“ახლა ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ისევ ლევანს ავირჩევდი ჩემს მეუღლედ”

მუსიკისა და დრამის, ახლა უკვე ახალი თეატრის მსახიობ ნინო გომართელს სამუდამოდ დაამახსოვრდა სტუდენტური სპექტაკლის დროს ნათქვამი დიდი მაესტროს, მიხეილ თუმანიშვილის, სიტყვები: ,,გახსოვდეთ, როლი ყოველთვის კარგი განწყობით უნდა აკეთოთ, ასე სპექტაკლიც საუკეთესო გამოვა”. დღესაც ამ სიტყვებით ხელმძღვანელობს, თეატრის კართან ტოვებს სახლის ამბებს, საკუთარ განცდებს, ემოციებს და მხოლოდ დადებითი განწყობით იწყებს მორიგ როლზე მუშაობას.

საოცრად ნაყოფიერი იყო განვლილი წლები, არაერთი წარმატებით შესრულებული როლი, გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში, მაყურებლის აღფრთოვანებული რეაქცია და მადლიერების ტაში – ყველაზე დიდი ჯილდო მსახიობისთვის, რომელიც უსაზღვროდ არის შეყვარებული თავის პროფესიაზე და უზომოდ ბედნიერია, რომ ზუსტად იმ ჯადოსნურ სამყაროშია, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.

განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებაზე, სიყვარულზე, პროფესიის შუქ-ჩრდილებზე მსახიობი ნინო გომართელი ჟურნალ “სარკესთან” ყვება.

– თეატრალური ინსტიტუტის შემდეგ როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

– მთელი ჯგუფი მარჯანიშვილის თეატრში მიგვიღეს. ეს ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ერთად ვიყავით ისინი, ვინც ხუთი წელი ერთმანეთს შევეზარდეთ, თან სად – სახელგანთქმულ საოცნებო მარჯანიშვილის თეატრში! როგორც დამწყები მსახიობი, საკმაოდ კარგად მივდიოდი, შემდეგ თეატრიდან გამომიშვეს, ასე ვთქვათ, შემცირებაში მოვყევი. არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი, რადგან ის ქალბატონი, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი როლი ითამაშა, ცოცხალი არ არის და ჩემგან ეს ეთიკური არ იქნება.

შემდეგ დროებით უმუშევარი ვიყავი, ამ პერიოდში გავთხოვდი, შემეძინა ქალიშვილი, თუმცა პროფესიულად აქტიური მაინც ვიყავი, სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი, როგორც მიწვეული მსახიობი. როცა დავით დოიაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრს ჩაუდგა სათავეში, წამიყვანა თეატრში და დღემდე იქ ვმუშაობ.

დღეს მადლობელი ვარ იმ ქალბატონის, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრიდან გამომიშვა. რომ არა ეს შემთხვევა, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ჩემი თავი ვიპოვე პროფესიაში, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

– თქვენი მეუღლე, ცნობილი მხატვარი ლევან ჭიჭინაძე, ასევე ცნობილი პოეტის და მსახიობის, გივი ჭიჭინაძის შვილია. როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი და ოჯახური ცხოვრება?

– დიახ, ბატონი გივი საოცრად თბილი, იშვიათად კეთილშობილი, დახვეწილი ადამიანი ბრძანდებოდა. ჩემი და ლევანის შეუღლება დიდი სიყვარულის შედეგი იყო, უბედნიერესი წლები გავატარეთ ერთად. გვყავს ერთი ქალიშვილი, ლიზა, რომელიც ჟურნალისტია, გათხოვილია. ფანტასტიკური სიძე მყავს. ერთი წლის არის ჩემი შვილიშვილი კირა, რომელმაც ცხოვრება გამიფერადა.

მე და ჩემი მეუღლე ახლა ერთად არ ვცხოვრობთ. ამას მე დაცილებას ვერ დავარქმევ, უფრო დროებით ცალ-ცალკე ცხოვრებაა. არის ორი ადამიანის ურთიერთობაში ისეთი მომენტი, როცა განცალკევებაც საჭირო ხდება. ის საუკეთესო ადამიანია, კარგი მხატვარი, ჩემი შვილის მამა, ჩემთვის ყველაზე ახლობელი და პატივსაცემი. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ მას ავირჩევდი ცხოვრების თანამგზავრად.

– მსახიობი ქალი და ასაკი. რა განცდაა, როცა წლები გემატებათ?

– მხოლოდ მსახიობი – არა, წლების მატებას ყველა ქალი თავისებურად განიცდის და ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა მოუაროს თავს.  მთავარი მაინც შინაგანი მდგომარეობაა და შენი დამოკიდებულება, სწორად მომართო შენი თავი ასაკთან შესახვედრად.

მე მომწონს ჩემი ასაკი, ასე მომწონდა, როცა გავხდი 40 წლის, მაშინ ვფიქრობდი, 50 წლის რომ გავხდები, ალბათ კრიტიკული დამოკიდებულება მექნება-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, 50 წელიც ძალიან მომეწონა.

წლების წინ ამერიკაში ვიყავი. ძალიან ცნობილმა ფოტოგრაფმა ედრიენ ბუკმასტერმა, რომელიც ჩემი მეგობრისგან, დიზაინერ იური შუღლაძისგან გავიცანი, ჩამიტარა ფოტოსესია და სურათები შემდეგ ამერიკულ და ბრიტანულ ჟურნალებში გამოქვეყნდა.

საუბრის დროს ედრიენმა მითხრა, თქვენ ჩვენგან, ამერიკელებისგან, თუნდაც ევროპელებისგან განსხვავებით, არასწორად უყურებთ ასაკს. ასაკის მატებასთან ერთად მოდის ბევრი რამის ცოდნა, შეგიძლია რჩევის მიცემა, შეგიძლია დატკბე დასვენებით, ფეხზე მყარად დგახარ, არ ყანყალებ, არ იღებ შოკს სხვა ადამიანების საქციელისგან, იცი ავისა და კარგის გარჩევა, წარმატების გემოც იცი, მარცხი და წარუმატებლობაც გავლილი გაქვსო.

მაშინ მივხვდი, რომ ცნება ,,ასაკი” მართლაც არ არსებობს, ცხოვრების მეორე ნახევარშიც შეგიძლია იყო საინტერესო, მომხიბლავი, საქმიანი, საჭირო, ჭკუის საკითხავი, საყვარელი, სასურველი.

ასევე იხილეთ