“მამაჩემი მეუღლის მონატრებით დაღლილი წავიდა იმქვეყნად”

,,ერისიონი” ცის იერს, მთის თავს ზევით სივრცეს ნიშნავს. მართლაც მთის მწვერვალებივითსიმაღლეზეა ატანილი ანსამბლ ,,ერისიონის” მიერ ქართული ხალხური ფოლკლორის იშვიათი მარგალიტები, ჟრუანტელისმომგვრელი, სისხლის ამაჩქროლებელი ცეკვები და მრავალხმიანი ქართული სიმღერები.

პარიზში “ერისიონის” გასტროლების დროს ფრანგების მხრიდან დაიბადა იდეა “ქართული ლეგენდის” შექმნისა. ზღვის დონიდან 3700 მეტრზე გადაღებულმა სარეკლამო კლიპმა მსოფლიო მოიარა, რასაც მოჰყვა ანსამბლის უდიდესი ტრიუმფი.

ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის, შემდგომში “ერისიონის”, ხელმძღვანელად დანიშნეს. განუმეორებელ ქორეოგრაფ რევაზ ჭოხონელიძესთან ტანდემში მან სრულიად ახალი სული შთაბერა ანსამბლს.

ჯემალ ჭკუასელს სიყვარულით სავსე, სამაგალითო ოჯახი ჰქონდა. სამწუხაროდ, ჯერ მისი მეუღლე, ქალბატონი გიული გარდაიცვალა, 6 თვეში კი – ბატონი ჯემალი.ცნობილ ოჯახზე, მშობლებზე, “ერისიონის” განვლილ და გასავლელ გზაზე ჟურნალ “სარკეს” ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი ჯემალის შვილი, შერმადინ ჭკუასელი ესაუბრა.

– ალბათ ძნელია ბატონი ჯემალის გარეშე “ერისიონის” წარმოდგენა, მაგრამ შვილებმა ღირსეულად გააგრძელეთ მამის გზა, რომელმაც თქვენ თვალწინ და თქვენთან ერთად გაიარა. როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი?

– ჩემი ბაბუა, შერმადინ ჭკუასელი, უბადლო მომღერალი და გურული სიმღერების საუკეთესო მცოდნე გახლდათ. საბედნიეროდ, მისი გენეტიკა გაგრძელდა მამაჩემში. ჯემალი ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებული იყო, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც მაღალი დონის ანსამბლი არსებობდა, იქ დაიწყო სიმღერა. სხვათა შორის, მსახიობური მონაცემებიც ჰქონდა, გადაღებულია ფილმში “მაია წყნეთელი”. ბევრი ურჩევდა, მსახიობობა გაეგრძელებინა, მაგრამ სიმღერას ვერ უღალატა.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად როცა გადაიყვანეს, თავიდან ცოტა გაუჭირდა, შემდეგ ყველაფერს ალღო აუღო და ისეთი წარმატება მოიპოვა ანსამბლმა, მთელი საქართველო აალაპარაკა.

შემდეგ ჯემალი საქართველოს სახელმწიფო აკადემიური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. ლევან ღვინჯილიას უთქვამს მამაჩემისთვის, ამ ანსამბლს “ერისიონი” დაარქვით, “ერისიონი” ცისიერ მთაზე მაღლა მდგომს ნიშნავსო და მართლაც ანსამბლი სულ ზემოთ, მაღლა და მაღლა მიიწევდა.

– როგორი იყო ბატონი ჯემალი ოჯახში, როგორც ქმარი, როგორც მამა, ბაბუა… ცნობილია თქვენი მშობლების ულამაზესი სიყვარულის ამბავი.

– დიახ, დედაჩემი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა დეიდასთან სტუმრად მისულმა ჯემალმა პირველად დაინახა და მაშინვე შეუყვარდა. დედა თავადაც კარგად ცეკვავდა, კინოსტუდიის ანსამბლის მოცეკვავე იყო. მამამ მალე მოახერხა ლამაზი გოგონას მოხიბვლა და ერთ მშვენიერ დღეს, პურის საყიდლად გამოსული, ცოლად მოიყვანა. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ნაქირავებ ბინაში, მაგრამ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. წლების შემდეგ ოროთახიანი ბინა შეიძინეს, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს.

მამა სულ გასული იყო, ოჯახის გაძღოლა დედას უხდებოდა. დიდი ერთგულებით ედგა მხარში ჯემალს, ცეკვასაც თავი დაანება და მთლიანად ოჯახზე გადაერთო. სხვანაირად ვერც იქნებოდა, მამა ასეთ სიმაღლეს ვერ მიაღწევდა, თუ მთელ დროს თავის საყვარელ საქმეს არ დაუთმობდა. ყოველთვის ამბობდა, კარგი მეოჯახე ვერ გამოვდექი, შვილები ვერც კი მცნობენ, დილით დაძინებულს ვტოვებ, საღამოს დაძინებულები მხვდებიანო.

ჩემმა მშობლებმა 65 წელი გაატარეს ერთად. მამა დედას ძალიან აფასებდა, ამბობდა, ოჯახში ქალია მთავარი, ყველაფერს ქალი წარმართავს, ზუსტად ისეთი კაცი იქნები, როგორი ცოლიც გყავსო.

დედას ეამაყებოდა ჯემალი, თავი ჰქონდა გადადებული ოჯახისთვის, ბოლო წუთამდე მასზე ფიქრობდა, ის ედარდებოდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, მაინც ფეხზე იდგა. ვერასდროს შეამჩნევდი, თუ რამე აწუხებდა. საშინლად განიცადა მისი გარდაცვალება მამამ. ისიც მძიმედ იყო ავად, 6 თვე სულ კარს შეჰყურებდა, გიულის შემოსვლას ელოდებოდა, მისი მონატრებით დაღლილი წავიდა იმქვეყნად. ალბათ მასთან შეხვედრის მოლოდინის სიხარულმა გაუადვილა წასვლა.

როგორც მამა, საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. უმიზეზო საყვედურები არ სჩვეოდა, თავისი ცხოვრებით იყო მაგალითი ჩვენთვის. როგორი მეგობრობა იცოდა, როგორი სიყვარული, რა თავგანწირვით ემსახურებოდა ქართულ კულტურას, ამას ვხედავდით შვილები.

სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. თინეიჯერობის ასაკში თითქოს გადავიფიქრე, არ დამაძალა, მაცადა. იცოდა, თავად სიმღერა არ მიმატოვებდა და ასეც მოხდა, ვერ გავძელი. როცა ქუთაისში მუშაობდა, მეც წამიყვანა. თავიდან მეხმარებოდა, შემდეგ ლოტბარად დამნიშნა, თავისუფლება მომცა. ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა პასუხისმგებლობა, დამოუკიდებელ მუშაობას მიმაჩვია.

ჩემს დას, ეკას, დედის ნიჭი გამოჰყვა, კარგი მოცეკვავე იყო. ახლა საუკეთესო ქორეოგრაფია, უამრავი თაობის აღმზრდელი და ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. მისი მეუღლე ვანო ჩხაიძეც მამაჩემის გაზრდილია, როგორც მომღერალი. დღეს იგი “ერისიონის” მენეჯერია. ჩემი ძმა დარჩა ჩვენი ოჯახური ტრადიციების მიღმა, მაგრამ მისი ქალიშვილები დგანან ახლოს ხელოვნებასთან.

“ერისიონი” ჩვენთვის უძვირფასესი, შეუფასებელი მემკვიდრეობაა, მასთან ერთად გავიზარდეთ. იქ მამას სული იგრძნობა, მისი ენერგეტიკა ტრიალებს, ამიტომ უფლება არ გვაქვს, ანსამბლის ტრიუმფი არ გაგრძელდეს.

– ბატონ ჯემალს უარმავი სახელმწიფო ჯილდო ჰქონდა, ყველა ხელისუფლების მეთაური იცნობდა, ახლობლობდა მასთან, დაწყებული შევარდნაძი, ბიძინა ივანიშვილით დამთავრებული. თქვენ როგორ გახსოვთ ეს ურთიერთობები?

– მამა არა მარტო თავისი ხელოვნებით იყო ცნობილი, პიროვნულადაც საინტერესო ადამიანი გახლდათ. მისი ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ იყო კერძო ინტერესების მატარებელი, მხოლოდ ანსამბლის მიღწევებისა და კულტურის მსახურებისთვის ესწრაფოდნენ მასთან დაახლოებას.

ერთხელ რომელიღაც საზეიმო თარიღის აღსანიშნავი კონცერტი იყო ღია სივრცეში. ედუარდ შევარდნაძე მოსულა, ერთხანს უსმინა თურმე მრავალხმიან, საოცრად ჰარმონიულად შეხმატკბილებულ სიმღერას, შემდეგ მამაჩემისთვის უთქვამს, ჯემალ, როგორ მინდა, ჩემი გუნდიც ასე ერთობლივად, შეწყობილად მუშაობდესო. მამას გურულად უპასუხია, მე, ვინც არ ვარგოდა, გავყარე ყველა, შენც უნდა გაყაროო. ჯუმბერ პატიაშვილიც მამაჩემის მეგობარი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენჯერმე დამირეკა, თბილად გაიხსენა ჯემალი და მითხრა, ძალიან დამაკლდაო.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობდით ბიძინა ივანიშვილს, თვალითაც არ გვყავდა ნანახი. როცა საფრანგეთში “ერისიონის” კონცერტები იმართებოდა, თურმე ყველა კონცერტს ესწრებოდა. მამას ძალიან კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ბევრჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. მოვიდა, სამძიმარი გამოგვიცხადა, კარგა ხანს დაჰყო და დიდი გულისტკივილი გამოთქვა.

ასევე იხილეთ