“ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა”

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ღმერთის შესახებ წერს და აცხადებს, რომ „თავისი ღმერთი მან იმ ოთახში გაიცნო, სადაც ბებიამისი ლოცულობდა“.

როგორც კეკელიძე განმარტავს, „ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, ბებიამისის სიტყვებში და მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – მან თავისი ღმერთი დაინახა“.

„წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო. რწმენა ხმამაღალი საქმე არ მგონია, ამიტომაც ვლაპარაკობ ცოტას ან საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგრამ კითხვა ისეთი გამოდგა ან ღამე გამოდგა ისეთი, მაინც გადამძალა ფიქრმა და საბოლოოდ ასე ვიფიქრე, რომ მე ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა. ხოლო ბებიაჩემი ლოცულობდა ღამით, ოდნავ ჩაწეულ ლამფასთან ახლოს მიტანილი, შუქისკენ გადახრილი ლოცვანით. ისე მოხრილი, თითქოს სამყაროს ცოდვები აწვა. იმ ოთახში მე და მას გვეძინა. და ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, სიტყვებში, ხან რომ სულაც ჩურჩულად იქცეოდა და ნაწყვეტებად ვიჭერდი – „ზესთა“ „დიდითა წყალობითა შენითა“ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი“ – ვიჭერდი და მაზეპირდებოდა, მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – დავინახე ჩემი ღმერთი. როგორია? რომც გითხრათ, ვერ გაიგებთ. ისევე, როგორც მე თქვენსას. ის შეიძლება ერთია, მაგრამ ყველასთვის სხვანაირი. უსათუოდ.

როცა ბებია იძინებდა, სახეზე ოდნავ, სულ ოდნავ, ფრთხილ ღიმილს ვატყობდი. ბებია დღისით ვერასდროს იცინოდა. და ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, ხის დაღლილ სკამზე იჯდა, სადაც მისი თავშალი, ჭიქა, ჭიქის გვერდით გაწურული ლიმონი, სათვალე, სამი ძველი წიგნი იდო და ყველაფერი ეტეოდა. იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა. და ბებია იღიმოდა. მე ღმერთს ასე ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე. არ ვიცი. მაგრამ თუ შემხვდება, აუცილებლად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან საღამოობით, როცა თვალს დავხუჭავ, სულ იმ ოთახში, ლამფის სუნით გაგუდულ ოთახში ვარ და ბებიაჩემის ბუტბუტი მესმის“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

ასევე იხილეთ