“ცოლი ჩემი საყრდენია”

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი, ჯერ კიდევ თეატრალურის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა კასტინგის შედეგად ტელესერიალში ,,გოგონა გარეუბნიდან” გადაიღეს. ახალგაზრდა კაცი მალე გახდა პოპულარული, რაც მისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, თუმცა მალე გამოვიდა ეიფორიიდან და მიხვდა, რომ მისი პროფესიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა თეატრში მუშაობას ჰქონდა.

ამ მხრივაც გაუმართლა. რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტული პროექტი მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებს სხვადასხვა ტურის გავლა უწევდათ, გამორჩეულს კი თეატრის დასში რიცხავდნენ. ამ პროექტის შედეგად მოხვდა თეატრში. განსაკუთრებით რთული იყო პირველი წელი, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. მღელვარება იმ წუთიდან ეუფლებოდა, როგორც კი შესასვლელ კარს მიუახლოვდებოდა. ეს წელი დაკვირვებასა და სიჩუმეში გაატარა, სწავლობდა ყველაფერს, მსახიობების ქცევას, რეჟისორების მოქმედებას რეპეტიციების დროს, კოლეგებთან ურთიერთობას. უშეცდომოდ აიარა პროფესიული დაოსტატებისკენ მიმავალი საფეხურები და დღეს ამაყობს, რომ რუსთაველის თეატრის დიდი კოლექტივის წევრია.

– ლაშა, პანდემიის დროს ბევრი თავისუფალი დრო გქონდათ, რაზე დაფიქრდით, რით შეძელით სიცარიელის ამოვსება?

– თუ რაიმე სასიკეთო მოხდა პანდემიის დროს, იყო ის, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით დავტკბი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ფიქრისთვის დრო მქონდა. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რაიმე საქმე წამოგვეწყო, რადგან, როცა იღებ პასუხისმგებლობას და ქმნი ოჯახს, უნდა შეძლო კიდეც მისი უზრუნველყოფა.

მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემი შესაძლებლობის გათვალისწინებით გავხსენი კერამიკული სახელოსნო “დირე”, სადაც დავიწყეთ დამზადება სახლების ინტერიერისთვის საჭირო ნაკეთობების და კედლის დეკორის, რამდენიმე სტუდენტიც ჩავრთე ამ საქმიანობაში. საკმაოდ საინტერესო ნივთების კეთება დავიწყეთ. ამ საქმით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ოჯახის შენახვას, რამდენიმე ადამიანისთვის ხელფასის გადახდას შეძლებ.

– მსახიობობა როდის მოინდომეთ?

– სულ მინდოდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლები როგორ დაინახავენ შენს ნიჭს და როგორ მოგცემენ სწორ მიმართულებას. მე გოგი თოდაძის თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანეს, რაც ძალიან კარგი იყო.

თეატრალურში სწავლისას იცით, როგორ არის? პირველ კურსზე თავი სახალხო არტისტი გგონია, მეორეზე უკვე ჰოლივუდში გადასაღებად ემზადები, მესამეზე რეჟისორებზე ბრაზდები, რომ შენნაირ გენიოსს ვერ ამჩნევენ, მხოლოდ მეოთხე კურსზე ხვდები, რომ სტუდენტი ხარ. ასე რომ, მეორეკურსელი როგორ გავთამამდებოდი ამ უეცარი პოპულარობით, ხომ წარმოგიდგენიათ. კიდევ კარგი, იმ დრომ სწრაფად ჩაიარა. მეც დავდინჯდი და გავაცნობიერე, რომ ცნობად სახეს და ნამდვილ მსახიობს შორის დიდი განსხვავებაა.

– პოპულარულ ბიჭს ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, თქვენს საყვარელ ქალს, რომელიც ცოლად აირჩიეთ, როგორ შეხვდით?

– ნამდვილად იყო ასეთი პერიოდი, თაყვანისმცემელთა სიმრავლე, მაგრამ ცდუნების მორევში არ ჩავძირულვარ. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, დასასვენებლად წავედი. აეროპორტშივე შევნიშნე ჩემი მომავალი მეუღლე, ქეთევან ჩხეიძე. იქ არ გამოვლაპარაკებივარ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ ქალაქში ჩავედით, ერთ სასტუმროში დავბინავდით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ სართულზეც მოვხვდით მე – ჩემი მეგობრებით, ის – თავისი მეგობრებით.

ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ და მივხვდი, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან. სიყვარულიც ეს არის, რომ კომფორტში იცხოვრო, სულიერ კომფორტში, გიხაროდეს ყოველი დილის გათენება, მისი სახის დანახვა, საღამოს სახლში მისვლა.

 ოჯახი მხოლოდ სიყვარული არ არის, მოვალეობებია, შვილები, საზარუნავი… როგორ გაართვით თავი ამ ყველაფერს ახალგაზრდა კაცმა?

– როცა წყვილიდან ერთი შემოქმედებითი პროფესიის არის და მეორე – არა, ხშირად წარმოიქმნება შეუთავსებლობა. საბედნიეროდ, ქეთევანი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ძალიან შემიწყო ხელი და გამომითავისუფლა ის დრო, რაც მე თეატრში მჭირდებოდა. დიდი დატვირთვა აიღო თავის თავზე. არასდროს გაგვიყვია, ეს შენი საქმეა, მე ამას არ გავაკეთებო. ბავშვებისთვის პამპერსიც გამომიცვლია, საკვებიც მიმიცია და მიბანავებია კიდეც.

ძალიან მაგარია, როცა გვერდით გყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ქეთევანია. ის ჩემი საყრდენია. არა მარტო ქალებს სჭირდებათ საყრდენი, არამედ ჩვენ, მამაკაცებსაც. ძლიერი ვარ და ვამაყობ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ორ შვილს ვზრდით, ქალ-ვაჟს.

ასევე იხილეთ