“ხშირად მეუბნებიან, რატომ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში, ეს ხომ ადამიანურ ძალებს აღემატებაო, მაგრამ მე ხომ მის სიცოცხლეს ვდარაჯობ”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, გერმანიაში მკურნალობის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატახტარის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება მეუღლესთან, ანა ჯაბაურთან ერთად, რომელიც მძიმე ინციდენტის პირველი წუთებიდან იბრძვის ცოტნეს გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისთვის.

– სამ წელზე მეტი გავიდა, რაც ცოტნე დაჭრეს, მას შემდეგ თქვენ ფეხი არ მოგიცვლიათ მისი სასთუმლიდან, ძალიან მძიმე ტვირთი დაგაკისრათ უფალმა. როგორ უძლებთ,ძალას რა გაძლევთ?

– სხვანაირად როგორ შეიძლება?! ჩემი საყვარელი ადამიანი განსაცდელშია, განსაცდელში მყოფს უცხოსაც ვერ მივატოვებ, არამცთუ ცოტნეს. ყველაზე მეტად რაც მაძლევს ძალას, ეს არის განუზომელი, დაუძლეველი სიბრალული.

ახლობლები მეუბნებიან, რომ არ ვიხმარო ეს სიტყვა, მაგრამ მე ზუსტად ეს სიტყვა მიმაჩნია სწორ ფორმულირებად. როგორ შეიძლება არ მებრალებოდეს ცოტნე, როცა ვიცი, როგორი იყო ის ჯანმრთელი, სიცოცხლის მოყვარული, თავის ქვეყანაზე, თავის უბანზე, თავის მშობლიურ სახლზე უზომოდ შეყვარებული, ყველა გაჭირვებულის დამხმარე, საოცრად განათლებული და მე მებრალება ჩემი სიყვარული, კაცი, რომელთან ერთადაც ბედნიერი დღეები გავატარე.

არაფრის გამო დაუმსახურებლად ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. სიყვარული აძლიერებს სიბრალულს და სიბრალული – სიყვარულს. ჩვენ გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთზე.

– თქვენ დაუბრუნდით სამსახურს და გარკვეული დროით ცოტნეს დატოვება გიხდებათ. ვიცი, რომ მას ძალიან უჭირს თქვენ გარეშე ყოფნა. როგორ ამშვიდებთ, როცა სამსახურში მიდიხართ?

– იცით, როგორი დანაშაულის გრძნობა მაქვს, როცა სამსახურში მივდივარ? გაუსაძლისი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაო, ისევ და ისევ ცოტნესთვის.

მას ყოველდღიურად რამდენიმე სამედიცინო პროცედურა უტარდება, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება. მე ვეუბნები, შენ ახლა მიდიხარ პროცედურებზე, მე – სამსახურში. როცა ვარჯიშები და სხვა პროცედურები დამთავრდება, ამ დროისთვის მეც დავბრუნდები-მეთქი და მას ეს ესმის.

– ნამდვილად არ ვიცი, რამ შეიძლება გადაწონოს ეს სიკეთე, სიყვარული, მადლი, რასაც თქვენ აფრქვევთ ცოტნეს.

– კარგი სიტყვა მოძებნეთ – მადლი. ხშირად მეუბნებიან ახლობლები, მეგობრები, რატომ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში, ეს ხომ ადამიანურ ძალებს აღემატება, შეგეძლო კარგად, ბედნიერად, მშვიდად გეცხოვრაო. მე კი ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მადლი ამქვეყნად, რა უნდა გავაკეთო ამაზე უკეთესი, მე ხომ საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს ვდარაჯობ.

-ცოტნე ხომ ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეა, ვისაც ეკუთვნოდა კოლხური კოშკი?

– დიახ, არსებობს 1988 წელს ზვიად გამსახურდიას შედგენილი ანდერძი, დამოწებული ნოტარიულად, ყველა წესის დაცვით, რომ ბატონი ზვიადის მთელი ქონება, უძრავი და მოძრავი, მათ შორის – კოლხური კოშკი ეკუთვნის მხოლოდ ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს, მაგრამ, როგორც გითხარით, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ქალბატონი, რომელსაც მე არ ვახსენებ. საზოგადოება კარგა ხანია საქმის კურსშია ამ უპრეცედენტო დავის შესახებ.

– გიორგი გამსახურდიას მხრიდან ითქვა, რომ კოლხურ კოშკში უნდა გახსნილიყო მუზეუმი.

– დიახ. არა მარტო გიორგის და კონსტანტინეს სურვილია ეს, არამედ ბატონ ზვიადსაც უნდოდა, რომ კოშკი საბოლოოდ სახელმწიფო მუზეუმად გადაქცეულიყო. ახლაც ძალაში რჩება ეს საკითხი, ოღონდ ისევ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ.

ცოტნეს სიგიჟემდე უყვარს თავისი მამაპაპეული კოლხური კოშკი. უამრავი ხეხილი აქვს ჩაყრილი, რგავდა ყვავილებს, უვლიდა, ალამაზებდა, წურავდა ღვინოს, ასევე უყვარდა თავისი უბანი, უბნელები. არ არჩევდა რანგის და სტატუსის მიხედვით ადამიანებს, მისთვის ყველა ძვირფასი იყო, ეროვნების, ასაკის და ქონების მიუხედავად. ვისაც უნდა ჰკითხოთ უბანში, მოგიყვებიან ცოტნესთან მეგობრობაზე, მის უანგარო ურთიერთობაზე, დახმარებაზე. როგორ შეიძლება მათ შეეზღუდოთ მშობლიურ კედლებში დაბრუნება?!

მე, გიორგის, კონსტანტინეს და ყველა ახლობელს გვჯერა, რომ ცოტნეს გამოჯანმრთელება სახლში დაბრუნების შემდეგ ნახტომისებურად წაიწევს წინ და მალე ფეხზე დადგება. მთავარია, რამდენიმე თვე კიდევ გავძლოთ, სანამ საბოლოო განაჩენი იქნება.

– ცოტნეს რეაბილიტაციას კვლავ “ქართუ ფონდი” აფინანსებს?

– პირველი დღიდან გერმანიაში მკურნალობის დასრულებამდე “ქართუ ფონდი” აფინანსებდა. ამჯერად კი მთავრობა გვაფინანსებს. სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნა, ჩვენი კვება და აუცილებელი პროცედურები ფინანსდება. ხშირად კითხულობს პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

რაც შეეხება მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, დამატებით სამედიცინო მომსახურებას, ამას მთლიანად ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ, გიორგი გამსახურდია და მე. ზუსტად ამიტომ გითხარით, ჩემი გასვლა სამსახურში სასიცოცხლოდ აუცილებელია-მეთქი, რადგან უამრავი ფული სჭირდება ამ ყველაფერს.

– ცოტნეს ჰქონდა თავისი საქველმოქმედო ფონდი, საიდანაც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. ამ ფონდში არ იყო თანხა, რაც გამოგადგებოდათ მისი მკურნალობისთვის?

– ცოტნეს ნამდვილად ჰქონდა ფონდი, სადაც ფულს თავად რიცხავდა და ზოგიერთი მეგობარიც ეხმარებოდა. მე ვარ მომსწრე, რამდენი გაჭირვებული ადამიანის შემწე ყოფილა. როგორც კი ფული შემოუვიდოდა, მას ჰქონდა თავისი პატარა ბიზნესი, მომცემდა ნაწილს, გადადებდა კომუნალური გადასახადისთვის, საკვებისთვის, დანარჩენს მთლიანად სხვებს ახმარდა.

ერთხელ ვუთხარი, ასე ბოლომდე რომ გასცემ, ცოტა რომ მომავლისთვის გადადო, ხომ შეიძლება-მეთქი. მიპასუხა, ნუ გეშინია, ანა, ცალკე ანგარიში მაქვს, სადაც 100 ათასი დოლარი მიდევს, ასე რომ, ჩვენ არ გაგვიჭირდებაო. როცა ეს ამბავი შეგვემთხვა და ყველა რესურსი ამოგვეწურა, გიორგის ვუთხარი, ცოტნეს ანგარიშზე ფული აქვს, გამოიტანეთ, ისევ მას სჭირდება-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არც ერთ ანგარიშზე თეთრიც არ ჰქონდა, ანუ მე მამშვიდებდა, რომ სიკეთე ეკეთებინა.

– გამძლეობას გისურვებთ და სანუკვარი სურვილის შესრულებას. მალე იხილოს საქართველომ ჯანმრთელი, ფეხზე მდგომი ცოტნე.

– დიდი მადლობა.

ასევე იხილეთ