როგორ ტრანსფორმირდა ქუთაისელი გიორგი ულამაზეს ტრანსგენდერ ქალად და ვინ დაუფინანსა მას ძვირად ღირებული პლასტიკური ოპერაციები

25 წლის ტესა რუხაძემ იმისთვის, რომ მისი ვიზუალი და შინაგანი მდგომარეობა ერთმანეთს დამთხვეოდა, ბევრი იბრძოლა. 17 წლის ასაკში ქუთაისიდან დედაქალაქში ჩამოვიდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექვსი ურთულესი ოპერაცია ჩაიტარა. სასწაული ტრანსფორმირება მოახდინა და საკუთარი „მეს“ მტკივნეულ ძიებაში, ადრე გიორგიმ, ახლა კი ულამაზესმა ტრანსგენდერმა ტესამ, ერთ დღესაც ჩაიხედა სარკეში და ნამდვილი ქალი აღმოაჩინა. თუმცა, ქუთაისში დაბადებული გიორგისთვის თბილისში ჩამოსულ ტესამდე გზა საკმაოდ რთული გასავლელი აღმოჩნდა.

ტესა რუხაძე: ადრეულ ასაკში მივხვდი, რომ ჩემ ირგვლივ მყოფ ბიჭებს არ ვგავდი. რასაკვირველია, ვერ ვაანალიზებდი, რა მჭირდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მართალია, ვერ ვხვდებოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, მათ არ ვგავდი. ბაღის ასაკიდან მომწონდა მაკიაჟი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ლამაზი კაბების ჩაცმა.

– რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს ამ ყველაფერზე?

– სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ამბობდნენ, უბრალოდ, ბავშვია და ასეთი რაღაცები მოსწონსო. მამა კი ხშირად მეუბნებოდა: ნამდვილი ქალოია ხარო, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ამით, უბრალოდ, მაბულინგებდა. სხვათა შორის, მამის მხრიდან და-ძმა მყავს და ჩემი და ამ ყველაფერს აპროტესტებდა, ხანდახან მსჯიდა კიდეც, მაგალითად, როცა მის ფეხსაცმელს ან სამოსს ვიცვამდი. თუმცა, ძმა ყოველთვის გვერდით მედგა და მიცავდა. ტრანსგენდერ ქალებზე წარმოდგენა არ მქონდა და ტელევიზორში ვნახე კესარია. მაშინ 12 წლის ვიყავი და თავიდან ვერ გავაანალიზე, თუმცა ამის მერე, დავიწყე ძიება ინტერნეტში და გავერკვიე. ბავშვობაში მეგონა, ეს შეუძლებელი იყო და ჯადოქრის ჯოხი მჭირდებოდა, ახლა ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია და მთავარია მონდომება.

– როგორი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან მას შემდეგ, რაც ტრანსფორმირდი და გიორგიდან ულამაზესი ტრანსგენდერი ქალი გახდი?

– დედასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე დედა მუდამ გვერდით მიდგას. უდიდესი ძალა და სტიმულია ჩემი ცხოვრების. რაც უნდა მოხდეს ჩემს თავს, ვიცი, ჩემ უკან, დედის სახით, ძალიან ძლიერი საყრდენი მყავს. ძალიან ძლიერი ქალია. რაც შეეხება მამას, მასთან ურთიერთობა არ მაქვს. ის, უბრალოდ, არ არის ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, თუ მამას არ ჩავთვლით, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მქონია ის მომენტი, ჩემი ტრანსფორმაციის შემდეგ ვინმეს ზურგი ექცია. სხვათა შორის, როცა დედას ვუთხარი, რომ არ ვიყავი ბიჭი და ვიყავი გოგო, ნერვიულობისა და სტრესის ნიადაგზე სიმსივნე განუვითარდა. იმკურნალა, დაამარცხა და საბედნიეროდ, ახლა კარგადაა. ქუთაისში ყველაზე ცნობილი „ბუტიკების“ მფლობელია და ყველა პატივს სცემს. სამწუხაროდ, ჩემთან ერთად მოუწია იმ რთული გზის გავლა, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო და არასოდეს მივუტოვებივარ.

– ტესა, ერთ წელში ექვსი ურთულესი ოპერაცია ჩაიტარე და უმძიმესი სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარე. გარდა იმისა, რომ ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა.

– დიახ, ასეა. ძალიან რთული ოპერაციების ერთდროულად ჩატარება დამჭირდა და საკმაოდ სოლიდური თანხაც დაჯდა, რაც ერთ-ერთმა გავლენიანმა და მდიდარმა ადამიანმა დამიფინანსა, რომელიც ჩემზე იყო შეყვარებული. ბევრი რამ გამიკეთა ცხოვრებაში ამ ადამიანმა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა, გარკვეული მიზეზის გამო, აღარ გაგრძელდა. მოკლედ, სულ თავიდან, როცა გიორგი ვიყავი, ორჯერ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია. საკმაოდ დიდი ცხვირი მქონდა, პირველმა ორმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა, პრობლემებიც მქონდა, ხრტილის გადანერგვა დამჭირდა. მოკლედ, ორჯერ ცხვირის ოპერაცია გიორგიმ გავიკეთე და მესამე ოპერაცია, სხვა ურთულეს ოპერაციებთან ერთად, უკვე ტესამ ჩავიტარე. ასევე, სამჯერ დამჭირდა მკერდის გაკეთებაც. სახეზე, ყბების და ნიკაპის მოჭრაც დამჭირდა – ყბები და ნიკაპი დამახერხეს და სახე უკან ამაკერეს. მოკლედ, ცხვირი, მკერდი და სახის ოვალი, ერთდროულად გავიკეთე ერთ ოპერაციაში. საკმაოდ რთული და მტკივნეული იყო რეაბილიტაციის პერიოდი. იმდენად მტკივნეული, რომ სიკვდილს ვნატრობდი, ახლა კი შედეგი ძალიან მომწონს. ამის მერე კი გვერდების გამოსაკვეთად ბოდი ფილერებიც გავიკეთე. იმპლანტითაც კეთდება, მაგრამ ფილერით მერჩივნა. სხვათა შორის, ოპერაციის მერე, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მედგა და მამხნევებდა.

– ანუ, მანამდე გყავდა საყვარელი ადამიანი, სანამ ოპერაციებს ჩაიტარებდი?

– დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი დიდი სიყვარული და ბედის ირონია ისაა, რომ ოპერაციის დროს გვერდით მედგა, სარეაბილიტაციო რთული პერიოდი ჩემთან ერთად გაიარა და ამის მერე მიმატოვა. ზუსტად ერთი წლის წინ გავიცანი ის ბიჭი. თავიდან მის მიმართ ინტერესი არ მქონდა, თუმცა, მერე დავახლოვდით და ძალიან შემიყვარდა. როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, გვერდიდან არ მომცილებია, ტკივილი მან გადამატანინა, ჩამოვეყრდენი და ამის მერე წავიდა.

– რატომ მიგატოვა?

– ოპერაციის მერე სახეგასიებული და თვალებდასიებული ვიყავი, ადამიანს არ ვგავდი. სახვევი რომ მოვიხსენი, პირდაპირ მითხრა: მე ისეთი უფრო მომწონდიო. დამოკიდებულება შეიცვალა და მეც კომპლექსი გამიჩინა: იქნებ, მართლა დავმახინჯდი და ასე უნდა დავრჩე-მეთქი. ზუსტად ამ პერიოდში დავიწყე ჰორმონების დალევა, გავხდი სასწაულად ემოციური და იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ადრე მიყვარდა. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა, ჩავიკეტე, არ ვჭამდი, შიმშილით გულიც წამსვლია. არ დამავიწყდება, ახალ წელს გავემზადე, დავანთე სანთლები, გავშალე მაგიდა, მას ველოდებოდი და დამირეკა და მითხრა: მე არ მოვალო. ნარკოზები, ჰორმონები, სიყვარული… გადამეჭედა და სუიციდის მცდელობაც კი მქონდა. ახლა ზუსტად ვიცი, არ შეიძლება ასე ადამიანის შეყვარება. მალავდა ჩემთან ურთიერთობას და თან ასაკით ჩემზე პატარაც იყო. ახლა მასთან კონტაქტი აღარ მაქვს, დავჭკვიანდი და ჩემი თავი ყველაზე მეტად მიყვარს. იმ პერიოდში ვბრაზობდი, ახლა კი ნამდვილად აღარ მაქვს ბრაზი გულში.

– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში ნარკოტიკიც იყო. და როგორც პირად საუბარში თავად აღნიშნე, ის პერიოდი შენი ცხოვრების ყველაზე დიდი და შავი ლაქაა, რომელზედაც ფიქრი და საუბარიც კი არ გინდა.

– ზუსტად ასეა. მეგობარმა, მოტყუებით გამიკეთა ნარკოტიკი. მანამდე ქუთაისიდან ვიცნობდი ამ ადამიანს. კლუბში დავლიეთ, მერე ჩემთან წავედით სახლში. შემომთავაზა ნარკოტიკი, მაგრამ ვიუარე. გადამეკიდა და იმდენად დამარწმუნა, მომაწევინა და მერე „გამაყნოსინა“. იმდენად მომეწონა, მე თავად ვთხოვდი. მერე მითხრა, ახლა თვალები დახუჭე, მუსიკას ჩავრთავ, ღრმად ისუნთქე და ძალიან „გაგისწორდებაო…“ და, ვიგრძენი, რაღაც დამარჭო ბეჭში. ამ ფაქტის შემდეგ მქონდა მოთხოვნილება და გავხდი ნარკოდამოკიდებული. შემდეგ დაიწყო დეპრესიები, სახლიდან ყველაფრის გაყიდვები, ნივთების დალომბარდება, საშინელი პერიოდი. აქაც დედა დამეხმარა. ჩამოვიდა, არაადამიანურ მდგომარეობაში რომ დავხვდი, ქუთაისში წამიყვანა და თვე-ნახევარი სახლიდან არ გამოვდიოდი. ვერ ვიაზრებდი, რა დღეში ჩავვარდი. ამის შემდეგ ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ 21 წლის ასაკში ისევ მოსაწევით დავიწყე და ბევრნაირი კლუბური ნარკოტიკიც გავსინჯე. დიდი ხანი ვიმკურნალე, დამჭირდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მქონდა პანიკური შიშები, პანიკები, პარანოიები, გარშემო ყველა მტერი მეგონა. ნარკოტიკმა ფსიქიკა დამირღვია და მისი ზედოზირებით კლინიკაშიც არაერთხელ მოვხვდი. სარკეში რომ ჩავიხედე, ადამიანს არ ვგავდი. საბედნიეროდ, ვიმკურნალე, თავი ხელში ავიყვანე და თავი დავაღწიე.

– საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხარ და მიხარია, რომ ნარკოდამოკიდებულება დაძლიე. როგორც ვიცი, ახლა სქესის გადაკეთების ოპერაციასაც გეგმავ. რომ ამბობენ, სქესის შეცვლის დროს სიცოცხლე მოკლდებაო?

– დიახ, უახლოეს მომავალში ვგეგმავ სქესის შეცვლის ოპერაციას და ამის გამო წელიწადი და ორი თვეა, საკმაოდ ძლიერი ჰორმონების დალევა მიწევს – ტესტოსტერონის დამქვეითებელს და ქალის ჰორმონის ამწევს. თავიდან ემოციურად იმდენად რთული იყო ამ ჰორმონების დალევა, ბალიშში თავს ჩავრგავდი და ბოლო ხმაზე ვტიროდი, სხვანაირად ვერ ვიცლებოდი. ძალიან შევიცვალე, უფრო ემოციური გავხდი. თან, ბავშვობიდან ემოციური ადამიანი ვარ, ჰორმინები ათჯერ მეტად ემოციურს გხდის და ამის გამო ანტიდეპრესანტებიც დამჭირდა. ორ-სამ თვეში უკვე შემეძლება ოპერაციის გაკეთება. რომ ამბობენ: სქესის შეცვლის მერე, სიცოცხლე ნახევრდებაო, ტყუილია და მითი. ასე მითხრა ჩემმა ექიმმა, საშა კალანტაროვმა და მას ვუჯერებ (იცინის).

ასევე იხილეთ