რატომ ამბობს თამთა ხმალაძე უარს თამამ როლებზე და რატომ არ მოქმედებს მასზე ძვირფასი საჩუქრები

თამთა ხმალაძე სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ლაკოს როლს ასრულებს, გოგონასი, რომელიც საკუთარ გარეგნობასა და მამაკაცების მის მიმართ კეთილგანწყობას ბოროტად იყენებს.

თამთა ხმალაძე: პროდიუსერმა მომწერა ამ როლის შესახებ. მიცნობდა, ადრე სხვა სერიალის კასთინგზე ვიყავი ნამყოფი და ამ როლზე დამირეკეს. მომიყვა პერსონაჟის შესახებ, მაგრამ თავდაპირველი სცენარი ახლანდელისგან ცოტა განსხვავდებოდა. ის, რომ ეს გოგო ორ ბიჭს ერთად ხვდება და ისეთია, როგორიც არის, არ ვიცოდი, სცენარი თანდათან იწერება და ესეც ტრანსფორმირდა (იცინის). მგონი, ამ სერიალში ერთადერთი გმირია, რომელიც ცალსახად უარყოფითია და ვერ ვიტყვი, რომ მასში რამე მომწონს. რა კუთხითაც არ უნდა შევხედო, ვერ გავამართლებ. თუმცა, მგონია, რომ დღევანდელ რეალობას ერთი ერთში ასახავს. იმ ადამიანებიდან, ვინც ლაკოსავით ცხოვრობენ, ზოგი, შეიძლება კარგი შვილი იყოს, ზოგი კარგი მეგობარი. ლაკოსთან მსგავსიც არაფერი ჩანს, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ გამომძალველია და იყენებს კაცებს. არავინ ადარდებს, გრძნობა არ აქვს, უბრალოდ, ამით ცხოვრობს. ბევრი მსგავსი ისტორია გამიგია და მგონია, რომ ბევრი გოგო ამოიცნობს მასში საკუთარ თავს, ბევრი ბიჭი კი მიხვდება, რომ კასპერას როლშია.

როცა სცენარი ასე განვითარდა, დავიძაბე, ვიფიქრე, მაყურებელი ჩემს როლთან ხომ არ გამაიგივებდა. არ მესიამოვნა ამის წარმოდგენა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ადამიანს, რომელსაც მართლა ისეთი ეგონები, როგორ როლსაც ასრულებ, რა უნდა უპასუხო? როლზე უარი მითქვამს, თუ ჩემთვის რამე მიუღებელი ყოფილა. თამამ სცენებზე, როგორც წესი, უარს ვამბობ. აქ კოცნის სცენაც კი არ ყოფილა. უფრო სწორად, სცენარში იყო, მაგრამ ისე გადავიღეთ, კოცნა არ ყოფილა – თავზე ვაკოცე და ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. თამამ სცენებში მონაწილეობა მე თვითონ არ მინდა, არა იმიტომ, რომ ვინმემ რამე არ თქვას, უბრალოდ, არ მომწონს, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ როლში არაფერი იყო ისეთი, რის გამოც უარი უნდა მეთქვა.

– ლაკოს მიმართ ბიჭებს აგრესია გაუჩნდათ?

– ბუნებრივიცაა, ვერ გაამტყუნებ. სასაცილო ისაა, რომ რეალობაში ვერ ცნობენ ასეთ გოგონებს. ლაკოსაც არ აქვს გაიძვერის გამომეტყველება და როგორც წესი, რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, ასეთი გოგონები ანგელოზის სახით გვევლინებიან. ამიტომ ბიჭები ვერ აღიქვამენ, როცა მსგავსი რამ მათ თავს ხდება. სერიალში რომ უყურებენ, ძალიან ბრაზდებიან და აგრესიას გამოხატავენ. კარგია, ჩემ გარშემო მყოფი რამდენიმე ბიჭიც დაინახავს თავის თავს კასპერაში და გოგოები – ლაკოში.

– ლაკოსთან საერთოს ვერაფერს პოულობ?

– მე ბევრი რამით არ ვგავარ. უფრო სწორად, მხოლოდ გარეგნობით ვგავარ და კიდევ, მანქანა გვყავს ერთნაირი (იცინის). თუმცა, თუ ვინმესთვის მანქანა დამიზიანებია, გამიკეთებია. მე პირიქით ვარ, ვინმე თუ ცდილობს, პატივი მცეს, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. შეიძლება, ესეც არ არის სწორი, მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, არანაირი მიმღებლობა არ გაგაჩნიაო. მგონი, ასეთი რადიკალურობაც არ შეიძლება, თუმცა, არც ლაკო უნდა იყო. ზომიერება არის საჭირო. საჩუქრებს არავისგან ვიღებ. ადამიანი თუ არ მოგწონს, მისგან საჩუქარიც არ უნდა მიიღო.

– ეს არ იწვევს უხერხულობას?

– ჩემი აზრით, ის უფრო უხერხულია, როცა ადამიანს ეუბნები, რომ არ მოგწონს და იმის საჩუქრებს იღებ. ყვავილები კიდევ ისეთი რამ არის – კარგი, მაგრამ როგორც წესი, ყვავილებიც არ მინდა მისგან, ვინც არ მომწონს. თუმცა, ერთხელ უარის გამო ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს და მთელი სამეგობრო იმდენი მელაპარაკა, ასე მოქცევა არ შეიძლებაო, ბოლოს ვუთხარი, კარგი, მომეცით-მეთქი, (იცინის).

– რეალურ ცხოვრებაში შეყვარებული ხარ?

– არა.

– მაშინ თაყვანისმცემლებზე ვისაუბროთ – ვინ როგორ ცდილობს, ყურადღების გამოხატვას?

– ძალიან ბევრი სიურპრიზი მახსენდება. ბევრი სასაცილო რამ გაუკეთებიათ: უმღერიათ, ხეზე ამომძვრალან ჩემს ოთახთან და იქ დაუტოვებიათ რაღაცები. ახლა ძვირფასი საჩუქრების გამოგზავნით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ, მაგრამ როგორც ვთქვი, საჩუქრებს არ ვიღებ.

– შენზე არ მოქმედებს მათი სიურპრიზები?

– ვინ უფრო მეტს მიმღერებს და ვინ უფრო მეტ ბუშტს გაუშვებს – ეს არა, მაგრამ ბიჭი რომ შენ მიმართ ყურადღებიანია და გიჩვენებს, რომ შენთან უნდა ურთიერთობა, ეს სასიამოვნოა. მარტო ამიტომ მართლა არასდროს არავინ მომწონებია, მაგრამ თუ ვინმე მომწონს, თუ ამ მხრივაც არ აქტიურობს, არ ვგულისხმობ აუცილებლად სიურპრიზებს, თუ ყურადღებიანი არ არის და არ ცდილობს მაგრძნობინოს, რომ ვუყვარვარ, მასთან ამის გარეშე ვერ ვიურთიერთებ. ყველანაირად რომ მომწონდეს ბიჭი და რასაც სულ მიჩვეული ვარ, მისგან ვერ დავინახო, არ ვიცი… მით უმეტეს, ვინც მოგწონს, მისგან ორმაგი ყურადღება გჭირდება. თუმცა, მხოლოდ საჩუქრების, სიურპრიზების და ყურადღების გამო არავინ მომეწონება.

– ლაკოსთან ურთიერთობა ბიჭებისგან კარგ ფინანსურ შესაძლებლობებს მოითხოვს. შენთვის თუ აქვს მნიშვნელობა საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში მის ფინანსურ მდგომარეობას?

– ლაკო ამის გამო იწყებს ადამიანებთან ურთიერთობას, ყველაფერს ამით განსაზღვრავს. მგონია, რომ თუ გათხოვებას დავაპირებ, ბიჭს ტყეში ვერ გავყვები და ბავშვებს იქ ვერ გავზრდი, ასე მგონია. გინდა, არ გინდა, გოგოს ყოველთვის გეფიქრება, რომ შენი შვილებიც ისე ცხოვრობდნენ, როგორც მაგალითად, შენ. ნამდვილად მინდა, ისეთი მამაკაცი მყავდეს გვერდით, რომელიც ჩვენს შვილებს ისეთ პირობებს შეუქმნის, როგორიც თუნდაც მე მაქვს. მაგრამ ის საერთოდ სხვა რაღაცაა, როცა მარტო ამის გამო შეგიძლია, ბიჭთან ურთიერთობა დაიწყო. ასე რომ იყოს, აქამდეც ბევრჯერ გავთხოვდებოდი (იცინის).

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– არ შემიძლია ვთქვა, როგორ ბიჭთან მინდა ურთიერთობა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და წინასწარ ვერ გაიგებ, როგორი შეგიყვარდება. თუმცა, ზუსტად ვიცი, როგორი არ შემიყვარდება არასდროს: მექალთანე, არასერიოზული, უჭკუო და მერყევი. უნდა ვიგრძნო, რომ გვერდით ძლიერი პიროვნება მყავს. სანდო და ერთგული უნდა იყოს, სიმპათიურიც (იცინის). თუმცა, სიმპათიურს ზოგადად ვამბობ, კონკრეტულად ქერას ან შავგვრემანს არ ვგულისხმობ, თუმცა მაღალი უნდა იყოს (იცინის). კალათბურთელის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, მაგრამ მე რომ ქუსლებზე ვიდგები, ჩემზე მაღალი უნდა იყოს. არ მომწონს დაბალი ბიჭები, განცდა მაქვს, რომ მაღალი ბიჭის გვერდით უფრო დაცულად ვიგრძნობ თავს (იცინის).

ასევე იხილეთ