველას, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარები. სულ რომ მილიონერი იყო, ეს ასე მარტივი არ არის. მაგრამ ერთხელ ძალიან ძველმა ნაცნობმა მომწერა, ფული მასესხეო. ვერც მივხვდი, რისთვის სჭირდებოდა და ვიფიქრე, რომ მიზეზთან დაკავშირებითაც მატყუებდა და ამის და იმის გამოც, რომ მორიდებოდა და მეორედ იგივე აღარ გაეკეთებინა, გადავწყვიტე, ეს თანხა მეჩუქებინა.

ასევე იხილეთ