ვის გამო დარჩა დათო ევგენიძე უსახლკაროდ და როგორ გრძნობს ის განსაცდელის მოახლოებას

ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანების ქმედებებს. თუმცა, მთავარი, ალბათ, მაინც ის თვისებებია, რომელიც სულში გაქვს და შენი ცხოვრებაც იმისდა მიხედვით წარიმართება, რის უფლებას გაძლევს ან არ გაძლევს ის.

დათო ევგენიძე: ცხოვრება გასწავლის, რომ მტრობამ არ უნდა გაიმარჯვოს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ იმ ადამიანის მტრობის მიზეზს დაინახავ, მხოლოდ შენი პოზიციიდან არ უყურებ ცხოვრებას და საკუთარ თავს სხვის ადგილასაც დააყენებ. ასეთი შემთხვევა მქონდა ერთ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი: გავიცანი მისი ცოლი და არც ის ვიცოდი, მათ იმ მომენტში რა ურთიერთობა ჰქონდათ. უბრალოდ, ჩვენი რომანი შედგა, ამ ქალმა ის მიატოვა და ჩემთან წამოვიდა. მე და ის ერთად ვცხოვრობდით, მერე თავისი შვილიც წამოიყვანა. როგორც მე, ისე მანაც მომიყვა თავის ისტორია თანაცხოვრების დროს. გავიგე, რომ მათ სკოლიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. გული დამწყდა იმაზე, რომ მე ვიყავი მიზეზი, ვის გამოც ოჯახი დაინგრა. როდესაც იმ ადამიანს შევხვდი, ვეცადე, ისედაც თავმოყვარეობაშელახული კაცისთვის ოდნავ ფრთები ამეწია. ვუთხარი, მგონია, რომ თქვენს ჯინაზე გააკეთა. იმიტომ, რომ მისი ყოფილი ცოლი მიყვებოდა, როგორ აეჭვიანებდა, სვამდა, არ აქცევდა ყურადღებას. ესე იგი, სხვა კი არ შეუყვარდა ამ ქალს, არამედ მის გასაბრაზებლად გააკეთა ყველაფერი. კაცს თავმოყვარეობა არ შელახვია, ეტყობა, ისიც კეთილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, წელს გავიგე, რომ გარდაიცვალა და ძალიან დამწყდა გული. მიუხედავად იმისა, რომ მასთან სულ რამდენიმე დღე მქონდა ურთიერთობა მოსკოვში, ძალიან შემეხო მისი იმქვეყნად წასვლა. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ეს ემოცია და გატაცება იმდენად მძაფრია, მაგ დროს სხვა ადამიანზე არ ფიქრობ. წლების შემდეგ ხვდები, რამდენად გიღირს ადამიანის ტკივილი, ნაცნობი იქნება თუ უცხო, შენი გრძნობის გამო. ჩვენს ურთიერთობაში იმ კაცის ბუნებაც გამოჩნდა. მარტივად შეეძლო, მოსულიყო თავის დაცვასთან ერთად და ვეცემე. რაც მოუნდებოდა, იმას მიზამდა, მაგრამ იმანაც არ გადმოდგა ეს ნაბიჯი. დაინახა ჩემი გულისწყვეტა და ისიც, რომ მე მისთვის არ მინდოდა, ცუდი გამეკეთებინა. სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება, ასე არ მოქცეულიყო. ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა. რომ არ გამეცნო და ისე გარდაცვლილიყო, უფრო მეტი გულისწყვეტა მექნებოდა. ადამიანურად გული ახლა უფრო მწყდება, რადგან ვიურთიერთეთ, მაგრამ რასაც ცოდვა ჰქვია, მისგან ოდნავ მიტევებული მგონია ჩემ მიმართ.

– პირიქით არ მომხდარა – გული ვისთვისაც გაგიხსნიათ, ზურგში დანა არ ჩაურტყამს?

– ასეა მთელი ცხოვრება. მე სულ ვცდილობ, ვიპოვო ნიჭიერი ადამიანები და გზა გავუკვალო. მთელი ცხოვრება ეს ასეა, ეს ჩემი ცხოვრების წესია. ბევრი დღევანდელი ვარსკვლავი ჩემი ნაპოვნია, გზა ჩემი გაკვალული აქვთ. მერე რაღაც უცნაური ხდება ხოლმე. როცა თვითონ ხდებიან ვარსკვლავები, შენ უკვე იმ პერიოდს ახსენებ, იქ აბრუნებ, როცა მისი ცხოვრება სხვანაირი იყო, როცა შენ იყავი მისთვის ვარსკვლავი და მას საზოგადოება ჯერ არ იცნობდა. თუ ათწლეულების განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობები გვქონდა, როცა უკვე ვარსკვლავები გახდნენ, ეს ადამიანები გამერიდნენ. ამის გამო გულისწყვეტა მაქვს. მე იმავეს ვაგრძელებ. ამას იმისთვის არ ვაკეთებ, რომ მერე მათგან პასუხი მივიღო, მაგრამ გული რომ დამწყდეს, ამის უფლება მაქვს.

– თქვით, ძალიან დიდი დოზით არის ჩემს ცხოვრებაში მისტიკაო. რაში გამოიხატება ეს?

– მისტიკას არა, ამას უფრო იდუმალებას დავარქმევდი. ჩვენი ყოველი წამი და თვითონ სიცოცხლეც იდუმალია. უბრალოდ, შეგუებულები ვართ იმ უზარმაზარ საჩუქარს, რასაც სიცოცხლე ჰქვია. საოცრება ხდება ყოველ წამს, უფალი სულ გიგზავნის ნიშნებს, გაცილებს განსაცდელებს, ეს შეიძლება შეამჩნიო, მაგრამ პოსტფაქტუმ. ამ ბოლო დროს ვისწავლე ამ ნიშნების წინასწარ წაკითხვა და შემიძლია, ვინმეს ან საკუთარ თავს განსაცდელი ავაცილო.

– დედის გარდაცვალებაც გიგრძნიათ…

– არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო. კონცერტზე ვუკრავდი და უცებ ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი, ალბათ, სივრცობრივად. განსაკუთრებული სიმარტოვე მოვიდა. ასეთი შეგრძნება ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ მქონდა. როცა ეს შეგრძნება დამეუფლა, დაკვრა შევწყვიტე, უკვე ვიცოდი, რომ დედა აღარ მყავდა.

– საკუთარ თავთან მიმართებაში ხშირად გაქვთ წინათგრძნობა?

– მაგალითად, 21 დეკემბერს საფრანგეთში უნდა წავსულიყავი საბავშვო „ევროვიზიაზე“. თან შვილი მყავს პარიზში, შვილიშვილები და ყველანაირი მიზეზი მქონდა, სიხარულით გავმგზავრებულიყავი. აბსოლუტურად უაზრო მიზეზით ჩავაბარე ბილეთი და ზუსტად მაგ რიცხვში მომივიდა ვარიკოზული სისხლდენა. მე რომ თვითმფრინავში ვყოფილიყავი, ვერ გადავრჩებოდი. ჩემს წაუსვლელობას აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზი ჰქონდა. ვერ ავხსნი, რატომ არ წავედი. არც ჩემს მეუღლეს ესმოდა, მაგრამ უცნაურია, რომ არც ის შემწინააღმდეგებია. ყველამ მიიღო, როგორც ფაქტი.

– სხვების მიმართაც გაქვთ მსგავსი განცდები?

– კი, რა თქმა უნდა, ამჯერად მეხებოდა მე, მაგრამ ხშირად ჩემს გარშემო მყოფ სხვადასხვა ადამიანებს ეხებათ. გამოცდილებამ მასწავლა ამის დაჯერება. ასეთ რაღაცებს ადრე რომ ვგრძნობდი, ეს განცდა იმდენად ქვეცნობიერში იდო, რომ ვერ ვიაზრებდი, რა იყო. ახლა შეიცვალა ის, რომ წინასწარ ვხვდები, რომ განსაცდელი მიახლოვდება. კონკრეტულ ფაქტს, რასაც ეს უნდა მოყვეს, ვერ ვხვდები, მაგრამ ჩემდა უნებურად ვიცილებ ამ განსაცდელს.

– ნათქვამი გაქვთ, სიკვდილის შიში დავამარცხეო, ეს როგორ მოახერხეთ?

– ვიფიქრე ამაზე. როგორც დაბადებაა, ზუსტად იგივეა ამ რეალობის დასასრულიც, რომელშიც ვცხოვრობთ. რადგან ეს უფლის ნებაა, ესე იგი, კანონზომიერია. ამ მისიის შემსრულებელს, სიკვდილის ანგელოზს, ყველაზე ცუდი როლი აქვს, მაგრამ ეს მას უფალმა დააკისრა. ყველაზე ცუდი როლია, რადგან ადამიანებს ყველაზე მეტად მისი ეშინიათ და ამიტომ, ვიზუალურად საშიშად არის აღქმული – შავი მოსასხამით, ხელში ცელით და ასე შემდეგ. ჩვენ შევქმენით ეს სახე, მაგრამ შეიძლება, ის ტირის, როცა ვიღაც მიჰყავს. განიცდის, მაგრამ უნდა შეასრულოს, რადგან ეს უფლის ნებაა. განიცდის იმასაც, რომ ადამიანები მას აღიქვამენ, როგორც ყველაზე ცუდს ამ ცხოვრებაში. გავუგე მას და ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი თვითონაც დაინახა და ჩვენ შორის სხვანაირი ურთიერთობა გაჩნდა. რომელიღაც ლექსში ამოვიდა ეს აზრი. ლექსის წერის დროს, სიტყვა სიტყვას მაწერინებს და როცა ვკითხულობ, მერე ვხვდები, რას მაძლევს. ასე დაიწერა ეს ლექსიც. ამ ლექსში ის თვითონ მოვიდა საურთიერთოდ.

– საკუთარ თავზე თუ გიგრძნიათ სასწაულის ძალა?

– როგორ არა, ჩემ თვალწინ მოხდა სასწაული. იერუსალიმში 26 საუკუნის იუბილე იყო ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის. მე ღონისძიების მუსიკალური პროდიუსერი ვიყავი და ერთი თვით ადრე ჩავედით. შემდეგ ჩამოვიდა ვარსკვლავების მთელი გუნდი. მაშინ ქართველ მრევლს პირველად მიეცა საშუალება, წირვა ჩაეტარებინა მაცხოვრის საფლავზე. მე მეჭირა იერუსალიმის სანთლები ხელში. როცა საზიარებლად რიგი დადგა, მექანიკურად მეც დავდექი. მამაომ გამწია გვერდზე, რადგან მე აღსარება არ მქონდა ნათქვამი. ჩვენი მრევლი, ვინც საქართველოდან იყო ჩამოსული, ყველა მარხულობდა, აღსარებაზე დადიოდნენ ამ მამაოსთან, ვისაც უნდა ეზიარებინა და მე კანონიკურად უფლება არ მქონდა, არ ვყავდი ნანახი ამ კაცს არც თბილისში და ამ დროს ჩემს ხელებში აინთო სანთელი. ამას არ მოვყვებოდი, რომ ორასამდე ადამიანს არ ენახა. იმ დღიდან საერთოდ სხვანაირად დავინახე სამყარო. მივხვდი, რომ მეტი ვალდებულება მაქვს ვაკეთო სიკეთე, რადგან ეს საოცრება ჩემს ხელში მოხდა.

– პირველი აღსარების შემდეგ, სიკვდილს გადარჩენილხართ….

– პირველად რომ აღსარებაზე მივედი, იმდენი მქონდა სათქმელი, მამაომ გამაჩერა, საკმარისიაო. იქიდან რომ წამოვედით, მანქანამ დაგვარტყა და აბსოლუტურად ყველა გადავრჩით.

– ვისთვის ცხოვრობს დათო ევგენიძე, საკუთარი თავისთვის, ქვეყნისთვის თუ ოჯახისთვის?

– პირველ რიგში, ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, ბოლოს – ჩემი თავისთვის.

– თქვენი პროფესიული აქტიურობის გათვალისწინებით, ოჯახს არ ჰქონდა დანაკლისის შეგრძნება?

– ფინანსურს თუ ვიგულისხმებთ, ბევრ ქვეყანაში მქონდა დარჩენის შანსი და რა თქმა უნდა, იქ უკეთესი შემოსავალი მექნებოდა. დღეს მე დაყადაღებული მაქვს ანგარიშები და მევახშეებს გადაფორმებული აქვთ ჩემი ბინები. არანაირი ქონება მე არ მაქვს და ვცხოვრობ ყოველდღიურობით. ეს იმ ადამიანების გამო მოხდა, რომლებმაც უფალზე უარი თქვეს. მე ეს ადამიანები შევიწყალე, როდესაც თაღლითობა დაუმტკიცდათ. ათასჯერ მეტი თანხა მქონდა გადახდილი, ვიდრე გადასახდელი იყო და ეს თაღლითური ჯგუფი ცხრა წლით მიდიოდა ციხეში. მოვიდნენ ჩემთან სახლში შვილებით, ბებიებით, სავარძლიანი ქალბატონით და შევიწყალე. ბინა უკან უნდა გადმოეფორმებინათ, მაგრამ მომატყუეს. წლები მეგონა, რომ საკუთარ ბინაში ვცხოვრობდი. დიდი ხნის შემდეგ საშემოსავლოს დეკლარაცია შევავსე და ჩემი ბინის მისამართი ჩავწერე. დამირეკეს და მითხრეს, ეს ბინა თქვენი აღარ არის, სხვისი ბინა მიგითითებიათო. მთელი ეს დრო ისინი ჩუმად იყვნენ, სასამართლოს განჩინებიდან იმდენი წელი რომ გავიდა, რომ უკვე ხანდაზმულობა შეეხო, მერე გამოჩნდნენ, მაშინ როცა გასაჩივრების საშუალება აღარ იყო. მე ხელი არასდროს ჩამიქნევია. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა, რომ სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს.

ასევე იხილეთ