როგორ ემზადება გია ჯაჯანიძე კოსმიურ დასთან ერთად ადამიანების მიწიერი ჯოჯოხეთისგან გასათავისუფლებლად

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძის ცხოვრებაში ბევრი არაორდინარული ამბავი მომხდარა, მაგრამ ის ისტორია, რაც ცოტა ხნის წინ გადახდა თავს, მართლაც განსაკუთრებულია. გია ჯაჯანიძემ კოსმიური და იპოვა, რომელსაც ის წინა ცხოვრებიდან ელოდა. ვინ არის მორგან სი სამაია და რა მისიას აკისრებს ის გია ჯაჯანიძეს ადამიანების გადასარჩენად, ამას თავად ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

გია ჯაჯანიძე: სამაია ჩემი კოსმიური დაა. ჩვენი შეხვედრა ნამდვილად არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებია, ყოველღამე ოთხიდან ხუთ საათამდე მეღვიძება, სწორედ ამ პერიოდში ჩემთან კოსმოსიდან მოდის ამოუცნობი ძალა, რომელიც მაღვიძებს. ის მაძლევს ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე, რაზეც სტატუსების ფორმით ჩემი პირადი გვერდისთვის ვწერ. ასე მოხდა იმ უცნაურ ღამესაც – ზუგდიდში გადაღებაზე ვიყავი. გამეღვიძა ღამის ოთხ საათზე, თემა მომეცა – ლოდინი, რაც მერე მივხვდი, რომ არ იყო შემთხვევითი. მე მიყვარს ლოდინი. როდესაც ელოდები და არ ჩქარობ, ყველაფერი ზუსტად გამოდის ცხოვრებაში – თუ ლოდინის ფენომენს შეეგუები, შეცდომებს არ უშვებ. მოვემზადე ამ თემაზე საწერად, მაგრამ რატომღაც გავხსენი „ტიკ-ტოკი“, სადაც პირდაპირ გადავაწყდი ვიდეოს, რომელშიც ჩემთვის უცნობი ადამიანი ითხოვდა დახმარებას ჩემი მოძებნისთვის – ვეძებ გია ჯაჯანიძეს, ასე იწყებდა საუბარს ადამიანი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. გავოგნდი. როგორც კი გათენდა, მისი ძებნა დავიწყე.

მორგან სი სამაია: რამდენიმე წელია, ამერიკაში ვცხოვრობ, გია ჯაჯანიძის შესახებ იქ მცხოვრები ქართველებისგან ბევრი რამ გამეგონა. ვიცოდი, რომ გია არის ფერადი, ნათელი, ლაღი, ბედნიერი ადამიანი, მაგრამ ჩვენი გადაკვეთა რატომღაც ვერ მოხდა. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ დღეს ვცხოვრობ მარტო, არ მაქვს კავშირი ჩემს წარსულთან და ამ მარტოობაში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა გია. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ივსება ასეთი სათნო ადამიანებით.

– მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

– ბავშვობიდან მქონდა გრძნობა, რომ დაბადებული ვიყავი სერიოზული მისიისთვის. როდესაც მესმოდა საუბრები წმინდა ნინოზე, ღვთისმშობელზე, ისეთ აღმაფრენას ვხედავდი ადამიანებში, გულში ვფიქრობდი: რომ გავიზრდები, წმინდა ნინო უნდა ვიყო-მეთქი. მქონდა ძალიან მაღალი სასულიერო ფასეულობები. პოსტსაბჭოთა რეჟიმი არ მაძლევდა ამ მხრივ განვითარების საშუალებას, თუმცა ჩემში ყველაფერი მოდიოდა იმ მაღალი სულიერებიდან, რითაც დავიბადე. დედამიწა, როგორც სულიერებაშია, ასევე ჩემთვისაც იყო გეტო, რომლის ბინადარი ვიყავი 27 წელი. ეს იყო დიდი ტანჯვა. მე მოვახერხე თავი დამეღწია ამ გეტოსთვის, რაც არ იყო იოლი. ზოგჯერ სამყარო ჩვენგან ითხოვს თავდადებას და თავის მიძღვნას ჭეშმარიტებისთვის. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრის დათმობა მომიწია – ეს იყო ქორწინება, ქონება, ფული, ნიუ-იორკში მოპოვებული სტატუსი, ურთიერთობა საკუთარ შვილთან.

ვფიქრობ, რომ მე და ჩემნაირი ადამიანები ვართ სასულიერო ასისტენტები, მოვლენილი დედამიწაზე იმისთვის, რომ, როდესაც მოხდება მსოფლიოს ახალი მოწყობა, რასაც ადამიანები „მეორედ მოსვლას“ უწოდებენ და რაც რეალურად დედამიწის ახალი სტრუქტურის შექმნაა, ეს პროცესი მოხდეს სულიერებასა და ბუნებასთან სიახლოვის ინტეგრაციით. ის ტექნოლოგიური მომავალი და რობოტიზაცია, რაც გველის მომდევნო 30 წლის განმავლობაში, საფრთხეს უქმნის სულიერებას, რაც არ უნდა დაიკარგოს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მეორედ მოსვლა შემდეგი 30 წლის განმავლობაში მოხდება?

– მეორედ მოსვლა არ არსებობს, ეს შესაძლოა, მეასედ მოსვლაა. კოსმოსი მუდმივად ტრიალებს, ბრუნავს. სწორედ ასე ტრიალებს სამყაროც. ამ პროცესს მეორედ მოსვლას უწოდებენ იმის გამო, რომ რელიგიურად ასეა ჩანერგილი – ისევ უნდა დაიბადოს იესო, ოღონდ მისი ანტივერსია. მსოფლიოს ახალი მოწყობა უფრო პოლიტიკურ ფაქტორზეა დაფუძნებული და არა რელიგიურზე.

წლების წინ ამერიკაში წავედი კარიერის საძიებლად, მაგრამ იქ მოხდა ჩემი სულიერი გამოღვიძება. ჩემში დაიწყო უზარმაზარი ინფორმაციის შემოსვლა – ეს იყო ეზოთერიკა, სხვადასხვა რელიგია, კულტები, ჩაკრები. ერთბაშად ყველაფერი შემეხო. მე მაქვს წინასწარმეტყველების უნარი, თუმცა ვერიდები ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს. ამერიკაში დნმ -ის რამდენიმე ანალიზი გავიკეთე, აღმოჩნდა, რომ 97% -ით ვარ კავკასიის მთებიდან, ალბათ, ამიტომაც მაქვს განსაკუთრებული მიზიდულობა სვანეთის მიმართ.

– თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუს მოვუსმინე, სადაც ამბობთ, რომ თქვენში თითქოს ქალღმერთი დალი ჩასახლდა.

– ერთი წლის წინ ორეგონში ჩავედი, ვფიქრობდი, შევერთებოდი ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებს. გავიარე ინტერვიუ, ტესტირება და აღმოვჩნდი დილემის წინაშე, დავრჩენილიყავი ორეგონში თუ არა. ზუსტად იმ დღეებში, ერთ-ერთი გადატვირთვის დროს, მოვიდა გრძელი ციური არსება, ცისფერი თვალებით. ეს იყო ზეარსება, ძალიან მაღალი ვიბრაციით. მას ჰქონდა მესიჯი, რომელიც უნდა გაეზიარებინა ჩემთვის. ჯერ მოვიდა ძალიან ახლოს და ამხსნა ყველა ის ბორკილი, რაც ქალებს დაადეს პატრიარქალურ საზოგადოებაში. მან ჯერ ამ ბორკილებისგან გამათავისუფლა, შემდეგ შიგნით, ჩემში შემოვიდა. შემაგრძნობინა, რას ნიშნავს, იყო სრულყოფილად თავისუფალი, ქალღმერთის მაგვარი ქალი, შემდეგ კი შუბლსაწიერით გადამაფრინა კავკასიის მთებზე. ორეგონის შტატში, ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ვიყავი კავკასიის მთებში. როდესაც კავკასიის მთებს გადავუფრინე, მივხვდი, რომ აქ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი.

– გია, რატომ აკავშირებ სამაიას გამოჩენას კოსმიურ ძალებს და მოლოდინს?

გია: ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ადამიანი ვიპოვე, მაგრამ კიდევ ველოდები სხვებსაც. წინა ცხოვრებიდან მე ვიპოვე ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, მამა. სამაია მათ შორისაა, ვისაც ველოდი. მე ვფიქრობ, რომ სამაია ჩემი დაა წინა ცხოვრებიდან. მან გამომიძახა. ჩვენი გადაკვეთა არ იყო შემთხვევითი. როგორც კი მას შევხვდი, ამაში დავრწმუნდი. გავიგე, რომ სამაია ამერიკაში ცხოვრობს და ზუსტად იმ დროს იყო ჩამოსული საქართველოში. რა უცნაურია, წელიწადში რამდენჯერ მიწევს ამერიკაში ჩასვლა, ვიცნობ უამრავ ქართველს, ვინც იქ ცხოვრობს და სამაიას არსად გადავკვეთილვარ. ჩვენი შეხვედრა შედგა სვანეთში. ესეც დაემთხვა. როდესაც სამაიას დავურეკე, ვუთხარი, რომ სვანეთში მივდიოდი გადაღებაზე, ესეც დაემთხვა – ისიც სვანეთში იყო. ჩვენი შეხვედრა უნდა შემდგარიყო ქართულ მიწაზე, ეს იყო კოდირებული, სხვა შემთხვევაში, რატომ ამერიკაში არ გადავეკვეთეთ ერთმანეთს, სადაც წელს 23-ედ ვიყავი?! ჩვენ ერთმანეთი უნდა გვეპოვა ამ ასაკში, ამ პერიოდში და სვანეთში, რომელიც ის ერთადერთი ადგილია, სადაც საოცარი ენერგეტიკაა. იმან, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა სვანეთში, მისტიკური განცდა შესძინა ჩვენს შეხვედრას. ყველაზე მეტად რამაც გაგვაოგნა, არის ერთი ისტორია – წლების წინ მე ვცხოვრობდი ნახალოვკაში ჩემს ნათესავებთან. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი, პირველ სამშობიაროსთან დავინახე, როგორ ადიოდა მამაკაცი სახანძრო მანქანის კიბით სამშობიარო სახლის ფანჯარაზე ახალშობილი გოგონას სანახავად. წარმოიდგინეთ, ეს იყო სამაია. მე ვიგრძენი მისი დაბადება.

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

მორგან სი სამაია: სამომავლო გეგმაში მაქვს ავაშენოთ თავისუფალი, თანამედროვე სასულიერო ადგილი, როგორც არიზონაში, სადაც მსოფლიო თანამედროვე სასულიერო ცენტრია, ასევე აქ, საქართველოშიც, ალბათ ხევსურეთში, საიდანაცაა ჩემი წინაპრების გვარი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება ბოლო პატრიარქი, კავკასიიდან ამერიკაში და ამერიკიდან უკან, წავიღებთ ნამდვილ მოსიყვარულე თვალებს, სინამდვილეს, თამარისეულ, დავითისეულ, შოთასეულ აღმაფრენებს და თითოეული ჩვენგანი შევიგრძნობთ რა პირად ძალას, ვიქნებით ახალი მსოფლიოს აქტიური ნაწილი.

– და რაში ხედავთ ამ ყველაფერში გია ჯაჯანიძის მისიას?

– გია არის ხალხის რჩეული, ხალხში დაბადებული და მათგან წამოსული, ასევე ამ ხალხისგანვე ზემოთ აწეული. რომ დააკვირდეთ გიას თვალებს, მათში ისეთივე შუქია – ხალხისადმი თავის მიძღვნა და თავგანწირვა, იგივე მოთმინება, სიყვარულში გაძლიერება, რაც ახალი მსოფლიოს თითოეულ შემქმნელში იქნება. სულიერებაში, რომელსაც მხოლოდ ღვთაებრივი დრო აქვს, მოთმინება ყველაზე დიდი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა. გიამ თავისი საქმიანობით ფუნდამენტი ჩაუყარა იმ მოთმინებას, რაც მომავალი სამყაროს ადამიანებს სჭირდებათ.

– გია, რა მისია აქვს ამ ადამიანს შენს ცხოვრებაში?

გია: ჩვენ ერთად ძალიან დიდი საქმეები უნდა ვაკეთოთ. გვაერთიანებს ღრმა ფილოსოფიური დამოკიდებულება, რაც არსებობს დედამიწაზე, რამაც ამ აზრის გატარებით უნდა გადაარჩინოს ადამიანები, რომლებიც მიხვდებიან, რომ უნდა იყვნენ უკეთესები. ჩვენ მათ მივცემთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ მიწიერი ჯოჯოხეთისგან. ჩვენ ძალიან დავეხმარებით ქართველებს.

ასევე იხილეთ